
საქართველოს პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.
ის დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. მისმა ამჟამინდელმა ცოლმა სოფო მეფარიშვილმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქმის დეტალებზე ისაუბრა.
„ჩემს მეუღლეზე მიდის მიზანმიმართული პროვოკაციები, რათა მისი ქონება ხელში ჩაიგდონ. ქონების ღირებულებაა 14 000 000$. ქონება წყნეთში, ქობულეთში და ბორჯომში. დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდნენ ჩემს მეუღლეს.
ხათუნა მიქაცაძემ დაუკვეთა ჩემზე სტატიები, თითქოს ლუკა-ელდარ კურტანიძემ ცოლად მისი ძმაკაცის შვილი მოიყვანა. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეგინებინა ჩვენთვის.
უნდოდათ გამეყიდა ჩემი მეუღლე, ამის სანაცვლოდ ამეღო რაღაც ქონება. რა თქმა უნდა მე ეს არ გავაკეთე, მოდიოდნენ ჩემთან, მწერდნენ ათას რაღაცებს.
ბევრჯერ გავაფრთხილე, თავი დაენებებინა ჩემი მეუღლისთვის. ახლა მოუწყო პროვოკაცია, წინა ჩასვლაზე კი მეზობლებს შეუვარდა, აიძულებდა წადით და ლუკას წინააღმდეგ ჩვენება მიეცითო. არაერთ ადამიანს სთავაზობდა ფულად კომპენსაციას“, - ამბობს სოფო მეფარიშვილი ვიდეოში.
⭕ ამავე თემაზე: