რას აკეთებს უცხო ქვეყანაში გოგი წულაია, როგორია მისი დღევანდელი ყოფა, რატომაა თავად საჯიკებელი და რატომ ვერასდროს დათმობს თავის ქუთეისს – ამ ყველაფერზე თავად ისაუბრებს.
– ბატონო გოგი, როგორ ხართ, სად ხართ, რატომ გაგვექეცით? რას გერჩიან, რა უნდათ, გელიან, არ გელიან?..
– რა ვიცი, ძალიან ძნელია, საკუთარი თავის შეფასება. რომ ვთქვა, არიქა, გაუტეხავი ვარ, მოუსყიდავი ვარ, ეს ვთქვა, ის ვთქვა, არ გამოდის. არ ვიცი რა გითხრა. არ გავეკიდე, არ დავშინდი. ხალხისგან სიმპათია და მხარდაჭერა სულ მქონდა, ადამიანების სიყვარული სულ მქონდა. ალბათ, ეშინიათ მათი, ვინც ხალხს უყვარს.
– რატომ აირჩიეთ ისეთი ცხოვრება, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმედგაცრუება, ტკივილი, ფორიაქი?
– ყველა თავისებურად თვლის და ხსნის, რა არის ბედნიერება. ზოგისთვის ბედნიერება ფულის შოვნაა, ზოგისთვის ბევრი სექსი და ნაირ-ნაირი ქალები... ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ვარ ასეთი აქტიური, რომ ვიცი, ვიღაცას ვუყვარვარ, ვიღაც მაფასებს. მოკლედ, ბედნიერი კაცი ვარ.
– ემიგრაციაში აღმოჩნდით. ამ ნაბიჯით ცდილობთ, რაღაცები შეცვალოთ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ?
– არაფერს შევცვლიდი. ახლა რომ დამაბრუნა უკან და მითხრან, როგორი ცხოვრებაც გინდა, აირჩიეო, იმავე ცხოვრებას ავირჩევდი, ოღონდ უფრო მეტ განათლებას მივიღებდი, უფრო მეტ წიგნს წავიკითხავდი, ცოტა უფრო გავაუმჯობესებდი საკუთარ შესაძლებლობებს. ამას – კი ბატონო, თორემ ცხოვრების სტილს არავითარ შემთხვევაში არ შევიცვლიდი. რომ იტყვიან ხოლმე, ბრძოლას აზრი არ აქვსო, არ ვეთანხმები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და იმარჯვებს ის, ვინც იბრძვის. ვინც არ იბრძვის, მან როგორ უნდა გაიმარჯვოს. მართლა ძალიან მინდა, რომ ქვეყანა დალაგდეს, ვიყოთ ბედნიერები, ვაკეთებდეთ იმას, რაც გვიყვარს. ჩემთვის ესაა ბედნიერება, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს და ამ საქმის კეთებიდან გაქვს იმდენი შემოსავალი, რომ იცხოვრო, შეგეძლოს ცოლ-შვილის ზაფხულში, ზამთარში დასასვენებლად სადმე წაყვანა, სტუმრის მიღება შეგეძლოს და უბრალოდ ცხოვრობდე. სხვანაირად არ შეიძლება, ბედნიერი იყო, როცა გარშემო ამდენი უბედური ადამიანია.
გოგი წულაია, ერთი, ქუთაისში დაბადებული, გაზრდილი კაცია, ერთ უბანში, ერთ სახლში სამი წლიდან რომ ვცხოვრობდი და ახლაც იქ ვცხოვრობ. ამწუთას კი ვარ ემიგრაციაში, მაგრამ ის ჩემი სახლია. მიყვარს ჩემი მეგობრები, მათთან ერთად ჭამა, სმა, დროის გაყვანა, მიყვარს ადამიანები... ილიას ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ განსაკუთრებით მომწონს მისი ეს სტრიქონი – „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე“. მინდა, ასე რომ ვიცხოვრო ბოლომდე, ილიას მართალი სიტყვებით. თუ ოდნავ ვინმე გავაბედნიერე, გავაღიმე, მეც ბედნიერი ვიქნები. ადამიანის დახმარება მარტო ის არაა, ექიმი იყო და ვინმეს ოპერაცია გაუკეთო ან მშენებელი და ვინმეს სახლი აუშენო. ოდნავი ღიმილითაც თუ ვინმე გააბედნიერე, ჩათვალე, რომ იმ დღეს ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი გააკეთე.
– ქუთაისელები და თბილისელები რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს, რატომ ბრაზდებით ხოლმე, როცა ამბობენ, მაგალითად, რომ ქუთაისში დღემდე გრაფიკით გაქვთ წყალი, ინფრასტრუქტურა არაა, არაფერი საინტერესო არ ხდება, სამუშაო არაა... ქუთაისელები ან ევროპაში გარბიხართ ან თბილისში მორბიხართ. რატომ?
– რა ვიცი, ჩვენ ქუთაისი მაინც საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქად მიგვაჩნია. რეალობაც ესაა, რომ ცივილიზაცია ქუთაისში იწყებოდა და არა თბილისში. რაღაცნაირად, ეს ჩვენი ამბიციაა, რაც ხასიათებშიც გამოისახება. როდესაც თბილისელი, როგორც დედაქალაქელი, ზემოდან გიყურებს, არაა მაი კარგი. კონფლიქტებს წარმოქმნის. ესე იგი, შენ თვლი, რომ შენ ხარ მაგარი და სხვა არავინაა.
– არაა ეგ კარგი, კი, გეთანხმებით. მანდ, სადაც ხართ, შეგიძლიათ მითხრათ განსხვავებები ცხოვრების დონეებში. ვიცი, სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ მაინც.. საინტერესოა.
– განსახვავება არის მხოლოდ ერთი. ამ წუთს ვარ სტრასბურგში. რა თქმა უნდა, პარიზი მეტად დიდი ქალაქია, მეტი შესაძლებლობებია, მეტი სამუშაო ადგილია, მაგრამ საფრანგეთში არ არსებობს განსხვავება დიდ და პატარა ქალაქებს შორის. შემოსავლებში, ეკონომიურად ვგულისხმობ, დიდი განსხვავება არ არსებობს. თბილისი კი, კონტრასტულად არის სხვა ქალაქი. დანარჩენი პატარა ქალაქები კი საერთოდ მიგდებულია, არაფრის იმედად. ძალიან პოლარზიებულია და ეს იწვევს დაპირისპირებას. ეს იმის ბრალია, რომ მკაცრად ცენტრალიზებულია ხელისუფლება.
– შეძელით ადაპტაცია, თუნდაც, ენობრივი ბარიერის გადალახვა?
– ადამიანი ბედნიერი ხარ მაშინ, როცა გარემო, სადაც გაიზარდე, შეგუებულია შენთან და შენ შეგუებული ხარ გარემოსთან, სადაც კომუნიკაციას ახერხებ. ძალიან მიჭირს „უენობა“ და კიდევ, ჩემთვის ძნელია ამ პირობებში ყოფნა, ლტოლვილობის ატანა. მილიარდერიც რომ ვიყო, მაინც ქუთაისში ვიცხოვრებდი, იმიტომ რომ ფულის ხარჯვაც სიამოვნებას მაშინ განიჭებს ადამიანს, როცა შენებში ხარჯავ. რა ვიცი, შეიძლება, ვცდები.
– კარგი, გასაგებია. ქალები მართლა ასე გაკარგვინებენ ჭკუას, რომ...
– აჰ, მაგაზე აღარ გვინდა. წასული ამბავია ეგ. ვერაფერს ვერ ვიტყვი ახალს და საინტერესოს. თემა დახურულია. მექალთანე და არავითარი ამნაირი არა ვარ.
– ნამდვილად არა?
– კი, შეცდომები და ცოდვები ყველას გვაქვს. უცოდველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მექალთანეც არა ვარ. საერთოდ რა არის, იცი? არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს. რა თქმა უნდა, თუ რამეს აკეთებ ცხოვრებაში, შეცდომებიც გექნება. ვაღიარებ ამ შეცდომებს, არც ბოდიშის მოხდა მიჭირს, არც არაფერი. ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. რა თქმა უნდა, მაქვს შეცდომები, თან, უამრავი!
– ნანობთ რამეს?
– არა, არაფერს. ვთვლი, რომ ყველა განცხადება, ყველა ბრიფინგი, რაც კი ჩამიტარებია, ჩასატარებელი იყო. ამით რაღაცებს ვაღწევდი, რაღაცები სააშკარაოზე გამომქონდა, რაღაც ცუდს ვარიდებდი ქალაქს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბრძოლის სხვა მეთოდი რომ მენახა და ხანდახან ასეთი გადაჭარბებული არ ვყოფილიყავი ემოციებში, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ისიც შეიძლება, ვთქვათ – ასეთი ემოციური რომ არ ვყოფილიყავი, მაშინ რამდენად გაშუქდებოდა ის, რაც გასაშუქებელი იყო და რამდენად საინტერესო ვიქნებოდი ჟურნალისტებისთვის. ძნელი სათქმელია, არ ვიცი. ალბათ, ასეთი დიდი ემოციების პატრონი არ უნდა ვყოფილიყავი.
– დაბრუნდებით?
– ჯერჯერობით არ ვაპირებ ჩამოსვლას.
– სადამდე ჯერჯერობით?
– სანამ მაგენი იქნებიან, მაგ ხელისუფლება არსებობს, სანამ დაჭერის საშიშროება არსებობს. არ ვაპირებ ციხეში ჩაჯდომას, რამე თუ ვთვლი, რომ აქ, გარეთ მყოფი უფრო მეტ სარგებელს მოვუტან ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ციხეში მჯდომი გოგი წულაია. ისევ ისე გავაკეთებ ყველაფერს. სამოცი წლის ვხდები, მაგრამ გულით ისევ ოცი წლის ბიჭი ვარ. არანაირი სიბერე არ მომეკარება. სულ ახალგაზრდა ვიქნები და სულ ასეთი აქტიური, სიკვდილამდე. აი, კუბოში რომ ჩამაწვენენ, ხო? იქანაც ჩამომხედეთ და ნახეთ ერთი, რამდენი პერფორმანსი ჩავატარო.
– თქვენი საოცარი იუმორი, არა ხისტი და არა ბოროტული, არამედ სიმართლით სავსე და კეთილი განზრახვით ნათქვამი გეხმარებათ კეთილგანწყობის მოპოვებაში.
– ის, რომ იუმორით ვაწოდებდი ადამიანებს ჩემს სათქმელს, განცხადებებს, ამის გარდა სხვა პოლიტიკურად, საარჩევნო ხმებში გამიჭირდა. არ მწყინს არაფერი. მიყვარს იუმორი და იმ სიბინძურეს, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა, რასაც ვყვებოდი, ვთვლიდი, რომ იუმორით მიწოდებული უკეთესი იქნებოდა, ვიდრე მშრალი, შიშველი სიმართლე, რომელიც არის საზიზღარი და ძალიან ცუდი მოსასმენი. კი ბატონო, ხალხი იუმორისტად უფრო აღმიქვამს, ვიდრე პოლიტიკოსად. მერე რა, არ მწყინს, მეც სწორად ვაფასებ ამას.
– დენი დე ვიტოს ჰგავხართ. ამ იუმორით ჯადოსნური ჯოხი უნდა გეჭიროთ ხელში და ბავშვებს ზღაპრებს უნდა უყვებოდეთ. პოლიტიკაში საერთოდ რა გინდათ?
– თუკი მართლა მექნება ჯადოსნური ჯოხი, ნამდვილად გამოვიყენებ, რათა ადამიანები არ იყვნენ ზომბები, არაფერზე რომ არ აქვთ რეაქცია, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. არ მიყვარს ეს გაუტანლობა! იყოს, რა, ცხოვრება ისეთი, რომ უბრალოდ, ვიცხოვროთ, ვსვათ, ვჭამოთ ოღონდ ერთმანეთი არ შევჭამოთ! იყოს ვენახები, ბაღები, საქონელი, მზე, სიყვარული, ბევრი ღვინო... მეტი რა უნდა ინატრო კაცმა. რაც შემეძლო, მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა, ის შევძელი. შვილებს გეფიცები, ხომ არაფერს წარმოვადგენ, მე თვითონ საჯიკებელი და გაუბედურებული ვარ, ემიგრაციაში რა შემიძლია? ჩემგან ხომ ამ წუთს არც არავინ არაფერს მოელის იმ დროისგან განსხვავებით, როცა რაღაც შემეძლო, ბრიფინგი გამეკეთებინა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ახლა, როცა არავის ვჭირდები, უფრო ბედნიერი ვარ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი“- რა წერს გიორგი კეკელიძე
🔵 რუსთავში ქალმა ქუჩაში ნაპოვნი პლასტიკური ბარათით პროდუქტები შეიძინა