შინაგან საქმეთა სამინისტრო მუსიკოს მიშო სულუხიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების ცნობით, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, პოლიციამ გადამოწმების მიზნით შეაჩერა.
შსს-ში „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული პირი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა, მობილური ტელეფონი ძირს დააგდო და ადგილიდან გაიქცა.
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მანამდე მუსიკოსმა მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ლისის ტბის მიმდებარედ მას თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველები იყვნენ. სულუხიას თქმით, მათ ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით