Digest Logo

რა მოსდის სიყვარულს, როცა ურთიერთობაში ჩნდება ღალატი

1777126835
ღალატი ქალსა და კაცს შორის

არის კითხვები, რომელზეც მარტივი პასუხი არ არსებობს. ღალატი ერთ-ერთი მათგანია. როდესაც ის წყვილს შორის ჩნდება, ნდობა ირღვევა, ურთიერთობა კი თითქოს ერთ წამში ინგრევა... მაგრამ ყველაზე მთავარი სირთულე სწორედ ამის შემდეგ იწყება. ადამიანები დგებიან დილემის წინაშე – შეიძლება თუ არა, ისევ გიყვარდეს ადამიანი, რომელმაც გატკინა? შეიძლება, რომ აპატიო და ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმში განაგრძო და რაც მთავარია – შეიძლება თუ არა, ისევ ენდო? ნდობის გარეშე ხომ ურთიერთობა განწირულია?! რას გრძნობს ქალი, რომელმაც ღალატი გადაიტანა, ეტკინა და მაინც დარჩა თავის პარტნიორთან. 

ტატა (44 წლის): ყველაზე რთული ის კი არ იყო, რაც მოხდა, არამედ ის, რაც მერე დაიწყო. ღალატი არ არის მხოლოდ ერთი მომენტი. ეს არის პროცესი, რომელიც ნელ-ნელა შლის ყველაფერს. როგორც ობობა ისე იყენებს საცეცებს და თავის მარწუხებში აქცევს. როცა გავიგე, რომ მიღალატა, თითქოს გარშემო ყველაფერი გაჩერდა...

მაგრამ რამდენიმე დღეში მივხვდი – ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იმან, რაც გავაცნობიერე, ფაქტობრივად, დამანგრია. თურმე, ყველაზე მტკივნეული ფაქტი ეს კი არ ყოფილა, არამედ ეჭვი, რომელიც მთელ ჩემს არსებას მოედო და ყველაფერი გაანადგურა.

– ანუ, ღალატის შემდეგ, ყველაფერი ეჭვქვეშ დგება?

– აბსოლუტურად ყველაფერი გაეჭვებს – მისი სიტყვები, ქცევები, ყოველი დეტალი... თითქოს რეალობა, რომელშიც ცხოვრობდი, უცებ ყალბი აღმოჩნდა. მერე უკვე გაწუხებს შეკითხვა – რატომ ვრჩები მასთან? ეს არის კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამ საკუთარ თავს. ყველას ჰგონია, რომ სუსტი ხარ. დამოუკიდებლად არსებობა არ შეგიძლია. სინამდვილეში კი იმიტომ არ წავედი, რომ ისევ მიყვარდა.

– ღალატის მერეც კი?

– რა თქმა უნდა. სიყვარული არ ქრება ერთ დღეში. მაშინაც კი, როცა გტკივა. დიახ, ეს პარადოქსია – გძულს და ამავე დროს გენატრება. გინდა, წახვიდე და ამავე დროს ვერ მიდიხარ.

– ღალატის მერე ნდობა ბრუნდება თუ არა?

– ნდობა ძველ ფორმას აღარასდროს უბრუნდება. შეიძლება, ისევ იყო მასთან, ისევ გიყვარდეს… მაგრამ ნდობა სხვა რამეა. ნდობა აღარ არის ავტომატური. ის ხდება კონტროლირებული. რას ნიშნავს ეს? იწყებ გადამოწმებას მისი სიტყვების, ქმედებების, დროის... და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს უკვე შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

– ამ ყველაფრის მერე გრძელდება თუ არა სიყვარული?

– კი. სიყვარული გრძელდება, მაგრამ იცვლება. ის სხვანაირი ხდება. უფრო მძიმე, უფრო ფრთხილი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს უკვე სიყვარული კი არა, მიჩვევაა, შიშია ან, უბრალოდ, ვერ გაშვებაა. მაგრამ ყველაზე რთული საკუთარ თავთან დაბრუნებაა. აგიხსნით, რას ვგულისხმობ. ღალატის შემდეგ პრობლემა მხოლოდ პარტნიორი აღარ არის. საკუთარ თავში იწყებ ეჭვის შეტანას. რატომ მოხდა? რა დავაკელი? სად შევცდი? სწორედ აქ იწყება ნამდვილი ბრძოლა – ბრძოლა საკუთარ თავთან. ძალიან მძიმე ბრძოლაში შედიხარ, საიდანაც გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი

⭕„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

⭕„აიღეთ ფურცელი დაწერეთ ის, რაც ხელს გიშლით და ის, რის მიღწევაც გსურთ“ - სატურნის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ