არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დანაშაული 2-იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულებას, რაც ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.