Digest Logo

რა მოხდება მზე რომ ჩაქრეს?

1725030517
მზის სისტემა

წარმოიდგინეთ, რომ მზის სისტემის ყველაზე დიდი, მცხუნვარე და კაშკაშა ვარსკვლავი მოულოდნელად ჩაქრა, ამ შემთხვევაში რა მოუვა დედამიწას და ადამიანებს? თანამედროვე მეცნიერება ამის დანახვის საშუალებას გვაძლევს!

მზის მნიშვნელობა

მზის სხივი დედამიწამდე 499 წამში აღწევს, შესაბამისად, მზის „ჩაქრობიდან“ 8 წუთის შემდეგ დედამიწაზე წყვდიადი გამეფდება - აი ასე, უბრალოდ, თითქოს ვიღაცამ ნათურა გამორთო.

ამავდროულად, გაითიშება მზის გრავიტაციაც (მიზიდულობის ძალა), რომელიც დედამიწას მზის გარშემო ორბიტაზე იჭერს და კომფორტულ მანძილზე აბრუნებს, რათა მზის შუქით და სითბოთი ვისიამოვნოთ.

მას შემდეგ, რაც მზის გრავიტაციას მოსწყდება, დედამიწა უსასრულო კოსმოსში უკონტროლო ფრენას დაიწყებს, ამასთან, მისი მოძრაობის სიჩქარე (დაახლოებით, 107,200 კმ/სთ) არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, მზის გრავიტაციას სხვა პლანეტებიც დაკარგავენ და ისინიც დედამიწის მსგავსად, უკონტროლოდ ფრენას დაიწყებენ.

კოსმოსი მართლაც უსასრულოა, ამიტომ დედამიწის სხვა პლანეტებთან შეჯახების შანსი ძალიან მცირეა. შუქისა და სითბოს მისაღებად მზის მსგავს, ცხელ ვარსკვლავთან მიახლოების შანსი ძალიან მცირეა.

მზე – სინათლისა და სითბოს წყარო

როგორი იქნება მზეს მოწყვეტილი დედამიწა? დედამიწაზე მარადიული ღამე, სიცივე და სიცარიელე დაისადგურებს. ერთადერთი, რის დანახვასაც შევძლებთ, ვარსკვლავებია, რომლებსაც მზის შუქის არეკვლის გარეშე, დამოუკიდებლად ნათება შეუძლიათ.

მცენარეების ფოტოსინთეზი შეჩერდება და პატარა ხეები და ბუჩქები ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში გახმება. დიდი ხეები, დაგროვილი საკვები ნივთიერებების წყალობით, გარკვეული პერიოდი გაძლებენ. ზოგი მეცნიერის ოპტიმისტური პროგნოზით - რამდენიმე ათწლეულსაც კი.

დედამიწა სწრაფად დაიწყებს გაციებას. ერთ კვირაში, ჰაერის ტემპერატურა ნულს მიაღწევს, ხოლო ერთ წელიწადში ის სტაბილური -100 ° C გახდება.

გარკვეული დროის მანძილზე დედამიწას მისი ბირთვი და ცხელი ქანები გაათბობენ, მაგრამ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ პლანეტა -240 ° C-მდე გაცივდება, რაც კოსმოსის ტემპერატურაა.

დედამიწის ზედაპირზე სიცოცხლე ძალიან სწრაფად გაქრება, თუმცა, ოკეანეებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. მსოფლიო ოკეანეების ზედაპირს სქელი ყინული დაფარავს, მაგრამ სანამ წყალი მთლიანად გაიყინება, მასში სიცოცხლე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. საეჭვოა, თევზი გადარჩეს - მისთვის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები არასაკმარისი იქნება. პატარა წყალმცენარეები და ბაქტერიები გადარჩებიან, თუმცა დროებით...

რამდენიმე მილიონ წელიწადში ოკეანეები ფსკერამდე გაიყინება და დედამიწაზე სიცოცხლე სამუდამოდ გაქრება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რა საქციელით ვაცლით საკუთარ თავს ენერგიას და როგორ შეიძლება მისი უკან დაბრუნება

ავარია ქობულეთში - მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, დედა გარდაიცვალა

როგორ მიულოცა თიკა ჯამბურიამ ყოფილ დედამთილს დაბადების დღე