
90-იანი წლები საქართველოს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების გარდა, კრიმინალური გარჩევებითაც შევიდა, შესაბამისად, უახლესი წარსულის ეს ტრაგიკული მოვლენები დღემდე იწვევს საზოგადოების ინტერესს.
თბილისში ახსოვთ 1994 წელს, მშრალ ხიდთან მომხდარი მკვლელობა, რა დროსაც ავტომობილში „კალაშნიკოვის“ ავტომატებით, 39 წლის ასაკში ჩაცხრილეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე.
თბილისში, მშრალ ხიდთან მომხდარი ეს გახმაურებული მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული და ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, მათ შორის იყო ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იქვე, ვორონცოვის მოედანზე, საკუთარი სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, როცა მოულოდნელად ავტომატებიდან სროლა ატყდა.
ნახეთ, რას იხსენებს წლების შემდეგ სოციალურ ქსელში ლევან გოგოლაშვილი:
„მე მაშინ ვიყავი ძალიან პატარა, თუმცა მახსოვს კარგად, რადგან მაშინ მივიღე ყველაზე დიდი ტრავმა. ერთი დილა იყო და მაშინ ფირმა მანქანები ასე არ დადიოდნენ.
მოდელების სახლიდან უცებ სუზუკის ჯიპმა გაიქროლა ვარანცოვის ხიდის გავლით, მერე ვიყურები და მოდის შავი „ვოლგა 31“ და სამხედროში ჩაცმული ადამიანები დგებიან მოედანზე.
უცებ დედაენის ბაღიდან მოდის ეს ტიპი, თითქოს ხელის დაქნევას უპირებდა, რომ ამ „ვოლგიდან“ გადმოსულმა სამმა, თუ ოთხმა ადამიანმა (რაოდენობა კარგად არ მახსოვს) „ოჩერედით“ მიუშვა ამ ჯიპს, რომელიც წამოვიდა და საიდანაც ვიყურებოდი იმ სახლის ქვევით შევარდა.
ეს მოხდა წამებში და უცებ ვიღაცამ დაიყვირა პაატა მოკლესო… და მთელი ვარანცოვი გაივსო. მერე იმდროინდელი პოლიციაც მოვიდა. მე ვიყავი ის ბავშვი, რომელმაც ზეწრები ჩავიტანე და რომ შევხედე მანქანას მაშინ ვნახე პირველად ტვინი, გული სულ მანქანის გვერდით იყო და ჩემზე ძალიან იმოქმედა“.