Digest Logo

რას წარმოადგენს სუდანის აზო-საღებავები, რაც სუნელის ნიმუშებში იპოვეს? - თუ შეძენილი გაქვთ არ გამოიყენოთ!

1792856760
ხმელ სუნელი

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში:

წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) - მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“, აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) - მწარმოებელი შპს „იგოეთი“ (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) - აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV

ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) - მწარმოებელი შპს „დაბი“ (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) - აღმოჩნდა Sudan Red G

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) - მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) - აღმოჩნდა Sudan I

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს.

სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს. სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B გამოყენება აკრძალულია.

რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.

რას წარ­მო­ად­გენს სუ­და­ნის ჯგუ­ფის აზო-სა­ღე­ბა­ვე­ბი?
 

სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები ორგანული საღებავების ჯგუფს წარმოადგენს, რომლებსაც სხვადასხვა მასალის, მათ შორის ქსოვილების, ტყავისა და ზოგჯერ სხვა პროდუქტების შესაღებად იყენებენ.

მათი სახელწოდება დაკავშირებულია აზო-ჯგუფთან (–N=N–) — ქიმიურ სტრუქტურასთან, რომელიც საღებავს ფერს ანიჭებს.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა აზო-საღებავი ერთნაირად საშიში არ არის. თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაიშალოს არომატულ ამინებად, მათ შორის ისეთებად, რომლებსაც კანცეროგენული თვისებები აქვს.

საკვებში მათი გამოყენება აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, რადგან შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ზოგჯერ მათ უკანონოდ ამატებენ წითელი წიწაკის ფხვნილში, სანელებლებსა და სოუსებში, რათა ფერი უფრო მკვეთრი გახდეს.

სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების მთავარი საფრთხეებია:

კანცეროგენული მოქმედება — ზოგიერთი საღებავი ორგანიზმში დაშლისას წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.

ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება — გარკვეულმა საღებავებმა შესაძლოა ამ ორგანოების ფუნქციებზე უარყოფითად იმოქმედოს.

ალერგიული რეაქციები — შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ალერგია.

საკვების დაბინძურება — მათი უკანონო დამატება საკვებში მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის.

ხანგრძლივი ზემოქმედების რისკი — განმეორებითმა მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ალბათობა გაზარდოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი ნემსაძე სამების საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

⭕უგულშემატკივრე საქართველოს - ნახეთ, როგორ შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე

⭕„რაც უფრო მეტ კარგ სიტყვას ეტყვით საკუთარ თავს, მით უფრო აიმაღლებთ ენერგიას“ - თაკო მელიქიშვილი 24 ოქტომბრის ენერგიებზე

✕