„მასმედიამ როგორც გამოარკვია, კოკოითის თურმე კაცი არ ჰქვია, დაადგინოს რომ საეჭვო მასტია, კაცია კი არა თურმე ფანდარასტია...“ - დარწმუნებული ვარ, „იუმორინას“ რეკლამა გაგახსენდათ.
ასეც, უნდა იყოს. „იუმორინა“ წარმოუდგენელია კახი კავსაძის, გივი ბერიკაშვილის და მზია კვირიკაშვილის გარეშე.
დიახ, ამ სიცილის დიდ ტრიოს ახლა მომღერალი - მამუკა ონაშვილი დაემატა. წავიდა მათთან, ალბათ, „იქ თეატრიც აქვთ, იუმორინაც და პაროდიის თეატრიც“.
55 წლის ასაკში ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, პოზიტიურმა და თბილმა ადამიანმა - მამუკა ონაშვილმა დაგვტოვა.
წარმოუდგენელია ონაშვილის სიმღერაზე ბავშვობის მოგონებები არ გაგიცოცხლდეს, „იუმორინა“ არ გაგახსენდეს. ჰოდა, ახლა „დაიჯესტი“ ეცდება გაგახსენოთ მომღერლის უცნობი ამბები, რის შესახებაც თავად საუბრობდა, სხვადასხვა მედია საშუალებასთან.
ხატვა
„ხატვის ნიჭი, როგორც დედა და ჩემები მეუბნებიან, ბავშვობიდან მქონდა. თუმცა, მერე დავანებე თავი. იმდროინდელი ნახატებიც არ მაქვს. ოჯახის წევრებს შენახული ჰქონდათ, თუმცა გადაბარგება-გადმობარგების პროცესში დაიკარგა.
პირველად ქაღალდზე ვხატავდი, მერე ტილოზე გადავედი. პრეტენზია არ მაქვს, რომ მხატვარი ვარ, რადგან არ მისწვლია – თვითნასწავლი გახლავართ. მეგობრებმა და მხატვრებმა ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, მითხრეს: მამუკა, შენი ხედვა და შენი ფერები გაქვსო. ამან სტიმული მომცა და უფრო თამამად დავიწყე მუშაობა. თავიდან ამ პროცესს სირთულეები ახლდა, მერე გამიადვილდა და ზეთს და აკრილს შევეჭიდე. რაღაც გავიკითხე, რაღაც ვნახე, რაღაცას დავაკვირდი და მერე ჩემი ხედვაც ჩამომიყალიბდა.
მეკითხებიან ხოლმე, რა ჰქვია კონკრეტულ ნახატსო. არაფერიც არ ჰქვია. ნახატი არის ნახატი. სახელი თავად მნახველმა დაარქვას. შეიძლება, მან სულ სხვა რამ დაინახოს მასში. ჩემი თავიც მაქვს დახატული, თუმცა ეს არ არის პორტრეტი – ცხოვრების მონაკვეთებია აწყობილი, სადაც ჩანს გიტარა, სცენა, მუსიკა, სიყვარული, ქალი, მსახიობობა, კაზინო, ვისკი და ასე შემდეგ.
ჩემი მუზა მე და ღმერთი ვართ – ზემოდან რასაც გამოუშვებს, იმას ვხატავ. ეს გამოშვებული რაღაც შეიძლება ღამე დამეჯახოს, ავდგე და დავიწყო ხატვა. ამ საქმით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო“.
სამშობლოს სიყვარული
„2011 წელს წავედი მოსკოვში, იქ ვმუშაობდი. მერე თურქეთიდან მქონდა მოწვევა, სადაც დაახლოებით სამი წელი დავყავი. ბოლოს ისევ მოსკოვში დავბრუნდი, მაგრამ ნოსტალგიამ ძალიან შემაწუხა, მღრღნიდა და მჭამდა. მშვენივრად ვიყავი, სამსახური მქონდა. არაფერი მაკლდა. ერთ დღეს ვთქვი, არ შემიძლია და აღარ მინდა აქ. სახლი და საქართველო მენატრება, ის რაც არის ჩემი, ჩემი სახლი, ჩემი ლოგინი, ჩემი ოთახი, ჩემი ქალაქი-მეთქი. მოვუხადე ყველას ბოდიში, დაუფიქრებლად ჩავალაგე ბარგი, ჩავჯექი თვითმფრინავში და წამოვედი.
რაც დავბრუნდი, მას შემდეგ, სულ ვფიქრობდი, რაღაც ახალი უნდა დავიწყო, ახალი უნდა გავაკეთო-მეთქი. სრულიად მოულოდნელად ავიღე ფუნჯი და რასაც ახლა ვაკეთებ, არის სიმშვიდე. როცა ვხატავ, „მომსახურების ზონიდან“ გავდივარ. ეს პროცესი მაწყნარებს და მამშვიდებს. როგორც იტყვიან, ჩემთვის „ვკაიფობ“. თუმცა, ეს ნახატები შიშით არის დახატული.
მხატვრებმა იციან ასე თქმა: ნუ გეშინია დახატვის და რამეს გაფუჭებისო. თავიდან რომ დავიწყე, მეშინოდა, რომ არ გამომსვლოდა“.
სიყვარული
ირინა ჩიხლაძე მომღერლის ყოფილი მეუღლე გახლავთ. ალბათ, გახსოვთ, რომ წლების წინ წყვილმა სიმღერა - „უკარება“ ჩაწერა, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოეწონა. მერე ოჯახი დაენგრათ და როგორც ირინა ამბობს, მას მერე ყოფილი მეუღლე ეკრანზეც არ უნახავს. მას „სკაიპის“ მეშვეობით უკავშირდებოდა.
ბაზალეთზე ვისვენებდი. მამუკა იქ მეგობრებთან - ძმებ გვასალიებთან ჩამოვიდა. ამ ბიჭებთან მე და ჩემი დებიც ვმეგობრობდით. მერე ისე მოხდა, რომ თბილისში რაღაც საქმე გამომიჩნდა და სასწრაფოდ უნდა წამოვსულიყავი. მამუკას მაშინ „ვოლგა“ ჰყავდა და შემომთავაზა, მე წაგიყვანო. უარი არ მითქვამს. მას მერე გვერდიდან არ მომშორებია: მეორე დღეს რესტორანში გვაქეიფა მე და ჩემი დები, ლამის ყოველდღე ვარდების დიდი თაიგულით მაკითხავდა და ხან სად მივყავდით, ხან - სად. კარგ დროს ვატარებდით.
როცა მას ვხვდებოდი, ქალაქში კომენდანტის საათი გახლდათ დაწესებული. მამუკამ მალე ჩემი მშობლებიც გაიცნო. მოგეხსენებათ, ძალიან კომუნიკაბელურია, სითბოს ასხივებდა და ყველა ჩაეხუტა. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში შინ მომაკითხა და ჩემს მშობლებს უთხრა: თუ შეიძლება, თქვენს გოგონას წავიყვან, სახლში პატარა სუფრა გვაქვს გაშლილიო. გამიშვეს. სუფრას რომ მივუსხედით, გვადღეგრძელეს და მამუკამ იმ საღამოს თავისთან დამტოვა. მაშინ მე 20-ის, მამუკა - 27 იყო. სხვათა შორის, მაგ პერიოდში არ მღეროდა. მოსკოვიდან ახალი ჩამოსული გახლდათ და ბიზნესმენობდა, რაღაც სერვისცენტრის დირექტორი იყო.
12 წელი ვიყავით ერთად და ჩვენს ურთიერთობაში ბევრი კარგიც იყო და ბევრი ცუდიც... ცოლად ისე გავყევი, ფაქტობრივად, ერთმანეთს არც ვიცნობდით - მხოლოდ ერთი თვე დაგვჭირდა საიმისოდ, რომ თანაცხოვრების გადაწყვეტილება მიგვეღო.
ჩვენს ოჯახში ხმამაღალი ლაპარაკი არ ყოფილა, რაც, ერთი მხრივ, ჩემი დამსახურება იყო, მეორე მხრივ - მამუკასიც. სცენაზე რომ არ ვიდექი, ესეც ალბათ, ჩემი ბრალი იყო - ისე არ „ვაწვებოდი“, როგორც საჭირო იყო, თორემ შესაძლოა, ამის საშუალებაც მომცემოდა. სულ იმას ფიქრობდა, რაღაცნაირად ესიამოვნებინა ჩემთვის და შეიძლება ითქვას, რომ ხელისგულზე მატარებდა... ჩვენი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ შვილი არ გვყავდა, ეს ოჯახის სიმყარისთვის მნიშვნელოვანია.
იყო ლაპარაკი ხელოვნურ განაყოფიერებაზე, მაგრამ მამუკა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო“, - ამბობდა ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ჩიხლაძე.
ოპერაცია
„ოპერაციის არ შემშინებია. მირეკავენ და მეკითხებიან, რა და როგორ მოხდა, ანესთეზია როგორ გადავიტანე. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი და იმედი მაქვს, უკანასკნელი ოპერაცია იქნება. მეც არაფერი ვიცოდი. რაც მთავარია, ოპერაციამ შედეგი გამოიღო. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ასე იყო საჭირო.
რაღაც ზღვარს რომ მიუახლოვდები, მერე ფიქრობ, კარგია ქეიფი და დროსტარება, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული და ფორმაში ჩადგომა ყველაფერს ჯობია“, - იხსენებდა „თბილისელებთან“ საუბრისას ონაშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში - ახალი კადრები
🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?