Digest Logo

🎥 ნუცა ბუზალაძე: „საქართველოს გარეშე არ შემიძლია, აქ სიყვარულით ვიმუხტები“ - როგორია მომღერლის დილის რუტინა და ოჯახური იდილია

1776854047
ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გადაცემაში „იმედის დილა“ საკუთარ ყოველდღიურობაზე, ამერიკულ ცხოვრებასა და იმ მეთოდებზე ისაუბრა, რომლებსაც ენერგიის შესანარჩუნებლად იყენებს.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი ყოველი დილა მკაცრად გაწერილი რიტუალით იწყება, რაც ორგანიზმის გამოფხიზლებასა და ტონუსში მოყვანას ემსახურება.

მომღერალმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნისას თავს მეტი განებივრების უფლებას აძლევს, სადაც დედა საუზმეს ხშირად ლოგინში მიართმევს. ნუცას თქმით, მას სამშობლოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და აქ ენერგიით დასატენად ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩამოდის.

ნუცა ბუზალაძე: „დილა აუცილებლად იწყება წყლით, შემდეგ მინერალებით. აუცილებელია დილით პროტეინებით მდიდარი კარგი საუზმე, რადგან მე ყოველდღე ვვარჯიშობ. აუცილებლად ვაჩერებ სახეს ყინულიან წყალში 20 წამის განმავლობაში, შემდეგ უკვე სუნთქვის სავარჯიშოებია და ასე იწყება ჩემი დღე. როცა ამერიკაში ვარ, ჩემი დილა ადრე, 09:00 საათზე იწყება, საქართველოში კი დედაჩემი მანებივრებს - საუზმე და ყავა ლოგინში და ასე შემდეგ. ყოველ სამ თვეში აქ ვარ. საქართველოს გარეშე არ შემიძლია, რადგან უნდა დავიტენო სიყვარულით და დადებითი ემოციით“.

კითხვაზე, კრიტიკაზე, როგორ რეაგირებ? - ნუცა პასუხობს:

ნუცა ბუზალაძე: „ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, თუმცა, ვისგანაც არ მაინტერესებს აზრი, იმაზე არც ყურადღებას ვამახვილებ. არ ვკითხულობ არცერთ კომენტარს. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ არ უნდა წამიკითხონ და არც ჩამიგდონ არანაირი ნეგატივი, ყველა გაფრთხილებული მყავს. სოციალურ მედიაში მყავდა ადამიანები, ვინც ნეგატიური კომენტარების ავტორებს ბლოკავდა.

ახლახან ჩემი გამზრდელი დეიდა გარდაიცვალა და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. ორი წლის ასაკიდან მეუბნებოდა: „შენ ჰოლივუდის ვარსკვლავი ხარო“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

ნუცამ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მეუღლეს საქართველო და ქართული სამზარეულო ძალიან შეუყვარდა:

ნუცა ბუზალაძე: (იცინის) „არც მიცდია მზარეულობა. ჩემს მეუღლეს ყველაზე მეტად ხინკალი მოეწონა. საქართველოში წინა ზაფხულს ვიყავით და ძალიან მოეწონა ხალხი. დაოჯახების შემდეგ, უფრო მეტი ენთუზიაზმით ვმუშაობთ, რადგან ჩემი საქმრო მანამდე ჩემი აგენტი იყო და ვმეგობრობდით კიდეც. საქართველოში და ამერიკაში, ორი ქორწილის გადახდას ვგეგმავ. რადგან აქ, მინდა, ყველა ჩემი ნათესავი და ახლობელმა შეძლოს დასწრება, მთელი ქართული ტრადიციით, რაც გვაქვს“.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: