Digest Logo

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა

8/11/2024 • 10:09
მწერალი ილია ჭავჭავაძე

8 ნოემბერს საქართველო ქართული სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის დიდი მფარველის, ერის მამად და საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების 187 წლისთავს აღნიშნავს. 

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში უდიდესი როლი მიუძღვის. მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ეროვნულ საკითხებს, ლიტერატურას, განათლებას, თეატრს, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მის პუბლიცისტიკაში ასახულია ევროპული იდეები, ხედვები, რომელთა გაცნობაც ჟურნალ-გაზეთების საშუალებით მთელი ქართული საზოგადოებისთვის ხდებოდა. მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, სოციალური წესრიგის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, სასკოლო და უმაღლესი განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები საგარეო საკითხებზე, რამაც ქართული საზოგადოება მეტად დააახლოვა დასავლეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აღსანიშნავია, რომ ევროპელობის, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ პირველად ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევში გამოჩნდა.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედება ეროვნულ და სოციალურ მოტივებზეა აგებული. ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით მისი ნაწერები, როგორებიცაა აჩრდილი, ქართლის დედას და დიმიტრი თავდადებული სამშობლოსადმი თავგანწირვასა და მის უპირობო სიყვარულს ქადაგებს. სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით კი ილია ჭავჭავაძე თავისი ნაწარმოებებით, როგორებიცაა - რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, გლახის ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! და ოთარაანთ ქვრივი, ილაშქრებს სოციალური უთანასწორობის და ფეოდალური ღირებულებების წინააღმდეგ.

1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე წიწამურთან მოკლეს. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა ეცადოს მშობელი, რომ ბავშვს ძუძუთი კვება გაუხანგრძლივოს...“ - პედიატრ თემურ მიქელაძის რჩევები

🎥 როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნიტეტი? - პედიატრის რჩევები

„ვცდილობ ჩემი თავი დავიცვა ნეგატივისგან...“ - ნინი ქარსელაძე ბულინგზე