Digest Logo

წლის დაშორება და სკანდალები - ყველაზე ხმაურიანი ამბების „დაიჯესტი“, რომლებმაც 2025 წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია

1766574000
დაშორება, შერიგება 2025

2025 წელი შოუბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს წელი ბევრისთვის მძიმე ემოციებთან, საჯარო კონფლიქტებთან და მოულოდნელ აღმოჩენებთან ასოცირდა. ზოგიერთი ვარსკვლავისთვის იგი ნეგატიური მოვლენებითა და კრიზისებით იყო დატვირთული, რაც ცრემლებისა და ნერვიულობის ფასად დაუჯდათ, სხვებისთვის კი იმიჯის, კარიერისა და პირადი ცხოვრების სერიოზული გამოცდა გახდა.

წლის განმავლობაში არაერთი ფარული ამბავი გამოაშკარავდა, რომლებმაც სოციალური ქსელები ააფეთქა და საზოგადოება შოკში ჩააგდო. ვიხილეთ ხმაურიანი დაშორებები და მოულოდნელი შერიგებები, სკანდალური განცხადებები, მძიმე ბრალდებები და დაპირისპირებები, რომლებმაც შოუბიზნესი მუდმივი განხილვის ეპიცენტრად აქცია.

„დაიჯესტი“ გასული წლის ყველაზე სკანდალურ, განხილვად და დაუვიწყარ მოვლენებს ჩვენო ერთგულო მკითხველებო, თქვენთვის ერთ სივრცეში გააერთიანებს:

დაშორებები

ალექსანდრა პაიჭაძე - დავით კოდუა

ამ რუბრიკაში მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა გასულ წელსაც მოხვდნენ, როგორც სკანდალურად დაშორებული წყვილი. მიუხედავად ამისა, დაშორების შემდეგ მათ ურთიერთობას მეორე შანსი მისცეს და შერიგდნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრიზისი მათ კავშირს საბოლოოდ დაუძლეველი აღმოჩნდა.

წყვილმა ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულა, თანაც საკმაოდ ხმაურიან ფონზე. კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო დავით კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა,როგორც მოგვიანებით, ალექსანდრა სოციალურ ქსელში წერდა, კოდუას დედამ, ის და მისი ქალიშვილი ბინიდანაც კი გააგდო.

„სამწუხაროდ დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემ შვილს წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად!“, - წერდა ალექსანდრა პაიჭაძე

აღნიშნულს დავით კოდუას დედამ უპასუხა:

„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...დათოს ვუთხარი, ჩემ ბინაში შედით და იყავით, თუ გინდა-მეთქი. იქ იყვნენ. ბოლოს აღარ უნდოდა დათო. დაუწყო ლანძღვა, პირშიც ლანძღავდა ჩემს შვილს. სულ უსიამოვნებები ჰქონდათ. მერე დათოს ვუთხარი, ტყუილად ნერვიულობ; გატაცება ჰქონდა თუ რაც ჰქონდა შენს მიმართ, ეტყობა, გადაუარა, ახლა უკეთესი ნახა, ალბათ, და თავი დაანებე, ცოლ-ქმარი მაინც არ ხართ-მეთქი.

ნელ-ნელა ჩამოშორდა, დათოს გული აუცრუვდა. ალექსანდრა ჩემს სახლში დარჩა და დათო შვილის, ვიკის სანახავად რომ მიდიოდა, თავი დამანებოს თქვენმა ძმამ, ვერ ვიტანოო, ჩემს შვილებს ეუბნებოდა პაიჭაძე. იქ ბავშვის სანახავად მისულ დათოს უყურადღებოდ, უპატივცემულოდ ექცეოდა. სიღრმისეულად რა მოხდა, ჩემი კუთხიდან მაგის თქმა, ძნელია. შვილია, მაგრამ მის ცხოვრებაში დედა არ უნდა ჩაერიოს, არ არის ლამაზი. მე ის ვიცი ჩემი შვილებისგან, რომ დათოს ყველგან ლანძღავს და აგინებს. ჩემს შვილს მაგისთვის არაფერი დაუკლია, სასწაულებს უკეთებდა. მერე ბიჭებიც გიჟდებოდნენ, რატომ უკეთებს ამდენს, თავში აუვარდა ამ გოგოსო! ხმამაღლა შემიძლია ეს ვთქვა!“,- განაცხადა ღაჭავამ მედიასთან.

შეგახსენებთ, წყვილის გარშემო მუდმივად იყო სკანდალი, დაშორება-შერიგების ამბები. თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არც ყოფილან. წყვილს ერთი საერთო შვილი - ოთხი წლის ვიქტორია ჰყავთ.

ილია თოფურია - ჯორჯინა უზკატეგუი

ქართული და ესპანური მედიის ცნობით, 2025 წლის მიწურულს UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში სერიოზული კრიზისი შეექმნა, რომლის მიხედვითაც თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო სოციალური ქსელებიდან წაშალა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ჯორჯინამაც, რამაც საზოგადოებაში დაშორების შესახებ ეჭვები გააჩინა.

მედიის ინფორმაციით, მოვლენები იმდენად შორს წავიდა, რომ წყვილი ოფიციალურად დაშორდა და საქმე სასამართლო დავამდეც მივიდა. დასავლური სპორტული მედიის - Sportscasting-ის ცნობით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენის გვერდით იდგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინების ოფიციალური სარჩელი შეიტანა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური დავა. სავარაუდოდ, ჯორჯინა ბადელი თოფურიას აქტივების 50 პროცენტს ითხოვს, მაშინ როდესაც ჩემპიონის ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ ქონებრივი დავა საკმაოდ მასშტაბური და მწვავეა.

აღნიშნულ სკანდალზე ილია თოფურიამ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

„ბოლო კვირებში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შევწყვიტო ტიტულის დაცვა, რადგან გაჩნდა გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩემს პირად ღირსებას, ოჯახსა და რეპუტაციას. ბოლო თვეებში ვგრძნობდი მძიმე ზეწოლას და მუქარას ცრუ ბრალდებების გავრცელების შესახებ, რაც სრულიად უსაფუძვლოა. ყველა მტკიცებულება დოკუმენტირებულია და გადაცემულია სასამართლოს, რათა სამართლებრივად დადგინდეს სიმართლე. დუმილი ჩემი შვილების დაცვის მიზნით ავირჩიე, თუმცა მივხვდი, რომ სიმართლეს ფაქტები სჭირდება. სრულ ნდობას ვუცხადებ სამართლებრივ პროცესს და მომავალში საჯარო განცხადებებს აღარ გავაკეთებ“.

შეგახსენებთ, წყვილს ერთი საერთო შვილი - ჯორჯინა ჰყავს, ხოლო ილიას პირველი ქორწინებიდან - ჰუგო.

თამო ვაშალომიძე და აკა სამხარაძე

2025 წლის შემოდგომას მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ხმაურიანი განქორწინების გამო საზოგადოების ბულინგის ქვეშ მოექცა - იგი მეუღლეს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს დაშორდა. ცხოვრების ამ რთული გადაწყვეტილების პარალელურად, თამო ვაშალომიძე კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა - ის საკუთარი ბრენდის პრეზენტაციისთვის ვენეციისა და კანის კინოფესტივალებზე და აშშ-ში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

„ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მეც დავუშვი შეცდომა, ისეთ დროს გავაკეთე კომენტარი ისეთ რაღაცაზე, როცა ხმა არ უნდა ამომეღო და არაფერ შუაში ვიყავი. ამიტომაც ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი იმ მომენტში. შეიძლება ბევრი რაღაც ზედმეტი იყო სხვების მხრიდან, მაგრამ არა უშავს, ვისწავლე და გამოვასწორებ, აღარ გავიმეორებ ასეთ საქციელს“, – თქვა თამო ვაშალომიძემ ერთ-ერთ მედიასთან განქორწინების მიზეზებზე.

გარდა ამისა, თამო ვაშალომიძემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ ავტომობილი დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი მანქანის შეძენა მოუხდა.

„ის მანქანა სხვისი იყო და მისმა მფლობელმა წაიყვანა. სამაგიეროდ, უკვე ახალი და ძალიან კარგი ავტომობილი შევიძინე, სალონის ფერი ზუსტად ისეთია, როგორსაც მიჩვეული ვარ. ეს ჩვენ შევძელით, ეს გავაკეთეთ“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

ცნობისთვის, თამოს ორი შვილი ჰყავს. უმცროსი ვაჟის მამა კი აკა სამხარაძეა. უფროსი ქალიშვილის, სოფიას მამაზე კი მედიაში ინფორმაცია არ მოიპოვება.

ლუკა ნაჭყებია - ანუკა ჯორბენაძე 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს  „მასტერშეფის“ ყოფილი ჟიური, ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია, პირად ცხოვრებაში 2025 წელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. როგორც ირკვევა, 2023 წელს დაქორწინებული ნაჭყებია მეუღლეს დაშორდა. მისი რჩეული პროდიუსერი ანუკა ჯორბენაძე იყო, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ანიტა ჰყავს.

ლუკა ნაჭყებიამ პირად ცხოვრებაზე გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ ისაუბრა და გულწრფელად აღნიშნა: „შვილი მყავს, ცოლი აღარ“.

ლაშა გურგენიძე

მსახიობი ლაშა გურგენიძე მეორე მეუღლეს თაკუნა მჭედლიშვილს დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ლაშა გურგენიძემ ახალი რჩეული დანიშნა და სოციალურ ქსელში მათი ნიშნობიდან ფოტოები გავრცელდა. ცნობილია მსახიობის ახალი რჩეულის ვინაობაც, იგი ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა.

ცნობისთვის, ლაშა გურგენიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. თაკუნა მჭედლიშვილთან მას საერთო შვილი არ ჰყოლია. ლაშა გურგენიძე და თაკუნა მჭედლიშვილი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები.  წყვილმა 2022 წელს იქორწინა და გრანდიოზული წვეულება გადაიხადა.

ბექა ხოფერია 

ბიზნესმენი, მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა, რომელთან იტალიაში გადახდილი ქორწილის შესახებ შარშან მთელი საქართველო საუბრობდა. ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. აღნიშნულ ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ცერემონიალს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.

ამჯერად ბიზნესმენს ახალი რჩეული ჰყავს, რომელთან ერთადაც მალდივებზე ისვენებდა და შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა. ბექა ხოფერიას ახალი შეყვარებული ასევე ცნობილი გოგონა, ნუცა ადამიაა. ნუცა ადამიას შესახებ საზოგადოებამ 2016 წელს შეიტყო, როცა ის ირაკლი ალასანიას რძალი გახდა. მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ. ვიხილავთ თუ არა ბიზნესმენის მე-4 ქორწინებას ეს ჯერ უცნობია.

რაც შეეხება მსოფლიო ვარსკვლავურ დაშორებებს, ასე გამოიყურება მათი სია:

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი

8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი ერთმანეთს დაშორდნენ. ცნობილი გახდა, რომ წყვილი, რომელიც 2017 წლიდან იყო ერთად და 2018 წელს ჩუმად იქორწინეს მათი დაშორების მიზეზი შესაძლოა იყოს განსხვავებული შეხედულებები შვილების გაჩენის შესახებ. ინსაიდერები ამბობდნენ, დაკოტა ჯონსონი, რომელიც ახლა 35 წლისაა, ოჯახის სიმყუდროვისა და გაფართოებისკენ იყო მიდრეკილი, ხოლო კრის მარტინი, რომელიც უკვე ორი შვილის მამაა ყოფილი მეუღლის, გვინეტ პელტროუსგან, შესაძლოა ამ ეტაპზე ოჯახური ცხოვრების გაგრძელების მომხრე და მეტი შვილის ყოლისთვის მზად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო, ისინი კვლავ მეგობრულ ურთიერთობაში არიან. კრის მარტინმა Rolling Stone-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაკოტა ჯონსონი მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია.

ქეთი პერი და ორლანდო ბლუმი

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ, რაც 2025 წელს შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია: მათ შორის კეტი პერის მონაწილეობამ New Shepard-ის ხომალდით კოსმოსურ ფრენაში, ასევე მისი ბოლო მუსიკალური ალბომის გარშემო ატეხილმა კრიტიკამ, რომელმაც არტისტისთვის ემოციურად რთული პერიოდი შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში კეტის საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ორლანდო ბლუმის ყოფილმა მეუღლემ, სუპერმოდელმა მირანდა კერმა. ეს ჟესტი ბევრმა სოლიდარობისა და ქალთა მხარდაჭერის მაგალითად აღიქვა, რამაც ისტორია კიდევ უფრო სიმბოლური გახადა.

ხმაურიანი დაშორების შემდეგ, მომღერალი კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს გვერდით რამდენიმე საჯარო ადგილზე შენიშნეს ჯერ ვახშამზე, მოგვიანებით კი იახტაზე. ფოტოები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ წყვილს შორის რომანტიკული კავშირი შეიქმნა და ისინი ერთმანეთის კამპანიაში და სიყვარულით ტკბებოდნენ.

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი

20-წლიანი ქორწინების შემდეგ, მსახიობი ნიკოლ კიდმანი და მომღერალი კიტ ურბანი დაშორდნენ. ინფორმაცია BBC-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემამ ასევე დაადასტურა მანამდე სხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ წყვილი ზაფხულიდან ცალ-ცალკე ცხოვრობს, კიდმანს კი ქმართან დაშორება არ უნდა. დაშორების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა 2006 წლის 25 ივნისს, ავსტრალიაში იქორწინეს. 2 წლის შემდეგ წყვილს ქალიშვილი, სანდეი როუზი შეეძინა. მეორედ ნიკოლი და კიტი სუროგატი დედის წყალობით გახდნენ მშობლები - 2010 წელს სანდეის და, ფეიტ მარგარეტი შეეძინა.

ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი

რეჟისორისა და მსახიობის წყვილი, რომელიც ბევრისთვის მომწიფებული და კარგად გააზრებული სიყვარულის სიმბოლო იყო, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

67 წლის რეჟისორსა და 60 წლის მსახიობს შორის შესაძლო რომანის შესახებ პირველად 2023 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც პაპარაცებმა წყვილი ვალენტინობის დღეს, კოცნისას დააფიქსირეს. რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ მონიკა ბელუჩიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ ტიმ ბარტონთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოების ინტერესი და მედიის ყურადღება მათ პირად ცხოვრებაზე.

დაშორების მიზეზებზე ინფორმაცია მედიაში არ გავრცელებულა.

2025 წლის სკანდალები 

მომღერალი ნინო ჩხეიძე კიდევ ერთხელ მოხვდა მედიის და სოციალური ქსელის ყურადღების ცენტრში - ამჯერად პირადი ცხოვრების კრიზისის გამო. რამდენიმე თვის წინ მისმა „ინსტაგრამის“ პოსტმა, სადაც ნათქვამი იყო: „ყველაფერი იწყება და მთავრდება! მადლობა, კორახ“, - გულშემატკივრებს დაშორების ეჭვი გაუჩინა.

მოგვიანებით მომღერალმა გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას აღნიშნულ ეჭვებზე კომენტარი გააკეთა:

„ქმარს არ გავშორდი. გიორგი ჩემი ყველაზე ახლო და საუკეთესო ადამიანი არის. უბრალოდ ის საქართველოში არ ცხოვრობს და ისეთი ახლო ცოლქმრული თანაცხოვრება არ გვაქვს. თუმცა ყველა დეტალსა და ნიუანსში ერთად ვართ ჩართულები“.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჭორები დაშორების შესახებ უსაფუძვლოა და ნინო ჩხეიძე საკუთარ პირად სივრცეს იცავს, მიუხედავად სოციალურ ქსელებში გაჩენილ აჟიოტაჟისა.

გიორგი ჯობავა - ძარცვა 

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა, რომელმაც 2025 წელს მთელი თავისი ენერგია „იუთუბის“ არხის განვითარებას დაუთმო, ქორწილებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების გადაღებას რამდენიმე ხნით ჩამოშორდა. ერთი თვის განმავლობაში მან ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებმაც ათასობით ნახვა და 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა. თუმცა, მისი საქმიანობის პარალელურად „იუთუბი“ სკანდალით აავსო ამბავმა, რომლის მიხედვითაც გიორგი ეკვადორში მოგზაურობის დროს გაძარცვეს. როგორც მისი მეუღლე, სალი წვერავა აცხადებდა, მომხდარი მაშინ მოხდა, როცა ვიდეოგრაფი ამაზონის ჯუნგლებისკენ მიემართებოდა. გიორგიმ სიტუაცია სიმშვიდითა და რესურსების მობილიზებით დაძლია, ახალ ტელეფონზე გადაიღო ვიდეო, რომელიც საქართველოდან გადარიცხული ფულით შეიძინა, ხოლო გიდმა დეივიდმა კამერის პრობლემაც მოუგვარა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებში ამბავი ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი ამბავს გულთან ახლოს მიიტანა, ზოგმა კი გიორგის ტყუილში დაადანაშაულა, მათ შორის მისმა კოლეგებმაც.

ციცინო შურღაია - ია ფარულავას დაპირისპირება

ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი ციცინო შურღაია 2025 წელს მძლავრი ხმაურის ცენტრში მოხვდა, როდესაც სოციალურ ქსელში მკვეთრი კომენტარი გააკეთა ია ფარულავაზე, რომელთანაც წლებია მეგობრობდა. შურღაიას თქმით, ფარულავამ დასცინა ბესო კალანდაძეზე (შურღაიას ყოფილი ქმარი) და მის დედაზე, რასაც აღარ დატოვებდა რეაგირების გარეშე.

„ბოლო დროს ყველაფერი პირად სივრცეზე გადავიდა. ბესო კალანდაძეზე და დედამისზე რაც გითქვამს, მაგას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის. ისე, მართლა ბესოს კლანია და დღეს ერთნაირად მეზიზღებით ორივე. მთელი საქართველო დაგცინის. ეს სკანდალი შენ დაიწყე „ვანოს შოუში“ და ახლა მე ვიცი, რას ვიზამ“, - დაწერა ციცინო შურღაიამ.

მისი მწვავე სტატუსი სოციალური ქსელის მომხმარებლებში სწრაფად გავრცელდა, ნაწილმა შურღაიას მხარდაჭერა გამოხატა, ზოგი კი ია ფარულავას დაუჭირა მხარი. ცხადია, ამ სკანდალს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც პირად დავას, უძრავ ქონებაზე და სხვა დეტალებს გულისხმობს. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე სცდება მედიისა და მკითხველის ინტერესებს და ამბის თხრობას აქ დავასრულებთ.

დაბოლოს, 2025 წელი შოუბიზნესისთვის განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა: წყვილების დაშორება, სკანდალური რომანები, სასამართლო დავები და სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრება და საჯარო იმიჯი ერთმანეთს მკვეთრად ჰკვეთს.