ის, რაც ატლანტის ოკეანეში მცურავი საკრუიზო გემის მგზავრებისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად უნდა ქცეულიყო, მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კოშმარად იქცა.
გამგზავრებიდან მეხუთე დღეს გაირკვა, რომ ლაინერზე, რომელზეც 150 მგზავრი იმყოფებოდა, ჰანტავირუსის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შტამი დაფიქსირდა.
საკრუიზო ლაინერი MV HONDIUS დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. გემზე იშვიათი ვირუსის აფეთქებას უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გემზე მყოფ ათობით პირს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.
ვირუსს მაღალი ლეტალობა ახასიათებს და ცალკეულ შტამებში სიკვდილიანობა 50%-საც აღწევს.
ამ ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა - შეიძლება თუ არა ეს შემთხვევები ფართომასშტაბიან ეპიდაფეთქებაში გადაიზარდოს?

ემუქრება თუ არა მსოფლიოს კიდევ ერთი პანდემია?
რა და როდის მოხდა?
1 აპრილი - საკრუიზო ლაინერი MV Hondius უშუაიადან, არგენტინიდან გაემგზავრა.
6 აპრილი - დაფიქსირდა ჰანტავირუსის პირველი შემთხვევა. 70 წლის მგზავრმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
11 აპრილი - მგზავრი გარდაიცვალა.
24 აპრილი - ცხედარი გემიდან წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასვენეს. გარდაცვლილის 69 წლის მეუღლემ გემი დატოვა და სამხრეთ აფრიკაში გაფრინდა, სადაც ის 26 აპრილს გარდაიცვალა. 4 მაისს დადასტურდა, რომ მისი ტესტის პასუხი ჰანტავირუსზე დადებითი იყო. ამ დღეს დატოვა გემი ოცდასამმა მგზავრმა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფრინდნენ.
ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია ამ მგზავრების მოსაძიებლად. ინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა შვეიცარიაში, ხოლო პოტენციური კონტაქტები იძებნება დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში.
27 აპრილი - გემზე დაფიქსირდა მეორე ინფიცირებული, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გადაიყვანეს. 2 მაისს მისი ტესტის პასუხიც ჰანტავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
2 მაისი - გერმანელი ქალი, რომელსაც სიმპტომები 28 აპრილს დაეწყო, გემზე გარდაიცვალა.
3 მაისი - გემი კაბო-ვერდეში ჩავიდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ გემზე ჰანტავირუსის აფეთქებას აკვირდება და რეაგირებისთვის მზად არის. ამ დროისთვის უკვე დაავადებულია სამი ადამიანი.
10 მაისი - საკრუიზო გემი კანარის კუნძულებზე შევიდა, სადაც მოხდა მგზავრების ევაკუაცია. სამედიცინო ნიღბებით აღჭურვილი მგზავრები ნავებში ჩასვეს და სანაპიროსთან მიიყვანეს, სადაც მათ სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი და მაშველები დახვდნენ. მგზავრები პორტიდან ავტობუსებით ტენერიფეს აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ჩარტერული რეისებით საკუთარ ქვეყნებში დააბრუნეს.
რა არის ჰანტავირუსი და როგორ ვრცელდება ის
ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია.
ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით.
ინფექცია სწრაფად ვრცელდება ფილტვებში. ინფიცირებულს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები უფიქსირდება: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება.
ვირუსს მაღალი ლეტალობა ახასიათებს და ცალკეულ შტამებში სიკვდილიანობა 50%-საც აღწევს.
ჰანტავირუსის საწინააღმდეგო წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია და ადრეული სამედიცინო ჩარევა მკვეთრად ზრდის გადარჩენის შანსს.
ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Andes Virus), რომელიც დაფიქსირდა ლაინერზე, ადამიანიდან ადამიანზე გადადის.
ეს ქვეტიპი, როგორც წესი, არგენტინაში ცირკულირებს.

კიდევ ერთი პანდემია იწყება?
„საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის“ გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს" - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ ეს ვირუსი განსხვავდება „კოვიდ-19“-ისგან, რადგან „ჰანტავირუსი“ მხოლოდ ახლო და ხანგრძლივი კონტაქტის გზით ვრცელდება.
ექსპერტების თქმით, ფართო საზოგადოებისთვის რისკი უკიდურესად დაბალია.
საფრთხის ქვეშ მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც ლაინერზე იმყოფებოდნენ და ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რისკის ჯგუფში მყოფ პირებს 45-დღიან თვითიზოლაციას ურჩევს, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება გამოირიცხოს.
ამიტომ პასუხი უარყოფითია - არა, მსოფლიოს კიდევ ერთი პანდემია არ ემუქრება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედის მინი ვერსია“ - რა ფოტოს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
⭕ ლოცვა, რომელიც დღეს ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს!
წყარო: rustavi2.ge