Digest Logo

„შეიძლება, შენ კაცი მოკლა აღელვების ნიადაგზე და შემდეგ ინანო, მაგრამ...“ - რატომ არის ადამიანის სიძულვილი მისი მკვლელობის ტოლფასი?

1773121185
გურამ ოთხოზორია

რა განსხვავებაა ადამიანის მიერ ადამიანის სიტყვიერად და ფიზიკურად მოკვდინებას შორის? რატომ აქვს სიტყვას ზუსტად ისეთივე ძალა, როგორიც ქმედებას? რატომ უტოლდება ადამიანის სიძულვილი ადამიანის მკვლელობას? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

– რატომ არის ჩვენი, თითქოს, ჰუმანური და მართლაც უძველესი კულტურა მაინც ცოტათი დაუნდობელი?

– დიახ, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს შესაბამისი კულტურა. მთავრობაც დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს: თუ პატიმრების მხარეზე დადგება, საზოგადოების ეშინია, იმიტომ რომ საზოგადოება დაუნდობელია. მას აქვს კლიშე, რომ დამნაშავე ციხეში უნდა ჩალპეს. ყველას სმენია სმიტების ოჯახის ტრაგედია. მწყემსმა ბიჭმა ცოლი, ქმარი და პატარა ბავშვი რომ დახოცა. მე მასთან შევედი ციხეში და მაჩვენა მოკლულის მშობლების მიერ გამოგზავნილი წერილი, მალხაზ, ჩვენ გაპატიეთ ქრისტეს სახელით და ახლა შენ გთხოვთ, ქრისტეს სახელით მოინანიეო, უგზავნიან ციტატებს სახარებიდან, პავლე მოციქულის წერილებიდან. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკულ საზოგადოებას აქვს ეს კულტურა. მათ თავის დროზე სახარების პრინციპებზე ააწყვეს სახელმწიფოს მოდელი. შესაბამისად, ამერიკის ბირთვი დგას სახარებისეულ პრინციპებზე და ასე იზრდებოდნენ ამერიკელები. ჩვენ კი ბოლშევიზმი გავიარეთ, ათეიზმი გავიარეთ, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ყველა, ვინც არ გეთანხმება, უნდა მოახრჩო. გასაგებია, რომ ის მკვლელია, მაგრამ შენც რომ ჯალათი გამოდიხარ?! შენ რომ ატარებ ამ ბომბს?! პოლიციის რომ არ გეშინოდეს, უარესს ჩაიდენდი, უკვე ჩაიდინე, იმიტომ რომ ინატრე ადამიანის წამება და მოკვდინება, ვინც უნდა იყოს ის ადამიანი და რაც უნდა ჰქონდეს ჩადენილი. როდესაც იმ ახალგაზრდა ბიჭისგან მოვდიოდი, ტაქსის მძღოლს ვუამბე წერილის შესახებ და ხუთი წუთის განმავლობაში ჰყვებოდა, როგორ უნდა დაესაჯათ მკვლელი. ამიტომ მთავრობასაც უჭირს, ვინაიდან ჩვენთან ყველგან აგრესიაა გამეფებული, ლანძღავენ ერთმანეთს, გგონია, ნაკლები დანაშაულია, როდესაც ადამიანს ცუდს უსურვებ და ემუქრები?! ამიტომ მე ვემხრობი მუხლს, რომელიც მუქარას სჯის, რადგან, თუ ეთანხმები ადამიანის წამებას ან მოკვდინებას, შენ ამის გამკეთებელიც ხარ. ქრისტე ამბობს, კაცის მოძულე კაცის მკვლელი არისო. შეიძლება, შენ კაცი მოკლა აღელვების ნიადაგზე და შემდეგ ინანო, მაგრამ შეიძლება, არავინ მოკლა და მთელი ცხოვრება ატარო ბოღმა, თუ როგორ უნდა მოკლა კაცი. ამ შემთხვევაში შენ უკვე მკვლელი ხარ.

ისევ მოძღვრის თემას რომ დავუბრუნდეთ: ჩვენთან დამახინჯებულად შემოვიდა მოძღვრობის ისეთი გაგება, როგორიც დღეს არის ჩამოყალიბებული: დეტალების გამო ურეკავენ მოძღვრებს და შემდეგ უხარიათ, კურთხევა მაქვსო. თავის დროზე ასეთი იყო მონასტრული წესი. დავუშვათ, ინანიებდნენ არისტოკრატები, რომლებიც სავსენი იყვნენ მომხვეჭელობით, პატივმოყვარეობით, ამპარტავნებით. მაგრამ ერთია მონანიება და მეორე, რომ ეს თვისებები ჩვევებად გაქვს ჩამოყალიბებული, ამიტომ მონასტრებში მათ მიუჩენდნენ ბერს, არა მღვდელს, არამედ ბერს, ვინც მათ ამ ჩვევების დაძლევაში ეხმარებოდა ისეთი მორჩილებების კეთებით, რაც ეგოს უნგრევდა, ბოლომდე აწამებდა, უხეშად რომ ვთქვა. და, რა თქმა უნდა, წამებაა, როდესაც შენ ამხელა სტატუსი გქონდა და ამ დროს ცოტა აგდებულადაც კი მიგითითებენ, ეს გააკეთე, ის გააკეთე და შენც ემორჩილები. ეს სპეციალური დისციპლინა იყო, იმიტომ რომ მორჩილება საპირწონეა: რა ზომითაც შენ გადასცდი ჭეშმარიტებას და ეგო გააძლიერე, ახლა რომ მოინანიე, რაც გამოგყვა, ის ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს მორჩილებამ. ამის მისაღწევად უნდა მოგაქციოთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მორჩილება გააწონასწორებს შენს აღმატებულობას, რათა გაწონასწორდე და მყარად დადგა ფეხი, ანუ ჩამოხვიდე მაღლიდან დაბლა. ამისთვის კი შენი ადრინდელი სიმაღლის შესაბამის სიღრმეში უნდა ჩაგაგდონ. აი, ეს გადმოვიდა შემდეგ ერში და ლამის უკვე იმას ეკითხები მოძღვარს, დავაცემინო თუ არაო. ვაბუქებ, მაგრამ ზოგჯერ მოძღვრებიც ვცოდავთ. მსგავს რამეს რომ გეკითხება მრევლი, შენ რომ მოძღვარი ხარ, არ უნდა ისარგებლო ამ მდგომარეობით. მოძღვარი არის ქრისტეს გამხსენებელი, ხოლო, თუ უბრალოდ ინსტიტუციურად ხარ, იერარქიულად, მაშინ არსი დაკარგულია, მადლი არ არის. კიდევ ერთხელ გავიხსენებ პატრიარქის სიტყვებს: დამოუკიდებლობის პირველი წლები უნდა ყოფილიყო ტაძრების მშენებლობისა და მღვდელმსახურების ჩატარების პერიოდი. ახლა კი, როდესაც ტაძრებიც გვაქვს და მღვდელმსახურებიც გვყავს, უნდა დავიწყოთ თვისებრივში გადასვლა, ანუ მღვდელმსახურების სულიერი და ზნეობრივი ამაღლება. ასე კი ითქვა, მაგრამ, ვახერხებთ თუ არა, სხვა საკითხია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღე არასასიკეთოა მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად“ - 10 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: tbiliselebi.ge