
საქართველოში სხვადასხვა ქალაქსა თუ ქუჩებში უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს მრავლად შევხვდებით. მათი ადგილსამყოფელი ყველამ იცის, მათ შორის სამართალდამცველებმაც, თუმცა იმის მიუხედავად რომ ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, ხელშეუხებლობის გარანტია მაინც აქვთ.
მეძავებზე იმდენი დაწერილა, რომ მათზე ახლის თქმა ძნელია, თუმცა ამ „სფეროშიც“ არსებობს იერარქია - ყველაზე დაბალი და მაღალი საფეხური, რომლის შესახებაც სტატია წლების წინ ჟურნალში „გზა“ გამოქვყნდა.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც ე.წ. „ელიტურ მეძავებსა“ და პროტოკოლის ქალებს ეხებათ.
„მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალების იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომს „ელიტური“ და „პროტოკოლის ქალები“ ეწოდებათ.
ისინი უზრუნველად ცხოვრობენ. დაახლოებით, შუადღეზე იღვიძებენ. თავის მოწესრიგებას დიდ დროს უთმობენ. სილამაზის სალონებში საკუთარი სტილისტი და პედიკიურ-მანიკიურის სპეციალისტი ჰყავთ. მასაჟისტებთან და დერმატოლოგებთან ყოველდღიურად დადიან, იღებენ მზის აბაზანებს. დღის რეჟიმის აუცილებელი ნაწილია ცეკვის გაკვეთილი, შეიპინგის დარბაზსა და ტრენაჟორებზე ვარჯიში. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაჰყვეთ ბუნებისგან ბოძებული სილამაზე. თვეში ორჯერ, მათ შინ აკითხავთ გამოცდილი ვენეროლოგი და გინეკოლოგი, თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ბევრ ქართველ მამაკაცს პრეზერვატივის გამოყენება არ უყვარს.
ელიტურ მეძავებზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან „პროტოკოლის ქალები“. მათ „ელიტის ელიტას“ უწოდებენ და ნებისმიერ მათგანს თამამად შეუძლია, ნებისმიერი სილამაზის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.
„პროტოკოლის ქალების“ კლიენტურას სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრები შეადგენენ. ამ წრეს მიეკუთვნებიან აგრეთვე ქართველი ბიზნესმენების უცხოელი სტუმრებიც, საელჩოების და საკონსულოების პერსონალი. და ბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობათა თანამშრომლები.
„პროტოკოლის ქალებს“ ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რაც ელიტურ „მეძავებს“ ერგოთ, დამატებით კიდევ ინგლისური ენის ცოდნასაც სთხოვენ. ისინი აგრეთვე მეტ-ნაკლებად მაინც უნდა ერკვეოდნენ მსოფლიო პოლიტიკაში, ბიზნესში, ჰქონდეთ ფსიქოლოგის თვისებები და, რა თქმა უნდა, კლიენტის მრავალფეროვნად გართობის უნარი.
მათთან დაკავშირება იმ სანდო პირის მეშვეობით ხდება, რომელსაც გაცილებით მაღალი სტატუსი აქვს, ვიდრე „მამაშას“.
„ელიტური მეძავების“ შრომის ანაზღაურების ტარიფი 200 დოლარიდან იწყება და იშვიათად - 800-მდეც კი აღწევს.
ელიტური მეძავები საზოგადოების რჩეულ, მდიდარ ნაწილს ემსახურებიან. სწორედ გამორჩეული კლიენტებიდან წარმოიშვა მათი საზოგადო სახელი. მათი კლიენტები არიან: მსხვილი ბიზნესით დაკავებული პირები, სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოსნები და უბრალოდ, ფულიანი „ბიძები“. ელიტური რანგის მეძავებთან დაკავშირება მხოლოდ დილერის, შუამავლის ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „მამაშას“ მეშვეობით არის შესაძლებელი. რამდენიმე მეძავს ერთი „მამაშა“ ჰყავს, რომელიც საზოგადოების ელიტურ ნაწილთან ძლიერ დაახლოებულია და მათთან ყოველდღიური სამსახურებრივი კონტაქტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ყოფა-ქცევის ელიტურ ქალებს, „მამაშასთან“ კავშირისთვის სპეციალურად აქვთ მობილური ტელეფონი და მხოლოდ ამ ნომერზეა შესაძლებელი შეკვეთის გადაცემა.
ელიტური მეძავების ასაკი 22-დან 35 წლამდე მერყეობს. კრიტიკულ ასაკთან მიახლოებისას, ისინი ავტომატურად გამოდიან „ელიტურების“ რიგებიდან და შესაძლოა, სასტუმროების მეძავების რიგებში გადაინაცვლონ, 2-3 წელიწადში „მარშუტკისა“ და ავტობუსის მძღოლების ვნებების დაკმაყოფილებაზე გადადიან, იქიდან კი უკვე ერთი ნაბიჯია ქუჩისა და ვაგზლის მეძავობამდე...“