აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და კაცობრიობის ხსნას მიეძღვნება. წელს, 2026 წელს, მართლმადიდებლური აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება.
ამჟამად ჩვენ სწორედ ვნების შვიდეულში, ანუ ვნების კვირაში ვიმყოფებით, რომელიც დიდმარხვის ბოლო და ყველაზე მძიმე კვირაა.
აღნიშნულ თემას და ვნების შვიდეულის დაწყებასთან დაკავშირებით, ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში დიდ ორშაბათს განსაკუთრებულ პოსტს უძღვნის. მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც ადამიანი სიმართლისა და ილუზიის ზღვარს ეხება.
ჯანდიერი სახარებისეულ ლეღვის ხის მაგალითზე ადამიანის შინაგან არქეტიპს განიხილავს და აღნიშნავს, რომ დიდი ორშაბათი არა ტკივილის, არამედ „ნიღბების სიკვდილის“ დღეა:
„ვნების კვირის ყოველი დღის გაკვეთილს დავწერ ისე, როგორც მე ვხედავ და ვგრძნობ... დანარჩენი თქვენ იცით.
დღეს დიდი ორშაბათია - დღე, როცა ღმერთი არ ეძებს ფორმას, არამედ ნაყოფს... ეს დღე იწყება არა ისტორიული მოვლენით, არამედ სიმართლისა და ილუზიის ზღვარზე შეხებით. ქრისტე მიდის ლეღვის ხესთან არა იმიტომ, რომ შია, არამედ იმიტომ, რომ გამოაჩინოს ადამიანის სულიერი პარადოქსი: როგორ შეიძლება სიცოცხლის ფორმა არსებობდეს იქ, სადაც სიცოცხლე აღარ არის.
ლეღვის ხე არ არის უბრალოდ ხე. ეს არის ადამიანის შინაგანი არქეტიპი: როცა გარედან ხარ მწვანე, მოწესრიგებული, „სწორი“, მაგრამ შიგნით არ ხარ ნაყოფიერი;
როცა შენი ლოცვა არის სიტყვა, მაგრამ არა - მდგომარეობა;
როცა რწმენა არის იდეა, მაგრამ არა - განცდა; როცა სიყვარული არის როლი, მაგრამ არა - მასში და მისით ყოფნა.
ქრისტე აქ ბუნებას არ წყევლის, ის ამხელს ფარსს. იმას, რაც ყველაზე საშიშია: სულიერ სიმულაციას.
ფსიქოლოგიურად, ეს არის დღე, როცა ადამიანი ხვდება, რომ ყველაზე დიდი ტყუილი არ არის ის, რასაც სხვებს ეუბნება, არამედ ის, რასაც საკუთარ თავს აჯერებს.
ქრისტოლოგიურად, ეს არის პირველი მკვეთრი აქტი შვიდსაფეხუროვან ვნების გზაზე: სინათლე აღარ ეფერება ბნელს, ის აშიშვლებს მას.
სწორედ ამიტომ, დიდი ორშაბათი არ გთხოვს სრულყოფილებას. ის გთხოვს სიმართლეს - იყო არა „კარგი“, არამედ ნამდვილი.
ჩემი რჩევაა, ჩემო მკითხველო, ჰკითხე შენს თავს:
რა არის ჩემში ცოცხალი მხოლოდ გარეგნულად?
სად ვცხოვრობ იმით, რაც აღარ მაცოცხლებს?
მაქვს კი გამბედაობა, დავრჩე შიშველი ჩემი სულის წინაშე, ილუზიების გარეშე?
გაანალიზე შენი არსი და მდგომარეობა, რადგან ღმერთი არ შემოდის იქ, სადაც ყველაფერი იდეალურად გამოიყურება... ის მოდის იქ, სადაც სიმართლე იწყებს არსებობას.
დიდი ორშაბათი არის დასაწყისი - არა ტკივილის, არამედ ნიღბების სიკვდილის... და სწორედ აქედან იწყება ნამდვილი აღდგომა“,- წერს ქეთევან ჯანდიერი.