Digest Logo

„მისი მუსიკა დნმ-ის დონეზე ეხება თითოეულ ქართველს“ - მეგობრები მამუკა ჩარკვიანს „დაიჯესტთან“ იხსენებენ

1755947515
მამუკა ჩარკვიანი

გენიალური მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 21 აგვისტოს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 24 აგვისტოს დაკრძალავენ. სიმბოლურია, 24 აგვისტოს 70 წლის გახდებოდა. მისი გარდაცვალება თითოეული ქართველისთვის დიდი დანაკლისია, განსაკუთრებით მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის. 

„მშვიდობით, არა ნახვამდის“ – ეს მისი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია, რომელიც გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. ასე იყო ყველა მისი სიმღერა – თითოეული რაღაცის შემდეგ იქმნებოდა. მისი მუსიკა ცხოვრებას მოჰყვებოდა, როგორც ემოციური რეაქცია. არაფერი არ იყო შემთხვევითი. ყოველი ნოტი და ყოველი სიტყვა მის ცხოვრებაში ფესვგადგმული იყო. ამიტომაცაა, რომ მისი სიმღერები ასე ღრმად წვდება ადამიანებს გულში.

როცა ქართული მუსიკა და სიტყვა ერთმანეთს ეძებდნენ, მამუკა ჩარკვიანმა ორივეში პოვა ადგილი, სადაც ერთად შეეძლოთ ცხოვრება - სიმღერაში, რომელიც აზრსაც ატარებდა და გრძნობასაც. მისი ტექსტები, ესაა ქართული გრძნობით ნათქვამი ფილოსოფია. 

„დაიჯესტი“ გენიალური მუსიკოსის რამდენიმე მეგობარს დაუკავშირდა.

„დაიჯესტთან“ საუბარში მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ მამუკა ჩარკვიანი გაიხსენა და მისი მუსიკალური მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მისი მუსიკა დიდი და ძლიერი ქართული სულის მატარებელია და დნმ-ის დონეზე ეხება ყველა ქართველს. სწორედ ეს არის მთავარი ძარღვი მისი შემოქმედების. ბატონი ჯანსულის ლექსი და მისი მუსიკა ერთად დიდი ზემოქმედების მომხდენია - უკვე წლებია, ეს ყველამ გავიაზრეთ. მას მართალი სიტყვა და მართალი მელოდია აქვს. შეიძლება ბევრ სათქმელთან გავაიგივოთ მისი შემოქმედება და ყველა ისეთი სიმღერა, რომელიც თუნდაც შვილებს და ქვეყანას მიუძღვნა“.

როგორც თიკა ფაცაცია ამბობს, მამუკა ჩარკვიანის სიმღერების გამოკვეთა ურთულესია, რადგან ყველა მათგანში საკუთარ თავს ხედავს:

„რომელიმეს გამოკვეთა რთულია - ყველასთან შეგიძლია გააიგივო საკუთარი თავი. ყველა სიმღერა შემიძლია ავიჩემო მისი, მაგრამ მისი შემოქმედება და ნიჭი ჯერ ჩემთვის ბოლომდე აუთვისებელია. ალბათ ყველა შემოქმედების და მუსიკოსის, მარადიული სიცოცხლე მისი სიმღერების მუდმივ აჟღერებაშია, ვფიქრობ ეს იქნება მთავარი მისი სიცოცხლის გაგრძელება, როცა მის სიმღერებს არაერთი თაობა შეასრულებს“.

კომპოზიტორი და პიანისტი დათო ევგენიძე „დაიჯესტთან“ საუბარში მეგობრის შემოქმედებით გზას განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით იხსენებს.

„არიან კომპოზიტორები, რომლებიც რაღაც ჟანრობრივად, რაღაც სტილს მიეკუთვნებიან. მამუკამ კი თავისი ჟანრი შექმნა, რასაც ჰქვია მამუკა ჩარკვიანი. მისი ხელწერა უნიკალურია, არავის ჰგავს, ის სრულიად ცალკე მდგომი მუსიკალური ფენომენია ქართულ სცენაზე“,- ამბობს ევგენიძე.

მისივე თქმით, ჩარკვიანის ყველა სიმღერა გამორჩეულია და პირადულ ემოციებთანაა დაკავშირებული:

„ჩემთვის ყველა მისი სიმღერა განსაკუთრებულია და არაერთ მის სიმღერაზე მაქვს გაკეთებული მიძღვნა. მამუკა იყო უნიჭიერესი ადამიანი და ქართველი კომპოზიტორების სიაში თავისი თავი დაიმკვიდრა, ის იყო ადამიანი, რომელიც არავის არ ჰგავს საერთოდ“.

კითხვაზე, როგორ უნდა გაიხსენოს ჩარკვიანი ახალგაზრდა თაობამ, დათო ევგენიძემ მოკლედ და პირდაპირ გვპასუხობს:

„იგი ყველამ უნდა გაიხსენოს, როგორც ლეგენდა“.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დათო ოქიტაშვილი, რომელსაც მამუკა ჩარკვიანთან და მის ოჯახთანაც მრავალწლიანი მეგობრობდა აკავშირებდა, ჩვენთან საუბარში ემოციურად:

„მისი მთავარი სიძლიერე იყო მისი სიმღერები, რომელიც მალევე ხდებოდა პოპულარული - ეს კი მომღერლის, ლექსის ავტორი და კომპოზიტორის მთავარი ძალაა. მას ჰქონდა ის „ფიშკა“, სცოდნოდა, რა მოსწონდა და უყვარდა მაყურებელს“.

ოქიტაშვილი ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, რომელიც მას ჩარკვიანის ოჯახთან აკავშირებდა:

„მე ბედნიერი ვარ, რომ ვმეგობრობდი მამუკას ოჯახთან. მამუკა ძალიან განიცდიდა თავის ავადმყოფობას. ძალიან რთულია ასეთ ადამიანებზე წარსულში საუბარი. მას არ ვემშვიდობები, მე ვეტყვი: დროებით! რადგან ადრე თუ გვიან ყველანი იქ მოვხვდებით და მე მიხარია, რომ იქ დაგხვდებიან ასეთი ადამიანები“.

„დაიჯესტთან“ მამუკა ჩარკვიანს იხსენებს ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი, მისი თქმით მამუკას ყველა სიმღერა ჰიტია, რომელიც სავსეა ემოციებით.

ბაღაშვილის თქმით, სწორედ ადამიანური სითბო და მუსიკალური თვითმყოფადობა განასხვავებდა ჩარკვიანს სხვა ხელოვანებისგან:

„მამუკა ჩარკვიანი ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როცა პიროვნული თვისებები და შემოქმედებითი ნიჭიერება ერთადაა თავმოყრილი და ორივე ნიშნით ძვირფასია ის საზოგადოებისთვის. მამუკა უყვარდა ყველას, ვინაიდან მისგან მხოლოდ სიკეთე მოდიოდა. ხოლო როგორც მუსიკოსმა, კომპოზიტორმა, შეძლო უმთავრესი რამ, შექმნა სიმღერები, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, უყვარს და მღერის. თანაც შექმნა იმდენად თვითმყოფადი, ყველასგან გამორჩეული და უაღრესად საინტერესო მუსიკალური სტილი, რომ არავისში აგერევა მამუკა ჩარკვიანის მუსიკალური მემკვიდრეობა!.

ფაქტობრივად, ყველა მისი სიმღერა არის ნამდვილი ჰიტი - სრულიად განსხვავებული ემოციური შეფერილობის, რომელშიც შესანიშნავად იკითხება თავად მამუკას ღრმა სულიერება, შინაგანი დახვეწილობა, კეთილშობილება და მდიდარი ემოციური სამყარო. რა ბედნიერებაა, რომ მამუკა მისი შემოქმედების აღიარებასა და ხალხის საყოველთაო სიყვარულს მოესწრო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის. და რა სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ ეს დიდებული კაცი, მთელი საქართველოსთვის საყვარელი მამუკა ჩარკვიანი, ჩვენს გვერდით აღარ არის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მამუკას შემოქმედების ყველა გულშემატკივარსა და მთელ საქართველოს“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა“ - ილია სულამანიძემ რჩეულს ხელი სთხოვა

⭕რა უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობას და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად - ყველაფერი რაც 23 აგვისტოს შესახებ უნდა იცოდეთ

⭕ეს განსაკუთრებული ღამეა - რას მოუტანს 23 აგვისტოს ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებს და რატომ არის ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებული?