რამდენიმე საათში „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს ფინანსთა სამინისტროში ელოდებიან. ის გამოიკითხება ხელოვანებისთვის განკუთვნილი ჰონორარის შესაძლო მითვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის მხრიდან ხელოვანებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების შესახებ გამოძიება პროკურატურამ ავტორ-შემსრულებლების კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო.
ამ ეტაპზე, გიგა კობალაძე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა, როგორც ცნობილია, აპირებს ვრცელი განცხადების გაკეთებას მას შემდეგ, რაც გამოკითხვის პროცესი დასრულდება.
„კურიერი“ ესაუბრა ადამიანებს, რომელთაც საჩივარი შეიტანეს საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ - ერთ-ერთი მათგანი ადვოკატი მიხეილ რამიშვილია. ადვოკატი აცხადებს, რომ „საავტორო უფლებათა ასოციაცია“, როგორც იურიდიული პირი, უკვე აღარ არსებობს, დეკემბრის შემდეგ მას შეჩერებული აქვს სტატუსი და ხელოვანების შემოქმედებაზე ზრუნავს "ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“. ეს არის ხელოვანების გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი წევრიცაა მიხეილ რამიშვილი.
მიხეილ რამიშვილი „კურიერთან“ აცხადებს, რომ წლების განმავლობაში დაფიქსირებულია უამრავი შემთხვევა, როდესაც ხელოვანები არ იღებენ კუთვნილ ჰონორარებს იმ პირობებში, როდესაც ასოციაციის ბალანსზე უზარმაზარი თანხები ჯდება. რამიშვილი ბრალდებას რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ ბრალდებითვე პასუხობს.
„2019 წლამდე თვითონ „ჯისიაის" ჰქონდა ხელშეკრულება „რაოსთან". „რაო“ არის რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაცია. მთელი წლების განმავლობაში, როგორც მერეც გამოჩნდა და აუდიტის დასკვნაშიც ნათლად ჩანს, გარკვეული თანხები, ჰონორარები რუსეთიდან მოდიოდა, მაგრამ არ მოდიოდა ავტორებამდე. 2018 წელს რუსეთში "რაოს" ყოფილი ხელმძღვანელობა დაიჭირეს, რადგან ძალიან დიდი ჰონორარების გაფლანგვაზე იყო საუბარი და მილიონები ამოიღეს მათი სამფლობელოდან. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ თითქოს ყოფილი GERA, ამჟამინდელი IPOA ფინანსდება რუსეთიდან და იმართება, ეს არის მტკნარი სიცრუე“, - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: