Digest Logo

პორნო ლექსების ავტორი თუ პაოლოს მისტიფიკაცია - ვინ იყო იდუმალი ელენე დარიანი

1611601020
პაოლო - ელენე დარიანი

1915 წელს პაოლო იაშვილმა ქუთაისში საჯაროდ წაიკითხა ეროტიკული შინაარსის ლექსი, რომელიც ერთ-ერთია ლიტერატურაში „დარიანული ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი 14 ლექსიდან. ამ ლექსების ავტორად იაშვილმა ვინმე ელენე დარიანი დაასახელა და საზოგადოებას ავტორის დაუსწრებლობის გამო ბოდიშიც მოუხადა. ლექსების შინაარსი თამამად გადმოსცემდა ქალის ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს, რამაც ბევრი დამსწრე აღაშფოთა; ერთმა ქალმა მსმენელმა დარბაზიც დატოვა. „ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს... სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს“, — წერდა გაზეთი „სამშობლო“ 1916 წელს. „ცისფერყანწელები“ დარიანის პოეზიას დადებითად შეხვდნენ. დარიანის ლექსები 1959 წელს პაოლო იაშვილის კრებულში დაიბეჭდა რეპრესირებული პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ. ამის შემდეგ ითვლებოდა, რომ ელენე დარიანი იაშვილის მიერ მოგონილი პიროვნება, ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო, რომელსაც საკუთარი ლექსები მიაწერა. ერთ-ერთი არგუმენტად მოჰყავდათ ლექსების მხატვრულ-სტილისტური ნიშნები, თუმცა თავად იაშვილს სიცოცხლეში არასდროს უთქვამს, რომ ლექსების ავტორი თავად იყო. 1990-იან წლებში ლიტერატურთმცოდნემ გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ წამოაყენა მოსაზრება ელენე დარიანისა და ელენე ბაქრაძის იდენტურობის შესახებ. არქივის მასალების მიხედვით ბაქრაძე ადასტურებდა „დარიანული ციკლის“ ლექსების ავტორობას, პაოლო იაშვილი კი მის თხზულებებს რედაქტირებას უკეთებდა. ლექსების ავტორისა და ელენე დარიანის ვინაობის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა დღემდე გრძელდება. ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის თქმით, „ახლა, როგორც ვერავინ დაადგენს, რამდენი არის პლატონი პლატონში და რამდენი მისი მასწავლებელი — სოკრატე, ზუსტად ასე ვერ ვადგენთ რამდენია ელენე დარიანის პოეზიაში ელენე ბაქრაძისა და რამდენი — პაოლო იაშვილისა“.

ტრადიციული განმარტებით ელენე დარიანი იყო პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელსაც პოეტმა ეროტიკული შინაარსის მქონე მისი 14 ლექსი მიაწერა.

ელენე და პაოლო

ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიკული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედვად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა. ერთი ვერსიის თანახმად, ის ცისფერყანწელთა მე-13 იდუმალი წევრი იყო, რომელსაც ორდენის წევრები თავადაც ხშირად ახსენებდნენ.

სიმართლის გაგების ერთადერთი გზა ელენეს ბიბლიოთეკის შესწავლაა, რაზეც ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილი წლებია მუშაობს. მან საარქივო მასალებზე დაყრდნობით წიგნით გამოსცა - „ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე“. მისი აზრით, მსგავსება პაოლოსა და ელენეს ლექსებს შორის არაა საკმარისი იმისთვის, რომ ორივეს ავტორად პაოლო მოინათლოს.

თავად პაოლო, ამ თემაზე არასდროს საუბრობდა. 1959 წელს პაოლო იაშვილის პირველი კრებული გამოიცა, სადაც დარიანული ციკლის ლექსები იაშვილის ხელმოწერით იყო შესული. ამ დროს პაოლო უკვე გარდაცვლილი იყო. მან 1937 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძემ მხოლოდ ერთხელ, ამ კრებულის გამოცემისას უშედეგოდ სცადა საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა, თუმცა ამისთვის არ უბრძოლია. სავარაუდოდ, ამი მიზეზი იმ საბჭოთა პერიოდის კლიშეები უნდა ყოფილიყო. მისი პოეზია ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეებს სცდებოდა.

ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით 1937-იანი წლების რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი. ელენე 1979 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელენე დარიანი და კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია და ელენე ბაქრაძე (დარიანი) ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს შავჩოხიანები: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი შავ ცხენებზე ამხედრებულები სწვევიან ცისფერყანწელთა დედოფალს – ელენე დარიანს. მათთვისაც მოუგვრიათ 2 ცხენი და უთხოვიათ: შენ და სიმონ ჯანაშია უნდა გახდეთ ჩვენი ძმობის წევრებიო. მათი მიზანი საქართველოს ამერ-იმერის შემოვლა და ხალხთან შეხვედრა იყო. შავჩოხიანებს ელენე დასთანხმებია, მაგრამ სიმონ ჯანაშიას უთხოვია, შეეწყვიტათ ასეთ რამეზე ფიქრიც კი, თორემ მთავრობაში უკვე იციან ამის შესახებ და დაგვაპატიმრებენო… მე პირადად ყოველთვის თქვენთან ვიქნები, მაგრამ ივანე ჯავახიშვილს ვერ ვუღალატებ, თუ არ შეწყვეტთ ამაზე ფიქრს, იმასაც დააპატიმრებენ და ჩვენცო… ასე რომ, ჩაიშალა შავჩოხიანთა ის ლაშქრობა… იმ პერიოდში შეუძლოდ შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდია. ის მოსკოვში წავიდა სამკურნალოდ და იქიდან საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ელენემ მის სამკურნალოდ და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი გზის ფულისთვის მთელი თავისი სამკაული გაყიდა. შემორჩენილია კონსტანტინეს მიერ 1926-1927 წლებში დაწერილი ერთი წერილი, ერთი ფრაგმენტი და ერთი ღია ბარათი… 1926 წელს კონსტანტინე გერმანიის ჯაშუშობის ბრალდებით სოლოვკის კუნძულებზე გადაასახლეს. სწორედ იქიდან გამოუგზავნა ეს წერილი ელენეს: „ძვირფასო ელენე, რასაკვირველია, მე არ შემიძლია ისეთი მშვენიერი ბარათის დაწერა, როგორიც შენ მომწერე. შენ პოეტი ხარ და იცი, როცა ადამიანი ბევრს განიცდის, გამოხატვა არ შეუძლია. თანაც, მე ავად ვარ. ფიზიკურად, სულიერად დაშლილი. ეს წელი ჩემთვის ყველაზე კოშმარული იყო. ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ გავედი საზღვარგარეთ და სიკვდილის გემო შევიგრძენი… ჯერაც საავადმყოფოში ვარ. რამდენჯერმე მოწმე გავხდი საშინელი გაორებისა. ასეთი მდგომარეობა ჩემი წარმოსახვით აღვწერე ჩემს მოთხრობაში „ტაბუ“. მოსკოვში გადავიტანე ძლიერი, სულისშემხუთველი შემთხვევები. მე ვაგრძელებ შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ სიკვდილი სანატრელი გამიხდა. ეს მარტო ფრაზა არაა – ზუსტად ამას განვიცდი… მინდოდა საქართველოდან სრულიად წასვლა, სრულიად დაუმსახურებლად, იმდენ სიძულვილს ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი მოწამლული და გადაწამლული. მე ასეთმა ცხოვრებამ მიწია, როგორც მაჩაბელსა და ბარათაშვილს, შეიძლება უარესმაც. მე მიკვირს, როცა ახალ რომანზე მწერ – არა მგონია, როდესმე დავუბრუნდე ქართულ ლიტერატურას. საერთოდ არა ღირს, როცა ხალხი გპასუხობს ყველაზე დიდი სიძულვილით. სოლევეცკი გუმბათზე შლის თავის ნაბადს. მარჯვენა მხარეს არ შემიძლია წოლა, ტკივილები – გულში, რევმატიზმი – სახსრებში… გახსოვს, მე მარჯვენა ხელზე ვმკურნალობდი თბილისში… აქაური ნესტისგან შეიძლება, წამერთვას ხელი, ყოველდღიური თავის ტკივილები… ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ზოგჯერ მწუხრობისას ვიკრიბებით და ვმღერით, თანაც თანამემამულეთა
გარდა, ვერავის ვხვდები, საინტერესო ხალხი არ არის. წავიკითხე ალექსანდრე ფირმანი, მომეწონა. ველოდები შენს სონეტებს. მხოლოდ, თუ შეიძლება, მიეცი კარგი სათაურები, მე ვფიქრობ, შენ ისეთი გამბედავი ხარ, რომ დამფუძნებელი იქნები ქალური ლირიკისა… ვნახოთ… მე წავიკითხე ქართული ჟურნალები, მხოლოდ მომეწონა აბაშელის ლექსები და ქიაჩელის მოთხრობები. აბაშელი ახალ სტადიაში შედის. ივანეს ავადმყოფობამ (ჯავახიშვილი) ძლიერ შემაწუხა. ვკოცნი სიმონიკოს (ჯანაშია), უთხარი მას, რომ უნივერსიტეტის გამოცემები შემახვედროს. შენ ნუ ბრაზობ…“ აქ წყდება წერილი, როგორც ჩანს, ბოლო ნაწილი ძალიან ინტიმური იყო და ადრესატმა გაანადგურა. თანამედროვე მოგონებებიდან ცნობილია, რომ ვერაზე, ელენეს სახლში, ჩოხა-ახალუხით დამშვენებული მწერალი, განუყრელი მეძებარი ძაღლითურთ, ხშირად სტუმრობდა… იქიდან კი „ფიქრთ გასართველად“ მიუყვებოდა ვარაზის ხევს, ხან მდინარე ვერეს ხეობას.
***
კონსტანტინე გამსახურდიას მისმა სიყრმის მეგობარმა, ლადო გუდიაშვილმა მოზეიმე ქართული ფრესკა შეარქვა. მიხეილ ჯავახიშვილმა კი თანამოკალმეს ფრესკების მხატვარი უწოდა. მწერლის მისტიკური მდუმარებით აღსავსე ასკეტური სახე ოდნავ ჩამოჰგავს კიდეც რენესანსის მხატვართა მიერ ფრესკაზე გამოყვანილ წმიდანთა სათაყვანებელ ლანდებს. მათსავით სევდიანი და უძიროა მწერლის სულიერი ხატება და გარეგნული პორტრეტი. თუმცა ფრესკის მსგავსად, მწერლის ნაღვლიან სახესაც გადაეფინებოდა ხოლმე ღიმილის სხივი. ამ იშვიათი სიცილის გამო მოხდენილად უწოდეს ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებმა შესაფერისი სახელი: „კოლხი კაცის ფრესკის ღიმილი“. კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ეტლი სამშობლოს ბედისწერასთან იყო გადატიხრული. ღირსებაშელახული ქვეყნის მძიმე ხვედრი კი დალხინებული ცხოვრების საფუძველს არ აძლევდა მწერალს. ის, მართლაც, იშვიათად უნახავთ გაღიმებული. ერთხელ, ნათელასაც უთქვამს მარად მოღუშული მამისათვის:
– რატომ ხარ ასე, შუბლი გახსენი, გაიცინეო, მამა!
– რა ვქნა, ჩემო ნათელიკო, ასეთი ცხოვრება მარგუნა ბედმა! თავად მწერლის ახლობლების განცხადებით, მას მეტად ზომიერი იუმორი ახასიათებდა. მის მიმართ წარმოთქმული ხუმრობაც არასოდეს სწყინდა და ხალისითაც ჩაებმებოდა, თურმე, ამ ხუმრობაში. მაგრამ მწერალი ერთმანეთისაგან ანსხვავებდა ზომიერ ხუმრობასა და წრეგადასულ, უმართებულო ქილიკს, რომელსაც მიმართავდნენ ხოლმე უნიათო კრიტიკოსები მისი სახელის დისკრედიტაციისათვის. მწერალი მოთმინებით იტანდა მათ გამოხტომებს. იტყოდა ხოლმე, „კრიტიკის იმუნიტეტი მოვიპოვეო“. თუმცა ამ კალამბურამ მომეტებულად გაათამამა ზოგიერთები და საბაბი მისცა მავანთ, საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან საგანგებო ბრალდებები წამოეყენებინათ მისთვის. ასეთ დროს მწერლის იუმორი მრისხანე ძალას იძენდა. სწორედ პუბლიცისტური სატირის მეშვეობით მოახერხა მან ცნობილი რუსი კრიტიკოსის ვ. შკლოვსკის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამასხარავება. კონსტანტინე გამსახურდიამ საკავშირო მასშტაბის ჟურნალებსა და გაზეთებში გამოქვეყნებული წერილებით ისეთი სილაქი გააწნა გათავხედებულ კოლეგას, რომ მისი ტლაშუნი მთელს საბჭოთა კავშირში გაისმა. ერთმა ხელისუფლების პირმა წყენა არ დამალა და მას მოურიდებლად უთხრა: კაი კაცი ხარ, მაგრამ გესლიანი ენა გაქვსო, – რაზეც მწერალმა პასუხი არ დააყოვნა.
– რა ვქნა, გესლიანი ენა მე განგებამ მომიგდოო.
კონსტანტინე გამსახურდია ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამშვინველს სიცილის მეშვეობითაც სწვდებოდა. მწერლის აზრით „არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი“. მან ცხოვრებისეულ კრედოდ გაიხადა დანტე ალეგიერის სენტენცია „სიცილი სულის ტაროსია“. ამიტომაც ის უაღრესად სასოწარკვეთილების ჟამსაც არ კარგავდა იუმორის გრძნობას და სიცილის ხალისს. 1924 წელს მეტეხის ციხეში გამომწყვდეულმა მწერალმა იუმორისტული კედლის გაზეთიც შეადგინა და მეგობრებს გულიანად აცინებდა. არადა, მოგვიანებით, როგორც სანდო წყაროებიდან შეიტყო, თურმე დასახვრეტთა სიაში
ყოფილა გამწესებული. მწერალი არც 1937 წლის რეპრესიების სუსხიან დღეებში ღალატობდა იუმორს. როცა დააპატიმრეს, „სახელგამის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლიდა გასვიანი და სასტიკად აწამეს, ქალის ბუნებამ ვერ გაუძლო და მანაც თავის თანამოაზრეებში და თანამზრახველებში კონსტანტინე გამსახურდია დაასახელა. საქმეში გამსახურდიას ოქმიც იყო. დაკითხვაზე გამომძიებელმა კითხვა დაუსვა: რატომ დაგასახელათ ქალბატონმა ლიდა გასვიანმა. – ახალგაზრდობაში მომწონდა, მერმე ცოლად არ შევირთე და ალბათ, ამიტომო, – ცრემლნარევი ხუმრობით უპასუხა გამომძიებელს მწერალმა. კონსტანტინე გამსახურდიას ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებთან. მწერალს უყვარდა მათთან მუსაიფი, ანეკდოტების მოყოლა. ზოგჯერ ფრთიან ფრაზას ესროდა რედაქციაში მოფუსფუსე ჟურნალის თანამშრომლებს: – „რას იქთ, ვოჟებო, ვის ჯღანავთ ახლა!“ – „ნიანგელებიც“ ჩვეული იუმორითა და ხალისით პასუხობდნენ ქართული პროზის დიდოსტატს, და როდესაც მორიგ „დაჯღანულ“ სახეს აჩვენებდნენ, მისი გოროზობიდან ნატამალიც არ რჩებოდა, ისეთი სითბოთი და ალერსით გაუნათდებოდა სახე. კონსტანტინე გამსახურდია არასოდეს თაკილობდა ახალგაზრდა და დამწყები იუმორისტების გვერდით თავისი დიდებით მოსილი სახელისა და გვარის დაბეჭდვას. მისი სიბრძნითა და სიმახვილით აღსავსე, ხალხური იუმორით განმსჭვალულ იგავ-არაკებს მკითხველი პირველად სწორედ „ნიანგის“ ფურცლებიდან ეცნობოდა. დიდ კონსტანტინეს დიდი მწერალი სატირის გარეშე არ სწამდა. ეს გულთბილი ურთიერთთანამშრომლობა „ნიანგის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ნომერში დასტამბული ლექსიდანაც ჩანს:
„ნიანგო, ღმერთს გეფიცები,
გულში სულაც არ გემდური,
არ დავფარავ, თუმცა მითქვამს
ბევრჯერ შენი საყვედური.
ვწუწუნებდი, შესაჭმელად
ვხედავთ, ყველას ვეამები
და ჩუმად კი მიხაროდა
მე ხშირ-ხშირი რეკლამები“.
ეს თანამშრომლობა ომის პერიოდშიც გრძელდებოდა, რასაც განსაკუთრებით ემადლიერებოდა ჟურნალის რედაქცია: „ნიანგის“ გვერდზე გაისმა მრავალი გამორჩეული მწერლის, პოეტის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ომახიანი ხმა. კონსტანტინე გამსახურდიასა და ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლობა ზოგჯერ მუქ ფერებშიც ვითარდებოდა. მწერალს ჟამიდანჟამ „ნიანგის“ ოხუნჯობაზეც მოსდიოდა ბრაზი. როცა ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, „ნიანგმა“ გამოაქვეყნა კარიკატურა, სადაც კონსტანტინე გამსახურდია ჩოხა-ახალუხშია გამოწყობილი და თეთრ ცხენზეა ამხედრებული, გვერდით მწევარი მოჰყვება ღვედით, წარწერა კი ასეთია:
„სწავლულებთან სიარულში გამსახურდი კოსტა და ჩადექი რიგში აკადემიკოსთა“. კონსტანტინე გამსახურდიას ამჯერად სერიოზულად მოსვლია გული. საჯაროდ იმუქრებოდა, „ყური უნდა მოვაჭრა „ნიანგის“ რედაქტორს, ძველმა ქართველებმა ასე იცოდნენო. საერთოდ, მწერალს ხშირად ხატავდნენ მიმინოთი ხელში, გაძვალტყავებულ ცხენზე ამხედრებულს, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. მწერალს არც ის მოეწონა, „ნიანგელებმა“ დანტეს ბიუსტზე მისი და კონსტანტინე ჭიჭინაძის კარიკატურები რომ გამოხატეს, ნიშნად მათ მიერ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ „უსუსური“ თარგმანისა. თუმცა, მწერალი წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა, მღელვარებას ისევ სიცილით იქარვებდა და მათი ურთიერთობა ჩვეულ შემოქმედებით კალაპოტში დგებოდა.