2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.
ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. იმავე დღეებში თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.
იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.
აღნიშნულ სისხლიან თარიღს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და უმძიმესი დღის ფოტოკოლაჟს გვიზიარებს.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
პროკურატურამ, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მისი დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა 2014 წლის პირველ აგვისტოს შეეფარდათ.