Digest Logo

„უნიკალური მომენტია“ - ისტორიაში პირველად, ადამიანს შარდის ბუშტი წარმატებით გადაუნერგეს

1747735446
ამერიკაამერიკა

ამერიკელმა ექიმებმა ისტორიაში პირველად, შარდის ბუშტის გადანერგვა წარმატებულად განახორციელეს.

ოპერაცია ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექიმებმა განმარტეს, რომ ასეთი გადანერგვები აქამდე არ ჩატარებულა მენჯის სისხლძარღვების უკიდურესად რთული სტრუქტურისა და ჩარევის მაღალი ტექნიკური სირთულის გამო.

„შარდის ბუშტის გადანერგვა ისედაც წარმოუდგენლად რთული პროცედურაა, რომელსაც კიდევ უფრო აფერხებს მენჯის არეს რთული სისხლძარღვოვანი სტრუქტურა, ამიტომ ამ გარღვევისთვის ამდენი ხანი მოგვიწია ლოდინი. ტრანსპლანტაცია სიცოცხლის გადამრჩენი და მისი ხარისხის გამაუმჯობესებელი მეთოდია, რომელიც მთავარი ორგანოების პრობლემების დროს გამოიყენება. ახლა მათ რიცხვს შარდის ბუშტიც შეუერთდა“, - განაცხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის მიმართულების დირექტორმა ინდერბირ გილმა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანში პირველი ტრანსპლანტაციის მიმღები პაციენტი ოსკარ ლარაინზარია, რომელმაც სიმსივნის ამოკვეთის დროს შარდის ბუშტის უმეტესი ნაწილი და ორივე თირკმელი დაკარგა. მან შვიდი წელი დიალიზზე გაატარა და ამ ტიპის პროცედურის იდეალური კანდიდატი იყო.

ოპერაციისას ლარაინზარს შარდის ბუშტთან ერთად ახალი თირკმელიც გადაუნერგეს. ორგანოები ერთმანეთთან დააკავშირეს იმ იმედით, რომ მათი ერთობლივად ფუნქციონირება გახდებოდა შესაძლებელი. პროცედურამ დაახლოებით რვა საათს გასტანა.

ისინი ამბობენ, რომ გადანერგილმა თირკმელმა დიდი მოცულობით შარდის წარმოქმნა მალევე დაიწყო. პაციენტს ოპერაციის შემდეგ დიალიზი აღარ დასჭირდა და შარდი ახალ ბუშტში თავისუფლად გადადიოდა. ოსკარ ლარაინზარი თავს კარგად გრძნობს და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თუმცა, რამდენ ხანს გასტანს გადანერგილი ორგანოების ფუნქციონირება და არის თუ არა ეს ბევრი ადამიანისთვის იმედის მომცემი, ექიმების შეფასებით, დრო აჩვენებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 გაიცანით პირველი ქართველი „მეიქაფ“ არტისტი, რომელიც Dolce &Gabbana-ს წევრი გახდა - „ჩემი გამოცდილება 20 წელს მოიცავს“

„საოცარ ფორმაში ხარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე გადაღებებიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

„საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ“ - გიორგი ფხაკაძე