20 აგვისტო განსაკუთრებული, ტრანსფორმაციული ენერგეტიკით დატვირთული თარიღია. ჩვენ ვიმყოფებით ორი დაბნელების შუა წერტილში - პერიოდში, რომელსაც ეზოტერულ ტრადიციაში „ბედის გზაჯვარედინს“ უწოდებენ. თუ უშუალოდ დაბნელებები ძველი კარმული ციკლების დახურვასა და გარდაუვალ მოვლენებს უკავშირდება, მათ შორის არსებული ეს სივრცე მოულოდნელი შესაძლებლობების, არჩევანის თავისუფლებისა და სპონტანური გარდატეხების არეალია.
დღეს ნებისმიერი, ერთი შეხედვით შემთხვევითი მოვლენა - უცაბედი შეხვედრა, გეგმის შეცვლა თუ ახალი შეთავაზება შესაძლოა, სწორედ იმ დეტალად იქცეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულიად ახალ კალაპოტში გადაიყვანს.
„20 აგვისტო განსაკუთრებული ენერგეტიკით დატვირთული დღეა. ჩვენ ვიმყოფებით ორი დაბნელების შუა წერტილში - პერიოდში, რომელსაც ეზოტერულ ტრადიციაში ხშირად ბედის გზაჯვარედინს უწოდებენ. დაბნელებები დაკავშირებულია ახალ კარმულ პროგრამასთან, ძველი სცენარების დასრულებასა და გარდაუვალ ცვლილებებთან, მათ შორის არსებული შუა წერტილი უფრო მეტ თავისუფლებას, შემთხვევითობასა და მოულოდნელი შესაძლებლობების სივრცედ იქცევა.
დღეს ერთი შეხედვით შემთხვევითი მოვლენა სინამდვილეში კარმული შინაარსით იქნება დატვირთული. მაგ. მოულოდნელი შეხვედრა, ახალი შეთავაზება, უცაბედი გადაწყვეტილება, შეცვლილი გეგმა ან თითქოს უმნიშვნელო დამთხვევა შესაძლოა მოგვიანებით აღმოჩნდეს ის დეტალი, რომელმაც დიდი როლი შეასრულოს ცხოვრებისეულ გარდატეხაში.
დღის პირველ ნახევარში მთვარე ჯერ კიდევ მორიელის ნიშანში იმყოფება, თუმცა უკურსოდ იმოძრავებს 12:30-მდე. ეს დრო არახელსაყრელია მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, უმჯობესია არ ვიჩქაროთ, არ გადავტვირთოთ თავი გადაწყვეტილებებით და სივრცეს მივცეთ საშუალება, საკუთარი რიტმით განვითარდეს.
მდგომარეობა მკვეთრად იცვლება მას შემდეგ, რაც მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავა 12:30-დან. ემოციური ატმოსფერო უფრო თავისუფალი, აქტიური და ოპტიმისტური ხდება. ჩნდება სურვილი, ვიმოქმედოთ, ვცადოთ ახალი რამ, გავაფართოოთ ჩვენი ჰორიზონტები.
ამავე დროს მთვარე ოპოზიციას ქმნის ურანთან ტყუპებში, ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი თემა მოულოდნელობა ხდება. გეგმები შეიძლება უცაბედად შეიცვალოს, მივიღოთ მოულოდნელი ინფორმაცია, მოხდეს სპონტანური შეხვედრა, უჩვეულო შეთავაზება ან ისეთი გარემოება, რომელიც სცენარის შეცვლას გვაიძულებს.
ამიტომ დღეს შეცვლილი გეგმა აუცილებლად პრობლემას არ ნიშნავს.
პირიქით - ზოგჯერ სწორედ მოულოდნელი ცვლილება გვაშორებს იმ გზას, რომელიც უკვე აღარ გვაძლევს განვითარების საშუალებას. ურანის ენერგია ხშირად არღვევს ძველ სტრუქტურას იმისთვის, რომ სრულიად განსხვავებული და უფრო პერსპექტიული შესაძლებლობა დაგვანახოს.
დღის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო აძლიერებს მთვარის ურთიერთქმედება კარმულ კვანძებთან და მზესთან. ცაზე იქმნება ძლიერი დაძაბული კონფიგურაცია, რომელიც გვაყენებს არჩევანის წინაშე: ავირჩიოთ ცვლილება და პროგრესის გზა, თუნდაც ჯერ მომავალს მკაფიოდ ვერ ვხედავდეთ, თუ ისევ კარგად შეჩვეული და ნაცნობი მდგომარეობა ვარჩიოთ??
ვიღაცას შეიძლება მოულოდნელი სამუშაო ან საქმიანი შეთავაზება გამოუჩნდეს.
ვიღაცამ შესაძლოა მეორე შანსი მიიღოს იმ საქმეში, რომელიც წარსულში წარუმატებლად დასრულდა.
შესაძლოა მნიშვნელოვანი გაცნობა, გულწრფელი საუბარი, ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება ან ქორწინების შეთავაზება.
ზოგისთვის კი მოულოდნელი მოგზაურობა, მოწვევა, ახალი მიმართულება ან გზის შეცვლა გახდეს მნიშვნელოვანი გარდატეხის დასაწყისი.
დღის მთავარი პრინციპია - არ დახუროთ კარი მხოლოდ იმიტომ, რომ მის გაღებას არ ელოდით.
მთვარის გადასვლა მშვილდოსნის პირველ გრადუსებში განსაკუთრებით აძლიერებს სოციალური რეალიზაციის, განათლების, სწავლებისა და ცოდნის გაზიარების თემებს. შეიძლება უფრო მკაფიოდ დავინახოთ, რა არის ჩვენი ნამდვილი ამოცანა, შეგვიძლია თუ არა სხვებისთვის მეტი სარგებლის მოტანა და როგორ შეიძლება საკუთარი გამოცდილების, ცოდნისა და ნიჭის რეალიზება.
ამ თვალსაზრისით პერსპექტიულია იდეები, რომლებიც უკავშირდება საჯარო საქმიანობას, კონსულტირებას, მენტორობას, განათლებას, საერთაშორისო პროექტებს, მოგზაურობას, აუდიტორიის გაფართოებასა და საკუთარი გავლენის გაზრდას.
ამავე დროს, დღის დაძაბული კონფიგურაცია უფრო ფართო პროცესების სურათსაც გვიჩვენებს. დიდი ჯვრის ენერგია აპირისპირებს ძველსა და ახალს, წარსულსა და მომავალს, სტაბილურობასა და ცვლილების აუცილებლობას. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ სივრცეში - მოულოდნელი გადაწყვეტილებების, საინფორმაციო მოვლენების, მკვეთრი განცხადებების, რეფორმებისა და ძალაუფლების სტრუქტურებში არსებული დაპირისპირებების სახით.
თუმცა ასეთი ენერგეტიკული დაძაბულობა მხოლოდ დაბრკოლებას არ ნიშნავს. დიდი ჯვრის კონფიგურაცია ენერგიის უზარმაზარ კონცენტრაციას ქმნის და სწორედ ამიტომ ის შეიძლება ძლიერი ბიძგის წყაროდაც იქცეს. საქმე, რომელსაც ჩვეულებრივ თვეები დასჭირდებოდა დასაწყებად, შესაძლოა მოულოდნელად დაიძრას. გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდით, შეიძლება რამდენიმე საათში გახდეს ნათელი.
მთავარია, ამ დღეს ერთმანეთისგან განვასხვაოთ ჯანსაღი რისკი და უგუნურება. გაბედულება საჭიროა, მაგრამ საღი აზრის დაკარგვის ხარჯზე არა. თუ მოულოდნელი შესაძლებლობა ჩნდება, ნუ უარყოფთ მას მაშინვე. განიხილეთ. თუ ადამიანი მოულოდნელად გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, დააკვირდით, რატომ. თუ ახალი მიმართულებისკენ ნაბიჯის გადადგმის სურვილი გაგიჩნდათ, მოუსმინეთ საკუთარ თავს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს რეალური შესაძლებლობაა თუ უბრალოდ ემოციური იმპულსი?
დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქმედება, არამედ დაკვირვებაც. დააკვირდით, რომელი ადამიანები ჩნდებიან თქვენს გვერდით, რომელი თემები მეორდება, რომელი შესაძლებლობები იხსნება.
ამ დღის კარმული დატვირთვა განსაკუთრებით ძლიერია. ამიტომ მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რა მოხდება, არამედ ის, თუ როგორ მივიღებთ მომხდარს.
20 აგვისტოს ენერგიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მერვე მთვარის დღეც - ტრანსფორმაციისა და აღორძინების სიმბოლური პერიოდი. მისი მთავარი სიმბოლო ფენიქსია - არსება, რომელიც ფერფლიდან ახლიდან იბადება. სწორედ ამიტომ მერვე მთვარის დღე უკავშირდება ძველი მდგომარეობის დასრულებას და ახალი მდგომარეობის დაბადებას.
ამ დღის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შინაგანი ტრანსფორმაციაა. ცეცხლის სიმბოლიკა გვახსენებს, რომ შეგვიძლია დავტოვოთ ის, რაც უკვე ამოწურულია, და მის ადგილას ახალი ენერგია შევქმნათ. მოწყენილობა შეიძლება ენთუზიაზმად გარდაიქმნას, სასოწარკვეთა - რწმენად, ხოლო ტკივილი - გამოცდილებად, რომელიც ჩვენს ძალად იქცევა.
დღევანდელი დღე კარგი დღეა თვითანალიზისთვის. სასარგებლო იქნება მედიტაცია, დღიურის წერა, საკუთარ თავთან დარჩენა და იმ საკითხებზე დაფიქრება, რომლებიც შინაგანად აღარ გვაძლევს წინსვლის საშუალებას.
რა უნდა გავუშვათ?
შესაძლოა ეს იყოს ძველი შეხედულებები, უარყოფითი რწმენები, არაჯანსაღი ურთიერთობები, უსარგებლო და მავნე ჩვევები.
ეს არის წარსულის გათავისუფლებისა და ახლის მიღების პერიოდი. თუმცა ცვლილებისთვის მხოლოდ გარე პირობების შეცვლა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია შინაგანი მზადყოფნა, ახალი გამოცდილებისთვის გახსნილობა და რწმენა, რომ ცვლილებები შეიძლება სწორედ იმ მიმართულებით გვამოძრავებდეს, რომელიც ჩვენს განვითარებას ემსახურება.
მერვე მთვარის დღე ასევე საინტერესოა მეორე შანსის თემით. ყველაფერი, რაც ოდესღაც არ გამოგვივიდა, საბოლოოდ დასრულებულ ისტორიად არ უნდა მივიჩნიოთ. თუ არსებობს საქმე, პროექტი, ურთიერთობა ან იდეა, რომლის განხორციელებაც წარსულში ვერ შევძელით, შესაძლოა დღეს მას ახალი თვალით შევხედოთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ.
ზოგჯერ მარცხი საბოლოო პასუხი კი არა, დროებითი გამოცდილებაა. გარემოებები იცვლება, ჩვენ ვიცვლებით და ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა, გარკვეულ მომენტში სრულიად რეალური ხდება.
ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადლიერების პრაქტიკა. მადლობა გადავუხადოთ ცხოვრებას იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც უკვე მივიღეთ, იმ გამოცდილებისთვის, რომელმაც გაგვზარდა და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენი გზა გარკვეულ ეტაპზე შეცვალეს.
20 აგვისტოსთვის შეიძლება გამოვიყენოთ ორი მარტივი აფირმაცია:
„მე ვუშვებ ყველაფერს, რაც უკვე აღარ მემსახურება და ღია ვარ იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც დღეს ჩემს წინაშე იხსნება.“
„მე მზად ვარ ტრანსფორმაციისა და ზრდისთვის და მჯერა, რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი კეთილდღეობისთვის ხდება”.
ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ყოველთვის წინასწარ დაგეგმილი არ არის. ზოგჯერ სწორედ მოულოდნელი შეხვედრა, შეცვლილი გეგმა, უცნაური დამთხვევა ან ერთი შეხედვით შემთხვევითი შესაძლებლობა ხდება ახალი ეტაპის დასაწყისი.
დაბნელებებს შორის წერტილი თითქოს გვთხოვს, ძველი სცენარებისადმი ზედმეტად მიჯაჭვულები არ ვიყოთ.
დღეს ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს. იყავით ყურადღებიანი, მოქნილი და გახსნილი. მოულოდნელობის წინაშე ნუ ჩაიკეტებით, მაგრამ არც ყოველ იმპულსს გაჰყვეთ ბრმად.
ზოგჯერ შეუძლებელი შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც უბრალოდ მზად ვართ დავინახოთ გზა, რომელიც აქამდე ჩიხი გვეგონა“.
წყარო: Fb/AstroBlog SkyLight