
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ საჯდომზე ნემსის გაკეთებას, რადგან ამან არაერთი სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს.
რა რისკებთანაა დაკავშირებული საჯდომ კუნთზე ნემსის თვითნებური გაკეთება - აღნიშნულ თემაზე ლევან შელეგია ვრცლად საუბრობს:
„კიდევ ერთხელ, სერიოზულად და მარტივად:
შეეშვით ტრაკზე ნემსების კეთებას!
მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლებს გერმანიაში და დედამიწის სხვა განვითარებულ ქვეყნებში არავინ აკეთებს კუნთში რისკების, არაპრაქტიკულობის და დისკომფორტის გამო.
კლასიკური ტკივილგამაყუჩებლები (დიკლოფენაკი-ვოლტარენი, ანალგინი-ტემპალგინი-სპაზმალგონი, კეტოროლაკი და სხვები) უპრობლემოდ და სწრაფად მოქმედებს, როცა მათ ვიღებთ პერორალურად აბების, კაფსულების, დრაჟეების, წვეთების ფორმით.
ოპიოიდებზე აღარ ვსაუბრობ - ტრამადოლი, მორფინი, ოქსიკოდონი... ყველა კეთდება უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ კანქვეშ და სწრაფად მოქმედებს, თუ პაციენტს არ შეუძლია ყლაპვა ან, მორფინის შემთხვევაში, მწირი ორალური ბიოშეღწევადობის გამო.
განსაკუთრებით სარისკოა საქართველოში ძალიან პოპულარული კორტიკოსტეროიდების (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, მედროლი) კუნთში გაკეთება, რადგან ასე ხდება დროთა განმავლობაში კუნთის ატროფია, ანუ განლევა.
სამახსოვროდ დაგრჩებათ ორმოებიანი რელიეფი მაგ მრავალ ჭირ-ვარამგადატანილ ტრაკზე.
კორტიკოსტეროიდებიც მიიღება პერორალურად, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რაც ისედაც სტაციონარული მკურნალობას ჩვენებაა!
ანტიბიოტიკების რჭობა სახლში გამორჩეულად საშიში და უპასუხისმგებლო პრაქტიკაა!!
როგორ შეიძლება ოდნავ საღად მოაზროვნე ექიმმა პაციენტს დაუნიშნოს ანტიბიოტიკების ინექციები (მით უმეტეს ცეფტრიაქსონის და სხვა ბეტა-ლაქტამების ჯგუფი!) სახლის პირობებში.
ეს აქ ვინმეს რომ მოვუყვე, არ დამიჯერებენ.
სახლში მეზობლის მიერ გაკეთებულ გადასხმაზე აღარ მყოფის უკვე კულტურული სიტყვები.
კუნთში ინექცია დასავლეთში ხდება მაშინ, როცა სხვა უკეთესი ალტერნატივა (პერორალურია, კანქვეშა, რექტალური) არ არის. მაგალითად: ვაქცინები.
დეპო, ანუ გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები, ხშირად ფსიქიატრიაში გამოიყენება.
გარკვეული ჰორმონები, ემულსიები, განსაკუთრებული გალენიკის პრეპარატები, რომლებიც ბაზარზე მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციის ფორმით არის.
კუნთი დიდწილად ჩაანაცვლა კანქვეშა, უსაფრთხო ინექციამ, თუ პრეპარატი ამისთვის არის განკუთვნილი.
ის, რომ კუნთში ნემსი უფრო ჩქარა მოქმედებს, არაა სწორი. პირიქით, კუნთის გზა ერთ-ერთი ყველაზე ნელია.
ტრაკზე ნემსის დარჭობის ეროვნული ფეტიში, პირველ რიგში, პლაცებო ეფექტით აიხსნება - „აი, ნემსით ნამდვილად გაივლის ტკივილი“.
საქართველოში დამკვიდრებული, მეზობლიდან-მეზობელზე, ბებიიდან-შვილიშვილზე გადასული 4 კვადრატის ტექნიკა არასწორი და არაზუსტია.
საჯდომზე ინექცია კეთდება კუნთში მუსკულუს გლუტეუს მედიუს, რომელიც საკმაო ზემოთ და გვერდში მდებარეობს.
თან არავინ აკეთებს საქართველოში აბსოლუტურად სავალდებულო ასპირაციას წამლის შეყვანამდე, რომ გამოირიცხოს ინტრავაზალური მდებარეობა.
ანუ ის, რომ ნემსის წვერი ნამდვილად კუნთოვან ქსოვილში მოხვდა და არა რომელიმე სისხლძარღვში.
ასპირაციის გარეშე შეიძლება მხოლოდ კუნთისთვის განკუთვნილი პრეპარატი მოხვდეს სისხლძარღვში, რაც სერიოზული პრობლემებით ან საერთოდ კატასტროფით დასრულდეს!
ასევე ხშირია ხოლმე აბსცესები არასწორი ტექნიკის და დეზინფექციის გამო.
გთხოვთ, ნელ-ნელა გადავიდეთ 21-ე საუკუნის მედიცინაში! ასეთი დაუდევრობა და ზედაპირულობა არ შეიძლება ჯანმრთელობის საკითხებში.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და დაუჩხვლეტელ საჯდომებს გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.