Digest Logo

„ნუ შეწირავთ საკუთარ არსს თავსმოხვეულ ილუზიებს“ - მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე შინაგან ომსა და საზოგადოებრივ დოგმებზე

1789978861
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ნამდვილი ბუნების ახშობასა და იმ მენტალურ ჩარჩოებზე საუბრობს, რომლებსაც საზოგადოება და არსებული სისტემა ინდივიდს თავს ახვევს.

მისი თქმით, წლების განმავლობაში დასწავლილი მორალური დოგმები და „სიკეთის“ ილუზია ადამიანის პირველყოფილ, ჯანსაღ ენერგიას კეტავს, რაც საბოლოოდ შინაგან კატასტროფამდე და ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანებამდე მიდის.

„ახლა რასაც დავწერ, ეხება დეტალურად შესწავლილი, კონკრეტული ადამიანის ბუნებას - ინდივიდის, რომელიც გამუდმებით ახშობს საკუთარ თავს, რადგან თავსმოხვეული მენტალური რწმენები არ აძლევს საშუალებას, გამოავლინოს თავისი ნამდვილი სახე. უნდა გავიაზროთ, რომ სწორედ ეს არის სისტემის მთავარი მიზანიც: ყველა იყოს ერთგვაროვანი, პროგნოზირებადი და მარტივად სამართავი.

ამიტომ, დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში გასწავლიდნენ და უბრალოდ გაბედეთ, გახდეთ ის, ვინც რეალურად ხართ.

ცხოვრება შეუბრალებლად გადის და ეს ვითომ კეთილი მორალისტები არაფერს დაგიბრუნებენ უკან - ვერც დაკარგულ დროს და ვერც შეზღუდულ პოტენციალს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში მუდმივად მუშაობს უზარმაზარი, დაუნდობელი ძრავა, წნევა, რომელიც შეუსვენებლად გამოიმუშავებს ექსტრემალურ ადრენალინს და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაწვებათ. უჯრედულ დონეზე სხეული ფიზიკურად იბერება ამ კოლოსალური წნევით.

ერთი მხრივ, შიგნიდან მოდის ველური მოთხოვნილება, რომ იბრძოლო, წინააღმდეგობა გაუწიო და არ დაემორჩილო არანაირ ავტორიტეტს. ამავე წამს, სხეული გაიძულებთ, რომ მოულოდნელად მიატოვოთ ყველაფერი ძველი და რაღაც სრულიად ახალ ციკლში გადაეშვათ.

პარალელურად გაწვებათ მწველი არაამქვეყნიური ენერგია, რომ დაანგრიოთ ის, რაც ყალბია და თქვენი უკომპრომისო წესებით გამოასწოროთ. და ამ ყველაფერთან ერთად, ირთვება პროვოკაციის მწველი სურვილი, რომ ადამიანებს პირდაპირ მიაწვეთ, გამოიწვიოთ ისინი და მათი ნამდვილი, შეულამაზებელი სახე დაინახოთ.

ეს ყველაფერი ხდება ერთდროულად. ეს არის სუფთა, პირველყოფილი სასიცოცხლო ძალა და არსიდან მომავალი ველური ენერგია, რომელსაც უბრალოდ სურს იმოქმედოს, იფეთქოს და ფიზიკურად დაიხარჯოს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. მაგრამ ზუსტად აქ შემოდის სცენაზე ჩვენი “ცივილიზებული“ მოკლე ჭკუა, რომელიც სავსეა ბავშვობიდან ჩატენილი მენტალური ცრუ რწმენებით, და იწყება ყველაზე დამანგრეველი შინაგანი ომი.

ამ დამანგრეველ პროცესში ლომის წილი მიუძღვის ყველას, ვინც ჩვენი მსოფლმხედველობის ფორმირებაში მონაწილეობდა - დაწყებული მშობლებიდან, დამთავრებული სასულიერო პირებითა და საზოგადოებრივი ავტორიტეტებით. ისინი თავადაც იმ ერთი დიდი, თავსმოხვეული და ილუზიური „სიკეთის“ მსხვერპლნი არიან, რომელსაც სისტემა აწარმოებს. კასტრირებული, ბრმა სარწმუნოებებითა და მორალური დოგმებით, მათ შეძლეს ადამიანური ბუნების გამოფიტვა. ისინი უბრალოდ გადასცემენ ამ ვირუსს, რომელმაც მორჩილი და უსაფრთხო ჩარჩოები შექმნა. სწორედ მათი ხმით გველაპარაკება ჩვენი მოკლე ჭკუა, როდესაც საკუთარი არსის გამოვლენას ვცდილობთ.

როდესაც სხეული ითხოვს ბრძოლას და წინააღმდეგობას, მოკლე ჭკუა პანიკაში ვარდება და ჩაგჩიჩინებთ:

„კონფლიქტს უნდა მოერიდო, დამთმობი და ტოლერანტული უნდა იყო, თორემ გაგრიყავენ“.

როდესაც ორგანიზმი ახალი გამოცდილებისკენ მიგიწევთ, რათა დაგროვილი ენერგია დაწვას, მენტალური წესები თითს გიქნევენ:

„დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, სტაბილური უნდა იყო, მიტოვება უპასუხისმგებლობაა“.

როცა ფიზიკურად გრძნობთ სიყალბეს და გინდათ დაანგრიოთ ის, რაც არ მუშაობს, საზოგადოების მორალი გაჩერებთ:

„პოზიტიური უნდა იყო, კრიტიკა და ნგრევა ცუდია“.

ხოლო როდესაც სხეულს სურს პროვოკაციით გამოცადოს გარემო, გონება მყისიერად გბლოკავთ:

„ზრდილობიანი უნდა იყო, სხვებს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნა“. და ა.შ. სისულელეები.

ეს დაზეპირებული სისულელეები, ადამიანის რეალურ ბუნებას კასტრაციას უკეთებს, და პირობითად მგელი ემსგავსება ცხვარს, და ცხვარი მგელზე სანადიროდ იწევს. წარმოიდგინეთ როგორი მარაზმია... ეს არის მენტალური მანიუპულაცია, რაშიც გახვეულია თითქმის ყველა.

შედეგი? აბსოლუტური შინაგანი კატასტროფა, კასტრაცია.

თქვენი ველური, ავტონომიური ენერგია, რომელსაც გარეთ გამოსვლა და მოძრაობა სჭირდება, ვერსად მიდის.

საცოდავი ჭკუა, რომელსაც სჯერა ამ მოგონილი „სიკეთის“ და „სისწორის“, იღებს ამ კოლოსალურ ძალას და უკან, სხეულშივე კეტავს. ძრავა კი მუშაობას არ წყვეტს.

წნევა, რომელსაც ფიზიკური გამოხატულება არ მიეცა, პირდაპირ ურტყამს თქვენს ნერვულ სისტემას და გარდაიქმნება აუტანელ შფოთვად, აგრესიად და უჯრედულ ანთებად. თქვენი ჭკუა ცდილობს გაწვრთნას და მოათვინიეროს ველური ცხოველი, რომელიც გალიაში არასდროს ჩერდებაა... უბრალოდ შეუძლებელია მისი იქ გაჩერება გესმით? რადგან არ არის გალიისთვის შექმნილი არააა.

ამ ილუზიურ მორალსა და წესებს ვწირავთ ჩვენს უნიკალურობას და ვანგრევთ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას, რადგან ვერ ვბედავთ ვაღიაროთ მთავარი სიმართლე: ჩვენი სხეულის არსობრივი სურვილი, იყოს დაუნდობელი, მეამბოხე და პროვოკაციული, ბევრად უფრო ჯანსაღი და ნამდვილია, ვიდრე ნებისმიერი „სწორი“ და დასწავლილი მენტალური კონცეფცია.

ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის ფუნდამენტური ბუნების მარტივი ენით გამოტანა. ახლა წარმოიდგინეთ თუ როგორი მრავალფეროვანია ყველა, და ამ მრავალფეროვნებას გვახევენ, რადგან მერე ვიღაც-ვიღაცეებს ბუდეები აუფეთქდებათ.

უბრალოდ იყავით ის რაც ხართ, სხვა დანარჩენი ერთი დიდი შემოტენილი სიბრიყვეა“,- წერს მეტაფიზიკოსი.