Digest Logo

„ზოგი თავს „სულიერი მენტორად“ აცხადებს, თითქოს გამოღვიძება მხოლოდ მისთვისაა შესაძლებელი...“ - თეო ხაბულიანი თანამედროვე ეპოქის გურუებსა და ცრუ მასწავლებლებზე

1769511755
თეო ხაბულიანი

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც თანამედროვე ეპოქის გურუებსა და ცრუ მასწავლებლებს ეძღვნებათ.

ხაბულიანის თქმით, სულიერი ეგო იკვებება განდიდებით, ნამდვილი ჭეშმარიტება კი – სიცხადით. იგი განმარტავს, თუ რა არის სულიერი გამოღვიძება და რა ნიშნით უნდა ვეძებოთ ნამდვილი, ღირსეული სულიერი მასწავლებელი:

„დღეს მოდად ქცეული სულიერება ადამიანებს უკან იგივე ციხეში აბრუნებს. უამრავი ადამიანია, ვინც თავის ფანტაზიებს უზიარებს სხვა ადამიანებს და ახლიდან ქმნიან კიდევ ახალ ახალ ილუზიებს.

ძალიან ბევრი სულიერი მენტორია, ვინც ადამიანებს იმდენად ზემოდან უხატავს გამოღვიძებას, რომ თითქოს ეს მხოლოდ მისი ხვედრი იყო და სხვა ვერ შეძლებს.

ისინი გრთგუნავენ განზრახ, რადგან სულიერი ეგოს სინდრომი აქვთ, წერენ პოსტებს, სადაც ხაზს უსვამენ მათ ცოდნებს სინამდვილეში კი ეს ცოდნები არაფრის მომცემია და მხოლოდ იმის დემონსტრაციაა, რომ მე თქვენზე წინ ვარ და თქვენზე მეტი ვიციო.

სინამდვილეში კი ღმერთმა ჩვენ ყველას თანაბარი შანსი გვიბოძა ჩვენს გზაზე.

არავინაა მეტი და ნაკლები.

თითოეულ სულს შეუძლია, შეიცნოს თავი და დაანგრიოს ციხე, რომელშიც ამდენი ხანი ცხოვრობდა.

თუ რამე იცი, გაუზიარე ეს ყველას მაგალითით, სიყვარულით და არა დემონსტრირებით, რომ შენ ვინმეზე მეტი ხარ და შენ რჩეული ხარ.

ყველა თავის ილუზიას აჟღერებს და არწმუნებენ სხვებს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ თავად იციან, თუმცა ის, რასაც წერენ, მათი ცხოვრების პრაქტიკაში არ აქვთ. ზეპირსიტყვიერი სულიერება კიდევ ერთი ციხის კედლებია...

რეალურად გამოღვიძებული ადამიანი მხოლოდ სიყვარულით ცდილობს. განა იმას რომ ანახვოს სხვას რომ მე მაგარი ვარო, არამედ იმას რომ მაგალითი იყოს იმის რასაც საუბრობს.

ამპარტავანებასა და გამოღვიძებას შორის დიდი განსხვავებაა. ამპარტავანი ადამიანი მხოლოდ მის სულიერ ეგოს კვებავს, რომ „აი მე რამხელა ვარ და ეს ხალხი ჩემამდე ვერასოდეს მოვაო“.

მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი განათლება არ ჰქონიათ ამ მოდად ქცეულ ცნობიერ თემებზე, მაგრამ ღვიძავთ ... ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს წაუკითხავთ სულიერი წიგნები, მაგრამ ცხოვრობენ თანაგრძნობით სიმართლით და სიყვარულით.

ნამდვილი გამოღვიძება არ არის საკუთარი თავის განდიდება...

სულიერი გზის მთავარი პარადოქსი ისაა, რომ რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მეტად ქრება სურვილი, დაამტკიცო შენი უპირატესობა. ნამდვილი სინათლე არ ყვირის, ის უბრალოდ ანათებს და სხვებსაც აძლევს საშუალებას, თავისი შინაგანი სინათლე დაინახონ.

ბევრი მენტორი ადამიანებს აჯერებს, რომ გამოღვიძება რაღაც მისტიკური, მიუწვდომელი და შორეული წერტილია, რომელსაც მხოლოდ „რჩეულები“ აღწევენ.

დააკვირდი, როგორ საუბრობენ ისინი, იყენებენ რთულ, აბსტრაქტულ ტერმინოლოგიას, რომელიც მსმენელში იწვევს განცდას „მე ეს არ მესმის, ესე იგი ის ჩემზე ჭკვიანიაო“.

თუ ადამიანს არ შეუძლია აუხსნას ისე, რომ მეორე ადამიანმა სიყვარული იგრძნოს, ესე იგი მას თავად არ ესმის, რაზე საუბრობს.

სულიერი ეგო იკვებება განდიდებით ჭეშმარიტება კი იკვებება სიცხადით.

მოდური ცნობიერება არის მხოლოდ ინტელექტუალური თამაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ციტატებით ეჯიბრებიან, ცხოვრებაში კი ისევ შიშებითა და შურით იმართებიან.

„სულიერი“ ამპარტავნების ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული მხარე ისაა, რომ იგი ადამიანს „ილუზორულ უსაფრთხოებაში“ ათავსებს. ასეთი მენტორები ქმნიან გარემოს, სადაც ისინი არიან „მწყემსები“, სხვები კი „ფარა“. ეს იერარქია თავისთავად ეწინააღმდეგება სამყაროს ფუნდამენტურ პრინციპს ენერგიის თანასწორობას.

შედეგად, ვიღებთ გაყინულ სულიერებას, სადაც ყველაფერი ხელოვნურია დაწყებული ხმის ტემბრიდან, დამთავრებული „დაზეპირებული“ სიმშვიდით.

ნამდვილი გამოღვიძება კი არ გზღუდავს, პირიქით ის გაძლევს თავისუფლებას, იყო ყველაფერი სუსტიც, ძლიერიც, ოღონდ გაცნობიერებულად.

ნებისმიერი მენტორი, რომელიც გეუბნება, რომ „მის გარეშე ვერ შეძლებ“, მატყუარაა. ნამდვილი გზამკვლევი მხოლოდ კარს გიჩვენებს, შიგნით კი შენით უნდა შეხვიდე.

თუ ადამიანის სიტყვები გაშფოთებს, გაკნინებს ან გაგრძნობინებს, რომ „ნაკლული“ ხარ ეს არ არის სულიერება.

ყველაზე დიდი თავისუფლება მაშინ მოდის, როცა აღარ გჭირდება იყო „სულიერი“, „ცნობიერი“ ან „განსაკუთრებული“. როცა უბრალოდ ხარ ის, რაც ხარ აქ და ახლა.

ნამდვილი გამოღვიძება ჰგავს სახლში დაბრუნებას ხანგრძლივი და დამღლელი გზიდან. იქ არავინ გხვდება ტაშით და არავინ გიწერს ქულებს „ცოდნაში“. შენ უბრალოდ იხდი ფეხსაცმელს, ჯდები და სუნთქავ. და ამ სუნთქვაშია მთელი სამყარო.

სულიერი მანიპულაცია ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფორმაა, რადგან ის ეხება ადამიანის ყველაზე სათუთ წერტილს მის სწრაფვას სინათლისა და აზრისკენ. როდესაც „მენტორი“ საკუთარ ეგოს ჭეშმარიტებად ასაღებს, ის იყენებს კონკრეტულ ფსიქოლოგიურ ილეთებს, რომ მსმენელი მორჩილებაში ჰყავდეს.

ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როცა ხვდები, რომ არცერთი მენტორი არ დგას შენსა და ღმერთს შორის.

ნამდვილი გამოღვიძება არ ნიშნავს ემოციების გაქრობას, ეს ნიშნავს მათთან ჯანსაღი ურთიერთობის სწავლას.

გამოღვიძებული ადამიანიც ბრაზდება, მაგრამ ის ამ ბრაზის ტყვე აღარ არის.

ღმერთმა ყველას მოგვცა წვდომა ჭეშმარიტებაზე. ის არ არის ჩაკეტილი ძვირადღირებულ სემინარებში ან „რჩეული“ მენტორების თავში. ის არის აქ, შენს სუნთქვაში, შენს კეთილ საქმეში და იმ სიმართლეში, რომელსაც შენი გული გკარნახობს.

ზეპირსიტყვიერი სულიერება მართლაც ციხეა, რადგან ის გონებას კვებავს და გულს აშიმშილებს. ნამდვილი გამოღვიძება კი გონებისა და გულის ერთობა ანუ გულგონიერებაა.

ნამდვილი მენტორი პატივს სცემს შენს თავისუფალ ნებას. მანიპულატორი კი ცდილობს გახდეს შენი ცხოვრების ყველა სფეროს მმართველი.

სინამდვილეში კი, ეს არის შენი ინდივიდუალობის წაშლა და მისი ეგოს გაფართოება შენს ხარჯზე.

ზეპირსიტყვიერი სულიერება არის საშიში, რადგან ის ქმნის სულიერ ნარკომანიას. ადამიანი ეჩვევა ახალ-ახალ ინფორმაციას, ლამაზ პოსტებს, „მაღალ ვიბრაციებზე“ საუბარს, მაგრამ მისი რეალური ცხოვრება არ იცვლება.

გამოღვიძებული ადამიანი მაგალითია და არა დიქტატორი.

ის არ გთრგუნავს თავისი ცოდნით, ის გაძლევს იმედს.ის არ გეუბნება „მე რჩეული ვარ“, ის გეუბნება „მე შევძელი და შენც შეგიძლიაო".

​ის არ გთხოვს თაყვანისცემას, ის გთხოვს, რომ გაახილო თვალები და დაინახო საკუთარი თავი..

სულიერება მთავრდება იქ, სადაც იწყება იერარქია და „მე თქვენზე მეტი ვიცი“. ნამდვილი სულიერება ყოველთვის თანასწორობაა.

თუ ადამიანმა სიყვარულში არ გამოიღვიძა, მაშინ ის ილუზიაშია რომ ღვიძავს. როგორ უნდა გაარჩიოთ ვის ღვიძავს? მისგან უნდა გრძნობდეთ სიყვარულს. მისი ყოფნა უნდა იყოს თავად სიყვარული.

რამდენ რიტუალებს აჯერებენ ადამიანებს რამდენ უკიდურესობებს და ფანტაზიებს, რეალური გამოღვიძების დროა. 
მართლა ყველას შეგიძლიათ ეს, ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ.

მიყვარხართ სიმშვიდეს და სითბოს გიგზავნით გულებში“,- წერს ხაბულიანი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „20 წუთის დაგვიანება და შეიძლება, ცოცხალი არც დავრჩენილიყავი“ - ზალიკო ბერგერი ცხოვრების რთულ პერიოდზე

⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

⭕„დღე კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“ - 27 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი