Digest Logo

პოლიციამ „გლოვოს“ კურიერზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავა, მათგან 2 არასრულწლოვანია

1786265397
გლოვოს კურიერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.