ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქრისტეზე წერს. ასტროლოგი ამბობს რომ იესო სავარაუდოდ, ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა და ამის მაგალითები ძველი აღთქმის წიგნიდან მოჰყავს:
„პირველი ქრისტიანებისათვის არაფრის მთქმელი იყო თარიღი ამ წელთაღრიცხვის პირველი წლის 25 დეკემბერი.
ეს დღე ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინების დღედ მხოლოდ VI საუკუნეში დაწესდა. როდესაც იტალიელმა სწავლულმა ბერმა დიონისე მცირემ გამოაცხადა, რომ იესო ქრისტე იშვა 532 წლის წინ და ამ თარიღიდან უნდა დაეწყოთ წელთაღრიცხვა. მანვე შესთავაზა ეკლესიას 25 დეკემბერიც - მზის ტრაექტორიის ერთ-ერთი უმთავრესი წერტილი. იქამდე წელთაღრიცხვაც ჩვეულებრივად გრძელდებოდა ძველი ტრადიციების მიხედვით.
რიცხვი 532, 28-ისა და 19-ის ნამრავლს წარმოადგენს. ყოველ 28 წელიწადში თვეებისა და კვირათა დღეები ერთმანეთს ემთხვევა. ამას მზის წრე ეწოდება. ყოველ 19 წელიწადში მთვარის ფაზები თვეების ერთსა და იმავე რიცხვზე მოდის. ასევე დაემთხვევა ერთმანეთს მთვარის სხვა ფაზებიც.
გაამრავლა რა 28 19-ზე, დიონისე მცირემ მიიღო რიცხვი 532. ყოველ 532 წელიწადში თვეებისა და კვირათა დღეები და მთვარის ფაზები ზუსტად ერთსა და იმავე დღეებზე მოდის, ე.ი. კვირის დღე და თვის რიცხვი ემთხვევა მთვარის ფაზას. ამგვარი გადაწყვეტილება აადვილებდა საეკლესიო დღესასწაულების გამოანგარიშებას, რადგან ზოგი მათგანი მზის წრის მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად შობა, ზოგი კი - მთვარის წრის მიხედვით, მაგალითად აღდგომა. ამიტომ შობა მუდმივია, აღდგომა კი მოძრავია.
მაგრამ იესო უნდა ყოფილიყო არაჩვეულებრივი კოსმოგრამის პატრონი, ჰარმონიული იმდენად, რამდენადაც დედამიწაზე დაბადება იძლევა ამის საშუალებას. ეს კი მაშინ მოხდება როდესაც პლანეტები თავიანთი მმართველობის ნიშნებში დგანან. ჩვ.წ.აღ-მდე 7 წელს ასეთი პერიოდი იყო 21-23 აგვისტო.
მზე ლომში, მთვარე კირჩხიბში, მერკური ქალწულში, ვენერა სასწორში, მარსი მორიელში, ხოლო სატურნის და იუპიტერის შეერთება, ანუ ბეთლემის ვარსკვლავი - თევზებში. ასეთი განლაგება არც იქამდე ყოფილა და არც მას მერე განმეორებულა!
და გარდა მაგისა, ის რომელსაც მოაქვს სითბო, სინათლე, სიყვარული, რომელ ნიშანში უნდა იყოს დაბადებული თუ არა ლომისა, რომელიც თავის მხრივ მე- 5 სახლს მართავს? - მე-5 სახლი ასტროლოგიურად ხომ სიყვარულია და შემოქმედება? და რას მართავს ამ დროს თხის რქა და სატურნი?- კარიერას? განა ეს იყო იესოს მისია - უმაღლესი კარიერული საფეხური დაეპყრო? მან ისედაც იცოდა თავისი ღვთიური წარმომავლობის შესახებ და არ სჭირდებოდა იერარქიები და ტიტულები. ისევე როგორც ლომმა იცის, რომ ის მეფეა.
მზე არის ცენტრალური ფიგურა ჩვენი სისტემის. ის იძლევა სიცოცხლეს, სითბოს, ფოტოსინთეზს ეხმარება და ასე შემდეგ. მზე არის უფლის სინონიმი რელიგიაშიც. თუნდაც ტერმინი „ბრწყინვალე წყვდიადი“ რომ ავიღოთ. უძველეს ხანაში ზოდიაქოების მნიშვნელობის დატვირთვა არ იყო ადამიანების ფსიქოტიპის აღწერა, ანუ რაც დღეს გვაქვს, ეს გაცილებით გვიანდელია. დავწერ იმაზე როგორმე, თუ რა დატვირთვა ჰქონდათ თანავარსკვლავედებს მაშინ.
ან თუნდაც იმას, რატომ იყო ეგვიპტურ კალენდარში, რომ ათვლა ქალწულიდან (და არა ვერძიდან) იწყებოდა და ლომით მთავრდებოდა.
ამას კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ძველი აღთქმის წიგნი, კერძოდ კი დაბადება, თავი 49 (9.10.)
სადაც იაკობი ამბობს, რომ მოვა ლომად გამოსახული მმართველი, რომლის მეფობაც მოიცავს ერებს და ის მოვა იუდა ისრაელელის ტომიდან. მართლაც იესო მოვიდა იუდას ტომიდან. ეს არის ზუსტად ის, რასაც ლომი ასახავდა უძველესი დროიდან.
„შენ ლომის ბოკვერი ხარ, იუდა; ნადავლზე წამომართული, შვილო. წაიხარა, გაწვა, როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი - ვინ გაბედავს მის წამოგდებას? არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!“.
ჩემთვის ეს ნაწყვეტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქრისტე ლომის ზოდიაქოს ქვეშ არის დაბადებული“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბრწყინავ, როგორც ყოველთვის“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს წითელ კაბაში პოზირებს