გამოცემა „ალიას“ ესაუბრება ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ექიმი - ლაშა ქოიავა.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს:
– რა პარალელების გავლება შეიძლება უკრაინის ომსა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომს შორის?
– მხოლოდ ერთადერთი შედარება შემიძლია გავაკეთო. ორივე ომის მონაწილე ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, აფხაზეთისა და ცხინვალის ომშიც გულანთებული ქართველები იბრძოდნენ, ისევე როგორც უკრაინაში იბრძვიან დღეს უკრაინელები. აფხაზეთის ომის დროს ერთმა მებრძოლმა (გვარი არ მახსოვს) მანქანა გაყიდა და იარაღი და საჭირო ნივთები უყიდა თანამებრძოლებს. აი, ასეთ პირობებში იბრძოდა საკუთარი ქვეყნის დასაცავად „დიდი პოლიტიკოსის“ ჯარი. 2008 წლის აგვისტოს ომში, რომლის მონაწილეც ვარ, როცა სააკაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კუშნერთან ერთად ჩამოვიდა, საფრენი აპარატი არ იყო ჰაერში, პანიკაში იყო მთელი ჯარი და პრეზიდენტი ომიდან გამოიქცა. საერთოდ, პრეზიდენტი იქ რატომ უნდა ყოფილიყო? მთავარსარდალი ქვეყანას უნდა მართავდეს თავისი კაბინეტიდან. ის ერეკლე მეფის დროინდელი ბრძოლის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ჩვენი მეფეები ბრძოლაში ჩაბმულები იყვნენ, მაგრამ თანამედროვე ომი სხვა არის. სააკაშვილი რომ გამოიქცა ომიდან, ამან გამოიწვია ჯარის დემორალიზაცია. მე რომ მკითხოთ, ეს ომი ოთხდღიანი კი არა, სამდღიანი იყო. აგვისტოს ომში გაირკვა, რომ ქვეყანას არ ჰყავდა მმართველი რგოლი, არც კარგი და არც ცუდი. სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ჯარში დემორალიზაცია.
– თუ შეადარებდით სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის?
– სააკაშვილისა და ზელენსკის შედარება დანაშაულია. ზელენსკი მართავს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. სააკაშვილის საომარი რიტორიკა კი ისეთი იყო, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. რუსის ჯარი საქართველოში ისე უნდა შემოსულიყო, რომ მსოფლიოს არ „ესაყვედურა“ რუსეთისთვის. სააკაშვილის მაშინდელი უამრავი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ის არის რუსეთის აგენტი.
ახლა პარალელს გავავლებ რუსეთ-უკრაინის ომსა და აფხაზეთის ომს შორის. როდესაც სოხუმს ბომბავდა ავიაცია, ჩვენ, ქართველ მებრძოლებს, ამის საწინააღმდეგო არანაირი იარაღი არ გვქონდა. ერთხელ შევარდნაძე გამოვიდა და თქვა, სოხუმს ბომბავს რუსული თვითმფრინავიო. მხოლოდ ერთხელ თქვა ეს და მთელი მსოფლიო ჩაერთო. მერე ისევ უკან წაიღო თავისი სიტყვები, არა, შემეშალა, რუსული თვითმფრინავი არ ბომბავდაო.
– შევარდნაძემ კი თქვა, მაგრამ თქვენ ხომ ხედავდით, რომ რუსული თვითმფრინავი ბომბავდა?
– ეს სახელმწიფოს მეთაურს უნდა ეთქვა, ჩვენს ნათქვამს აზრი არ ჰქონდა. ასე რომ, ორივე ომში შევარდნაძეც და სააკაშვილიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.alia.ge