
საქართველოს უახლეს ისტორია არაერთ გაუხსნელ მკვლელობას გვიყვება.
„დაიჯესტი“ შემოგთავაზებთ, გახმაურებული საქმეების მოკლე ქრონოლოგიას და ბოლო ცნობებს.
გურამ შარაძე
ცნობილი ქართველი მეცნიერი და მკვლევარი გურამ შარაძე 2020 წლის 7 მაისს მოკლეს. შარაძე, 1995-1999 წლებში აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა: იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 1999 წელს შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“.
გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით იმავე წელს დააკავეს გიორგი ბარათელი, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან საპატიმრო 2017 წლის სექტემბერში დატოვა. შარაძის ოჯახს არ ჯერავ, რომ ბარათელს მეცნიერის მოკვლის პირადი მოტივი ჰქონდა. ისინი ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკური საფუძვლებით ხსნიან.
„გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი. დანარჩენები – მერაბიშვილი, ახალაია და ასე შემდეგ, შემსრულებლები იყვნენ. ფიზიკურად, ყველა იერარქია იყო ჩართული, იქით – შსს–ს უმაღლესი პირებიდან პატრულამდე, აქეთ – დათა ახალაიას და მეგის ქარდავას ზონდერები“, - ამბობს რუსუდან შარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მკვლელობიდან 13 წლის შემდეგაც, შარაძის ოჯახის მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის და როგორც ისინი ამბობენ მკვლელობის დამკვეთები თავისუფლად ცხოვრობენ.
სანდრო გირგვლიანი
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა — თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა იმ დროინდელი ხელისუფლების, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
ამ მოვლენებმა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე დააყენა ეჭვქვეშ.
„2006 წლის 28 იანვარს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი თბილისის გარეთ მრავალჯერადი დაზიანებებით მკვდარი იპოვეს. გარადცვალების მიზეზი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.
მედიაში მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. ერთ-ერთი ვერსიით, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო.
მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა:
„მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური).“
6 მარტს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი — გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური — გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები.
დაპატიმრებების გამოცხადებიდან მცირე ხანში ახალმა მემარჯვენეება და პარლამენტის დემოკრატიული ფრონტის ფრაქციის დეპუტატებმა პრეს-კონფერენცია გამართეს. მათი თქმით, შს თანამშრომელთა დაპატიმრება „კარგი პრეცედენტი“ იყო.
თუმცა, დემოკრატიული ფრონტიდან კობა დავითაშვილმა დაამატა, რომ „გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისინიც, ვინც ის შეუკვეთა“. დეპუტატემა ისევ მოითხოვეს ვანო მერაბიშვილის გადადგომა.
2011 წელს გირგვლიანის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:
„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.
ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე დამნაშავედ ხუთი პირი ცნო.
ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე, ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
დავით იაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვით აეკრძალა.
ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობას 2 წლით და 3 თვით ვერ დაიკავებს.
ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, და 2.3 წლით თანამდებობას ვერ დაიკავებს.