Digest Logo

🎥 „წვიმები მოიმატებს, რაც 2027 წლისთვის უფრო საგრძნობი გახდება“ - რა გავლენა ექნება „ელ-ნინიოს“ გლობალურ ფენომენს საქართველოზე

1782909725
ელ ნინიოელ ნინიო

გლობალური კლიმატური ფენომენი „ელ-ნინიო“ მსოფლიოს მასშტაბით ამინდის მკვეთრ გაუარესებას, მოსავლის განადგურებასა და სურსათის გაძვირებას იწვევს. მეტეოროლოგების განმარტებით, აღნიშნული ციკლი, რომელიც 2-დან 7 წლამდე გრძელდება, ყოველ ჯერზე სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იღებს და იწვევს როგორც უპრეცედენტო წყალდიდობებს, ისე ამაზონის ტყეების დაშრობასა და ხანძრებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ კერებისგან შორს მდებარეობს, კლიმატის ცვლილება ქვეყანაზე სავარაუდოდ, „პეპლის ეფექტით“ ან სხვა სახით მაინც აისახება.

რა ემუქრება საქართველოს? „ელ ნინიო“, მყინვარები, მოსავალი, გვალვები, კლიმატი დღეს  - ამ საკითხებზე დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა სუხიშვილი  „ცოდნის მოყვარე პოდკასტი“ საუბრობს:

„კლიმატზე ინსტრუმენტული დაკვირვება მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ფიზიკა და მეცნიერება განვითარდა. მანამდე არსებული ინფორმაცია, ძირითადად, გლეხების გადმოცემებს ეყრდნობოდა. დღეს ფერმერმა მოსავლის აღებისას უკვე ზუსტად იცის, რა შეიცვალა და როგორი ამინდი იყო.

„ელ-ნინიოს“ შემთხვევაშიც, ეს ფენომენი თავდაპირველად მეთევზეებმა აღმოაჩინეს, როდესაც კონკრეტულ წელს ბევრად ნაკლები თევზი მოიპოვეს. „ელ-ნინიოს“ ფენომენი კლიმატის უკიდურესობებს იწვევს, სადაც თავსხმა წვიმები იყო, კიდევ უფრო მეტი წვიმა იქნება; იქაც კი გაწვიმდება, სადაც აქამდე არასდროს უწვიმია.

რა ზიანი მიადგება მსოფლიოს? იქნება ქვეყნები, რომლებსაც ძლიერი გვალვები დაატყდებათ თავს, სხვაგან კი წყალმოვარდნები დაიწყება. მაგალითად, ამაზონის ტყეები ამ დროს გვალვის გამო შრება, რაც მასშტაბურ ტყის ხანძრებს იწვევს. ვინაიდან საქართველო გეოგრაფიულად შორსაა, ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები ჩვენზე - იქნება ეს ე.წ. პეპლის ეფექტი, თუ მესამე და მეოთხე ხარისხის გავლენა.

ვფიქრობ, საქართველოში მოიმატებს წვიმები, რაც 2027 წლისთვის უფრო საგრძნობი გახდება. „ელ-ნინიოს“ ციკლი 2-დან 7 წლამდე გრძელდება და ყოველი მომდევნო ტალღა, როგორც წესი, უფრო ძლიერია. ეს გვალვები, წყალდიდობები და გადაუღებელი წვიმები, ცხადია, გამოიწვევს მოსავლის გაფუჭებას, რაც, თავის მხრივ, საკვების გაძვირებას განაპირობებს“, - პროგნოზირებს ლაშა სუხიშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: