14 წლის არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 28 წლის მამაკაცი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
აღნიშნულ უმძიმეს ფაქტს, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება, ან მონად ყიდვა.
ძალიან მკაცრი უნდა იყოს სასჯელი ყველას მიმართ, რომ ასეთი კოშმარი აღარასდროს მოხდეს.
განა სრულწლოვან ადამიანებს არ ემართებათ უბედურება, მაგრამ ზრდასრულს რაღაც შანსი მაინც აქვს, მოიფიქროს რამე და თავი დააღწიოს თავის ჯოჯოხეთს.
14 წლის მოზარდს საერთოდ არ გააჩნია რაიმე გამოცდილება და თვითგადარჩენის სტრატეგიები“,- წერს ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: