ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს კაცი, რომელიც მეუღლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა. ინფორმაციას გამოცემა „აჭარათაიმსი“ ავრცელებს.
როგორც ანონიმური წყარო გამოცემას უყვება, კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.
„კაცი მეუღლის დისშვილსთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. ავიწროებდა მუდმივად, რის გამოც გოგო სახლიდან ხშირად გარბოდა, მათ შორის სცადა თვითმკვლელობაც. ძალადობის მსხვერპლმა მოზადმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დეიდას უამბო, რომელიც გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა. დეიდა არასრულწლოვანს ტყუილსა და ფაქტის გაზვიადებაში ადანაშაულებდა. გოგო ცემის შემდეგ გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა.
ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს”, – ჰყვება წყარო.
არასრულწლოვანზე ახლა ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს. ბრალდებულების ოჯახის წევრები არასრულწლოვანს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. წყაროს ინფორმაციითვე, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი მის დასთან ჰყავს დატოვებული.
„ახლა ტ.თ. წინასწარ პატიმრობაშია, მაგრამ გოგოზე ზეწოლა მიმდინარეობს და რას ათქმევინებენ არავინ იცის. ალბათ დააშინებენ. ამ ამბავს არ ახმაურებენ და პოლიციაც მალავს. ამ კაცს პოლიციაშიც ახლობლები ჰყავს და ალბათ დაეხმარებიან. საქმე გვაქვს პედოფილიასთან, რაც ასე გაუხმაურებლად არ უნდა დარჩეს, ბატონო სულხან იმედი მაქვს უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ”, – უყვება წყარო „აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ტ.თ. დაკავებულია, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
რაც შეეხება კაცის მეუღლეს, (არასრულწლოვანის დეიდას) ამ შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ქალი ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თეონა კონტრიძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო - ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი
🎥 40 კვირის ორსული ქეთი ხატიაშვილი ვარჯიშს განაგრძობს - რა კადრებს აქვეყნებს ტანმოვარჯიშე
წყარო: ajaratimes.ge