როდის დამკვიდრდა ბარბარობაზე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისტორიის დოქტორმა და ეთნოლოგმა, ნოდარ შოშიაშვილმა ისაუბრა:
„ხალხური ტრადიციის მიხედვით დღესასწაულს ბარბარობას ეძახიან. ქრისტიანობამდელი, უძველესი წესები აქვს ამას, რადგან არის სინკრეტული დღესასწაული. წარმართული ჩვეულებები შერწყმულია თანამედროვე ქრისტიანულ ტრადიციებთან.
ბარბალე სხვადასხვა კუთხეში მოიაზრებოდა, როგორც ქალი ღვთაება. მზე იყო მისი სიმბოლო. შესაბამისად, მისი ატრიბუტიკაც მრგვალია: მრგვალი ლობიანი, კვირისტავები, გვერგვი, ბორბალი. თავად შუმერებშიც არის ბარბარეს ფუძის აღმნიშვნელი და ბრწყინვალებას აღნიშნავს.
მეკვლეობა და ბედობა: ბარბარობით იწყება ზამთრის სადღესასწაულო ციკლი და კალენდარი. ამ დროს არის მზებუდობა, ბუნიობა; ნელ-ნელა უკან იხევს რამე და შემოდის დღის მატება. სინათლისა და სიბნელის ბრძოლაა. იმარჯვებს სინათლე და სიკეთე. ხალხშიც რწმენა იყო გამჯდარი, რომ ამ დღეს, როგორც შეხვდებოდი, ისე წარიმართებოდა შენი ცხოვრება. მეკვლეობის ტრადიცია სწორედ ბარბარობით იწყება. შემდეგ მოდის შობა, ახალი წელი და ა.შ.
ეს არის ნაყოფიერების, შვილიერების, მკურნალობის დღესასწაული. ბარაქიანობის დაბედება სწორედ ბარბარობის დღესასწაულზე ხდებოდა. მეკვლე, რომელიც ოჯახში შემოდის, ადამიანს უსურვებს ყველაფერ კარგს, ხვავიანობასა და სიკეთეს.
საოცარია, რომ ბევრმა კულინარიულმა შედევრმა, ზოგიერთი კუთხიდან, გამოაღწია და სრულიად ქართული და საქართველოსი გახდა. მთაშიც და ბარში, ცხვებოდა გულსართიანი საკვები საქართველოში. უგულსართოს ჯვარს ახატავდნენ ზემოდან; გულსართი სიმდიდრეს ნიშნავდა. ცდილობდნენ, რახან მარხვა იყო, სამარხვო ყოფილიყო. ლობიანი კონკრეტულად მე-17–მე-18 საუკუნიდან დამკვიდრდა. პარკოსანთა დიდი მრავალფეროვნება იყო საქართველოში, და გულსართიანი კვერები ლობიანის გარდა სხვა რამეებითაც კეთდებოდა, მაგალითად: ძაძა, ოსპი და ა.შ. შემდეგ ლობიო შემოვიდა და გადასწია გვერდზე დანარჩენი პარკოსნები“,- ჰყვება ნოდარ შოშიაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თავი შეიკავეთ ზედმეტი ვალდებულებებისგან...“ - კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
⭕„ნებისმიერი წამოწყება წარმატების დიდ შანსებს იძლევა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი