10 სექტემბერს, ქართული ეკლესია დღესასწაულობს წმინდა შუშანიკ დედოფლის ხსენებას.
წმინდა შუშანიკი მე-V საუკუნეში მოღვაწე ქართველი წმინდანია და ქართული ქრისტიანული ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. იგი ვარსქენ პიტიახშის მეუღლე და სომხეთის დიდებულთა შთამომავალი იყო.
შუშანიკის ცხოვრება განსაკუთრებით მძიმე გახდა მას შემდეგ, რაც ვარსქენმა ქრისტიანობა უარყო და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო. მან მეუღლესაც სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა, თუმცა შუშანიკმა უარი თქვა და ქრისტიანობის ერთგული დარჩა. ამის გამო იგი სასტიკად აწამეს და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, დაახლოებით 475 წელს, გარდაიცვალა.
წმინდა შუშანიკის ცხოვრების შესახებ ცნობები შემონახულია იაკობ ცურტაველის მიერ შექმნილ უძველეს ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში - „შუშანიკის წამებაში“, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნევა.
შუშანიკი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანად არის შერაცხილი და მისი ხსენების დღე 10 სექტემბერს აღინიშნება.
ტროპარი: წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუვალი და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ-გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საჩუქარი ამქვეყნად არის ადამიანი...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ საქართველოს 17 - წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა