
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს კაცი მოკლეს. ცნობილია მოკლულის ვინაობაც - იგი ლევან ჯანგველაძეა, რომელიც კანონიერი ქურდის ძმა იყო. არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს.
ambebi.ge-ს ინფორმაციით ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და იგი დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
ძმები ჯანგველაძეები სოხუმში დაიბადნენ. უფროსი ძმა, მერაბი, ე.წ. კანონიერი ქურდი ცნობილია მეტსახელით „სოხუმსკი“.
მოკლული ლევან ჯანგველაძე 58 წლის იყო. იგი იყო ბიზნესმენი და ძირითადად რუსეთში მოღვაწეობდა. ლევანიც კრიმინალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი, მიიჩნეოდა ავტორიტეტად, თუმცა „ქურდის“ სტატუსი არ ჰქონდა.
„ლევან ჯანგველაძე იყო მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენი, გადაადგილდებოდა დაცვით, 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ თითქოს კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან ჰქონდა დაპირისპირება, თუმცა დეტალები უცნობია. მისი ძმა კი „კანონიერი ქურდია“, რომელიც ძალიან დიდ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა, მოყოლებული 90-იანი წლებიდან. მას ცივსისხლიან ადამიანად ახასიათებენ. ფაქტია, მომხდარი კრიმინალური გარჩევაა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს“, - ჰყვება დაღუპულის ახლობელი.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ფოტოებზეა მოკლულის ძმა, მერაბ ჯანგველაძე და ტარიელ ონიანი:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ +29 გრადუსი - 15 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით