უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, თუმცა, გასათვალისწინებელი აქ ის არის, თუ რა ფორმით გამოხატავს პარტნიორი თავის განსხვავებულ პოზიციას.
ურთიერთობების ფსიქოთერაპევტის, დარსი სტერლინგის თქმით, ზიზღნარევი კომუნიკაცია ან პარტნიორის მხრიდან უფროსობა ჯანსაღი ურთიერთობების უმთავრესი მტერია.
არაკეთილგანწყობილი კომუნიკაცია
ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორი საუბარში ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა დგომას ან „ბოლო სიტყვის” თქმას ცდილობს.
მეტისმეტი სიფრთხილე
ჯანსაღ ურთიერთობაში, ადამიანები ყოველთვის გულღიად საუბრობენ და არ ეშინიათ, რომ თუკი შემთხვევით რაიმე განუზრახველს იტყვიან, პარტნიორი ამას მათ წინააღმდეგ მიმართავს.
„წყენის გულში ჩამდები ადამიანები კარგი პარტნიორები არ არიან და კარგი პარტნიორები ნაკლებად არიან წყენის გულში ჩამდებები“, - დასძენს სტერლინგი.
როცა მხარდაჭერას ყოველთვის გასცემ და არასდროს იღებ
ურთიერთობა ორმხრივი გზაა და მხარდაჭერაც ორივე მიმართულებით უნდა მოძრაობდეს.
არ შეიძლება, ერთის საჭიროებები ყოველთვის მეორის ინტერესების ხარჯზე კმაყოფილდებოდეს და თუკი გრძნობთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის პარტნიორის ინტერესებს ეწირება, ან ყოველთვის გვერდზეა ჩაჩოჩებული, ეს სწორედაც რომ ტოქსიკურ ურთიერთობაზე მიანიშნებს.
ურთიერთობის მიღმა ცხოვრებისგან იზოლაცია
პრობლემა ხშირად ტოქსიკური მონოგამიის სახეს იღებს, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ერთადერთი, რაც ცხოვრებაში სჭირდება, რომანტიკული პარტნიორია.
ეს ცნება ეხება ინტერესებს, აქტივობებსა და ჰობისაც; თუ ამჩნევთ, რომ აღარ ხართ დაკავებული იმით, რასაც წინათ სიამოვნებით აკეთებდით, ბატისტინის თქმით, ესეც ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნაზე შეიძლება მეტყველებდეს.
ნებისმიერი სახის მანიპულაცია, რომელიც ავტონომიას გართმევთ
ურთიერთობაში მანიპულაციის სხვადასხვა სახე შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. პარტნიორის ასეთი საქციელის უკიდურესი ფორმა პირადი სივრცის განცდას გიკარგავთ და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას გართმევთ.
როგორ დავასრულოთ ურთიერთობა უმტკივნეულოდ?
ეს, რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო ადვილია. დასაწყისისთვის, სჯობს, საქმის კურსში ახლობელი ადამიანები ჩააყენოთ, ისინი, ვისი იმედიც შეიძლება ურთიერთობის დასრულებისას და მას შემდეგ გქონდეთ.
სხვა შემთხვევაში კი, თუ დაშორებაზე პარტნიორთან საუბარი უსაფრთხოა, ამისთვის სათანადო დრო უნდა გამოყოთ. ამასთან, აუცილებელი არაა, იმაზე უფრო დაწვრილმანებით ახსნათ გადაწყვეტილება, ვიდრე გსურთ.
„გახსოვდეთ, რომ „არა“ სრული წინადადებაა”, - დასძენს არგერი.