თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ახალი წლის ღამეს ფეიერვერკების გასროლის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ ცხოველებს სპეციალურად გაუკეთა ანტიდეპრესანტები და დამაშვიდებლები, თუმცა ასაფეთქებლებმა თავისი ნეგატიური შედეგი მაინც გამოიღო და ზოოპარკის ბინადრები დაისტრესნენ.
„პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ყველაფერი. სპეციალური ზომები იყო მიღებული, მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები, ანტისტრესული პრეპარატები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ასეთი შიში, ასეთი სტრესული სიტუაცია უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. შემდეგ შეიძლება, გაუჩნდეთ გარკვეული დაავადებები, ხშირ შემთხვევაშიც შეიძლება, კიდევ უფრო მძიმედაც განვითარდეს გარკვეული პერიოდის მერე, რომლის მიზეზიც უკვე სწორედ სტრესში უნდა ვეძებოთ.
გნუ საკმაოდ ძლიერი ცხოველია, მაგრამ სროლების და აფეთქებების ეშინია. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც დაგვეღუპა პატარა. წინა წელს დაგვეღუპა პატარა გნუ. ნებისმიერი ცხოველის გამრავლება საკმაოდ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და დიდ სირთულეებთან და რამდენიმე წამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია. იმავეს მოვუწოდებდი, რასაც ყოველთვის ვამბობთ, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, განსაკუთრებით, ჩვენი თხოვნა იქნება,ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ახალ წელს პირდაპირ ზოოპარკის მიმართულებით იყო სროლები, მიზანმიმართულად არა, მაგრამ ასე გამოვიდა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დადო ექიმმა ტელეფონი და აქვითინდა…“ – ამბავი, რომელიც ახალი წლის ღამეს მოხდა
🔵ქუთაისში გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც სასუნთქ მილში ქათმის ძვალი გაეჩხირა
🔵„აბა, ახლა დააკვირდით, რას უდრის 2023 წლის ციფრთა ჯამი?“ - გია მურღულია