ორსულობის დროს დედიდან ნაყოფზე გადაცემული იშვიათი ინფექციები ბავშვის შემდგომ ცხოვრებაში აუტიზმისა და ინტელექტუალური დარღვევების გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ ახალი კვლევა JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა ე.წ. TORCH ინფექციები შეისწავლეს.
ამ ჯგუფში შედის, მათ შორის, სიფილისი, ციტომეგალოვირუსი, წითურა, ტოქსოპლაზმოზი და ჰერპესის ვირუსები. ეს ინფექციები ზოგიერთ შემთხვევაში პლაცენტის გავლით ნაყოფზეც შეიძლება გავრცელდეს.
კვლევაში შვედეთში 1987-2021 წლებში დაბადებული დაახლოებით 3.7 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 975-ს სიცოცხლის განმავლობაში თანდაყოლილი TORCH ინფექციის დიაგნოზი ჰქონდა. მონაწილეებს მკვლევრები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
შედეგების მიხედვით, თანდაყოლილი TORCH ინფექციის მქონე ბავშვებში აუტიზმის დიაგნოზის მიღების ალბათობა დაახლოებით სამჯერ, ხოლო ინტელექტუალური დარღვევის, შვიდჯერ მეტად იყო გაზრდილი იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ასეთი ინფექცია არ ჰქონია. მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევების შემთხვევაში რისკი კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ თავად ინფექციები იშვიათია და ისინი მოსახლეობაში აუტიზმის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს უკავშირდება. შესაბამისად, კვლევის შედეგები არ ნიშნავს, რომ ორსულობის დროს ინფექციის არსებობა ბავშვისთვის აუცილებლად ასეთი დიაგნოზის განვითარებას გამოიწვევს.
მეცნიერების შეფასებით, მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს ორსულობის პერიოდში კონკრეტული ინფექციების პრევენციისა და დროული სამედიცინო მეთვალყურეობის მნიშვნელობას.