რატომ აღარ ჰყავს თბილისის ზოოპარკს ჟირაფი? - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პოდკასტში „ეგ არაფერი“ ისაუბრა. თუმცა, როგორც მან განმარტა საქართველოში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება, რის გამოც თბილისის ზოოპარკში ჟირაფების მისაღებად აქტიური მზადება მიმდინარეობს.
გურიელიძის თქმით, აქამდე თბილისში ამ ეგზოტიკური ცხოველის შენახვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა, თუმცა ამჟამად ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამ ეტაპზე ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფებისთვის ზამთრის ვოლიერი შენდება, რის შემდეგაც საზაფხულო სივრცის მოწყობა იგეგმება.
„თბილისის ზოოპარკში არ გვქონდა ჟირაფის შენახვის პირობები, ახლა კი შენდება ზამთრის ვოლიერი და დარჩა საზაფხულო ვოლიერის აშენება. შემდეგ დგება მეორე პრობლემა, სადღაც უნდა დაიბადოს ჟირაფი და გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, ანუ იმ ზომის უნდა იყოს, რომ აქ ჩამოყვანა შევძლოთ და ჟირაფი ჩამოყვანა მხოლოდ თვითმფრინავით არის შესაძლებელი, და იმხელა უნდა იყოს რომ შეეტიოს, ასე რომ ბევრი სირთულე ახლავს“,- აცხადებს გურიელიძე.
ზოოპარკის დირექტორი ისტორიულ ფაქტსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქს ჟირაფების მიღების გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა:
„ბევრს ახსოვს, რომ ზოოპარკში იყო ჟირაფი - 1962 წელს თბილისში 2 ჟირაფი იმყოფებოდა, რომლებმაც რამდენიმე თვე იცხოვრეს და შემდეგ დაიღუპნენ. ზოოპარკში კი ერთ-ერთის ფიტული დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა“, - იხსენებს ზურაბ გურიელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕10 სექტემბრის გზავნილი - „გაბედე და დიდი სურვილები ჩაიფიქრე“