„თანადამოკიდებულება“ ფსიქოლოგიაში შემთხვევით არ გაჩნდა. ის შეიქმნა იმ ადამიანების ქცევისა და ემოციური მდგომარეობის აღსაწერად, რომლებიც ალკოჰოლიზმით, ნარკოდამოკიდებულებითა თუ ლუდომანიით (აზარტული თამაშებით) დაავადებული პირების გვერდით ცხოვრობენ.
ეს არიან პარტნიორები, მშობლები ან შვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ „გადაარჩინონ“ ადიქტი, თუმცა შეუმჩნევლად თავად ხდებიან ამ დესტრუქციული სისტემის ნაწილი.
სანამ დამოკიდებული ადამიანი ნივთიერებაზე ან თამაშზეა მიჯაჭვული, თანადამოკიდებული ადამიანი მიჯაჭვულია თავად დამოკიდებულზე. ეს არის კლინიკური წრე, სადაც „მაშველის“ მთელი ცხოვრება, განწყობა და დღის წესრიგი სრულად არის მართული სხვისი დოზით თუ სხვისი ვალებით.
როგორ ხდებიან ადამიანები ადიქტის „მძევლები“?
თანადამოკიდებულება ვითარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და იღებს კონკრეტულ ფსიქოლოგიურ ფორმებს, რომლებიც ხშირად სიტუაციას უფრო აუარესებს:
1. შედეგების გადაფარვა:
ეს არის თანადამოკიდებულის მთავარი მახასიათებელი. ნაცვლად იმისა, რომ ნარკოდამოკიდებულს, სასმელზე დამოკიდებულ პირს ან მოთამაშეს მისცეს უფლება, თავად შეეჯახოს საკუთარი ქცევის მძიმე შედეგებს, თანადამოკიდებული პარტნიორი იწყებს მის „გადარჩენას“: იხდის მის ვალებს, ატყუებს მის უფროსს სამსახურში, მალავს პრობლემას ნათესავებისგან.
მთავარი დილემა: სანამ დამოკიდებული ადამიანი არ იგრძნობს საკუთარი ქცევის სრულ კრახს (ე.წ. „ფსკერს“), მას არ უჩნდება მკურნალობის მოტივაცია. თანადამოკიდებული კი, თავისი მუდმივი გადარჩენით, ამ ფსკერზე დაშვებას უშლის ხელს და ქვეცნობიერად ახანგრძლივებს ადიქციას.
2. ილუზორული კონტროლი:
თანადამოკიდებულს ჰგონია, რომ თუ ის უფრო მკაცრად გააკონტროლებს ადიქტს: შეუმოწმებს ჯიბეებს, ტელეფონს, წაართმევს ხელფასს, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, ამით სიტუაციას შეცვლის. რეალურად, ეს კონტროლი ილუზიაა, რომელიც მხოლოდ ზრდის შფოთვას და ფიტავს აგრესიითა და მუდმივი სტრესით.
3. საკუთარი ცხოვრების სრული პარალიზება:
ნარკოდამოკიდებულის ან მოთამაშის პარტნიორს აღარ აქვს საკუთარი სურვილები, კარიერა, ჰობი ან მეგობრებთან ურთიერთობა. მისი ყოველი დღე იწყება მხოლოდ იმის გამოცნობით, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ადიქტი, არის თუ არა ფხიზელი და რა კრიზისის მოგვარება მოუწევს დღეს. საკუთარი „მე“ სრულად იშლება სხვის დესტრუქციაში.
საიდან მოდის ეს სცენარი?
ხშირად, ადამიანები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ირჩევენ ნარკოდამოკიდებულ, მოთამაშე ან სასმელზე დამოკიდებულ პარტნიორებს, თავად გაიზარდნენ მსგავს დისფუნქციურ ოჯახებში.
ბავშვობაში მათ ისწავლეს, რომ მათი უსაფრთხოება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად კარგად „მოათვინიერებდნენ“ ან დააწყნარებდნენ არაპროგნოზირებად, დამოკიდებულ მშობელს.
მათ ფსიქიკაში სიყვარული გაიგივდა მუდმივ ტკივილთან, შფოთვასთან და ვინმეს „გადარჩენასთან“. ამიტომ, ზრდასრულ ასაკში ისინი ქვეცნობიერად ეძებენ ნაცნობ სცენარს.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕სამზარეულოს „უჩინარი“ გმირი, რომელიც მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა!