Digest Logo

🎥 80 წლის იუბილეზე ახალი მსოფლიო რეკორდი: ჰენრი კუპრაშვილი ყინულჭრილში ცურვის ჩემპიონატისთვის ემზადება

1785247944
ჰენრი კუპრაშვილი

ქართველი ტრადიციული ცურვის მკვლევარი და მსოფლიო რეკორდსმენი, ჰენრი კუპრაშვილი, 2026 წელს, 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ყინულჭრილში ცურვაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვებას გეგმავს.

თომა ჩაგელიშვილის პოდკასტში სტუმრობისას კუპრაშვილმა ქართული ტრადიციული ცურვის - კოლხურის ისტორიასა და თავის ლეგენდარულ მიღწევებზე ისაუბრა.

- ბატონო ჰენრი, თქვენ გააცოცხლეთ ქართული ტრადიციული ცურვის სახეობა - კოლხური. საიდან შეიტყვეთ საერთოდ მისი არსებობის შესახებ?

ჰენრი კუპრაშვილი: ბავშვობას სამეგრელოში ვატარებდი. ბაბუაჩემი, ლევან ქურსუა, ძველი მეგრელი, კოლხი კაცი იყო, ულამაზესი წვერით, ჩაბალახითა და ალუბლის ტარის ყალიონით. საოცარი პიროვნება იყო და ათას რამეს გვიყვებოდა.

მათ შორის მოგვიყვა, რომ ძველად კოლხ მეომრებს ავარჯიშებდნენ ხელფეხშეკრულებს. მეორე ვარიანტი კი XVII საუკუნის ტყვეთა ყიდვის სამარცხვინო ეპოქას უკავშირდება. ანაკლიიდან გემებით გაჰყავდათ ტყვეები სტამბოლის მონათა ბაზარზე. თუ მეგრელი შეძლებდა და ამ გაკოჭილ მდგომარეობაში წყალში გადახტებოდა, ხელფეხშეკრული ცურვის ცოდნა მას გადარჩენისა და თავისუფლების მოპოვების შანსს აძლევდა. ეს გენიალური მიგნებაა - მეგრელებმა ხელფეხშეკრული ცურვა ისწავლეს, რომ თავისუფლება მოეპოვებინათ.

- მსოფლიოში თუ ჰქონია ვინმეს ცურვის ასეთი სტილი?

ჰენრი კუპრაშვილი: არა, საერთოდ ასეთი რამ მსოფლიოში, გარდა კოლხებისა და ქართველებისა, არავის ჰქონია.

2002 წელს, 56 წლის ასაკში, გადაწყვიტეთ ხელფეხშეკრულს გადაეცურათ დარდანელის სრუტე. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?

ჰენრი კუპრაშვილი: თუ გახსოვთ, მაშინ როგორი დათრგუნული იყო მოსახლეობა, იმედდაკარგული... ვიფიქრე, მოდი, ვუჩვენებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ცოტა ოპტიმიზმი შთაბეროს ხალხს. რაღაც ისეთი, რაც იტყვის: როგორც არ უნდა შეგკრან, როგორც არ უნდა შეგკოჭონ ქართველი, სულით არ უნდა დაეცე, მაინც უნდა იბრძოლო, თავი გადაირჩინო და გაიმარჯვო.

- როგორი იყო უშუალოდ სრუტის გადაცურვის პროცესი? ვიცით, რომ საკმაოდ დრამატული ეპიზოდებიც იყო...

ჰენრი კუპრაშვილი: ოთხგან ვიყავი შეკრული - კოჭებთან, მუხლებთან, მკერდთან (მხრების ქვემოთ) და თეძოებთან. ოთხგან შეკრული ჩამიშვეს ბოსფორში/დარდანელში და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა.

ბუნებამაც თითქოს გამოცდა მოწყო - ტალღები, წვიმა, ქარი... ტალღამ სათვალე გამინძრია და მარილიანი წყალი შევიდა თვალებში. ვერაფერს ვხედავდი, ინსტინქტურად მივდიოდი. ხელფეხშეკრული თუ გაჩერდი, ძირს მიდიხარ, იძირები.

ერთ მომენტში გადავტრიალდი და განწირული ვყვიროდი: „გამისწორეთ სათვალე!“. მეუღლე მახლდა, ექიმის ამპლუაში. სათვალე რომ გამისწორა, იქვე ნაპირი დავინახე და გამიხარდა - მოვედი-მეთქი! აღმოჩნდა, რომ ისევ ის ნაპირი იყო, საიდანაც დავიწყე... 1 საათის ცურვის შემდეგ მხოლოდ 300 მეტრი ვიყავი წამოსული. ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული ჩემს ამოყვანაზე ფიქრობდნენ, მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ უკან არ დამიხევია და დარჩენილი 12 კილომეტრი ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით გადავცურე.

- დარდანელის რეკორდის შემდეგ სპორტის სხვა სახეობებშიც იასპარეზეთ, მათ შორის ყინულჭრილში ცურვაში. რა გეგმები გაქვთ მომავალში?

ჰენრი კუპრაშვილი: თანამედროვე ხუთჭიდში ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ხოლო ყინულჭრილში ცურვაში - 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი. 2026 წელს, ჩემი 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ვაპირებ ყინულჭრილში ცურვაში კიდევ ერთხელ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და მორიგი რეკორდი დავამყარო!