აჩი ფურცელაძის კარიერა, რომელიც შოუბიზნესს უკავშირდება, 30 წელზე მეტს ითვლის. დაიწყო ძალიან აქტიურად და ასე გრძელდებოდა ბევრი წელი, თუმცა ბოლო წლებში, რაღაც, ისე აღარ გამოდის, როგორც მანამდე. მიზეზებზე თავად მოგვიყვება.
აჩი ფურცელაძე: მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობის გარკვეული წლები სულ მჯეროდა, რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი. მშვილდოსანი ვარ და შესაბამისად, საშინელი ოპტიმისტი. ეს მეხმარებოდა იმაში, რომ ჩემი საქმე გამომსვლოდა. რასაც მე ვაკეთებდი, როგორც მუსიკოსი, როგორც ჟურნალისტი, შეიძლება, ყველასთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ, ძირითადად, ყოველთვის გამომარჩევდნენ, მისმენდნენ, მაფასებდნენ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. თითქოს იღბალი მეხმარებოდა იმაში, რომ ის, რასაც მე ვაკეთებდი, ადვილად მისულიყო ყველას ყურამდე და ჩემი ნამუშევარი მოსწონდებოდათ.
– რატომ – წარსულ დროში?
– ბოლო პერიოდში ვხვდები, რომ იღბალი სადღაც წავიდა. იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი კულმინაციისკენ მიდიოდა, მაგრამ არ მივიდა. წარმოიდგინეთ, გრძელი დერეფანი, რომლის ორივე მხარეს ბევრი კარია ჩამწკრივებული და შენ ყველას გაივლი დაუღალავი შრომით, ეს მოგიტანს ფულსაც, ხალხის სიყვარულსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო კარი აღარ იხსნება და მაშინ ხვდები, რომ ეტყობა, ეს ქალბატონი იღბალი ზურგით დგება შენკენ და აღარ გიმართლებს. ეს არ არის ის გამართლება, როგორსაც კაზინოში ელოდები, ამ გამართლებისთვის მე ბევრი ვიშრომე. ჩემს თავს ვერ დავაბრალებ იმას, რომ ეს კარი არ გაიღო, ყველა ნაბიჯი სწორად გადავდგი და ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში იღბალი არ აღმოჩნდა ჩემ მხარეს. თუმცა, ადამიანი იღბალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, შრომა აუცილებელია. ყოველი წამი უნდა გამოიყენო და არ დაკარგო. მერე რომც არ გამოვიდეს, განვლილი გზა მაინც სიამოვნებას მოგანიჭებს, თან რაღაცებს ისწავლი.
– რა შეიცვალა, რატომ გაქცია იღბალმა ზურგი?
– მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ჩემი სამშობლო საქართველოა, რომელიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მის დესპანად დავრჩები. აქაც და საზღვარს გავცდები თუ არა, მე ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის კარგი მოაქალაქე. როდესაც აქედან წავედი, ეს იყო 2006 წელს, მაშინ აქ ახალი ისტორია დაიწერა, მთავრობაში და ამ სფეროს სათავეში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ვისაც მე არ ვიცნობდი. 31 წელია, ვდგავარ სცენაზე და იმის მიუხედავად, მიცნობენ თუ არა, იციან, ვინ ვარ და რა გამიკეთებია. მანამდე აბსოლუტურად ყველას ვიცნობდი, შოუც გვქონდა და ბიზნესიც, მაგრამ მერე რაღაცები შეიცვალა. ვხუმრობ ხოლმე, მაშინ სპორტის სასახლეში, ათიდან 12 კონცერტი მე მიმყავდა. კლუბები, რადიო, მომღერლის სასცენო კარიერა, წამყვანობასთან ერთად – ეს ყველაფერი კარგად ადუღდა და ლამაზი სუფრის სახით, სხვადასხვა თეფშზე გადანაწილდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მთავრობის ცვლილების შემდეგ ცოტა ჩავარდა რაღაცები, ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს სფერო იყო და რადგან კონცერტები აღარ ტარდებოდა და რადიოშიც აღარ ვმუშაობდი, გადავწყვიტე, აქედან წავსულიყავი და წავედი. ვითომ ერთი წლით წავედი.
ფულს დავაგროვებდი და გამოვაგზავნიდი – ასეთი იყო გეგმა. ამასობაში დედაჩემს დასჭირდა ოპერაცია, თავში სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი აღმოაჩნდა, რომელიც მადლობა ღმერთს, კეთილთვისებიანი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთი წლით წასული იქ მთელი 12 წელი დავრჩი. აქ რომ ჩამოვედი, მიშამ „დასასვენებლად“ გამიშვა „სანატორიუმში“. ეს შლეიფი ყოველთვის ცუდ ბეგრაუნდად მოგყვება ადამიანს. ციხე ყოველთვის უსიამოვნო ლაქად რჩება ცხოვრებაში. ასე იყო თუ ისე, იქიდან გამოვედი და ისევ წავედი. დავრჩი და დავრჩი. შიგადაშიგ ჩამოვდიოდი, მერე – უფრო ხშირად, მაგრამ გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, აქ ვეღარ ვაქტიურობდი. მთლიანად იქ გადავედი და აქ ჩემი სახელი და გვარი ტივტივებდა. ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, ამაყად ვიტყვი, რომ რაღაცები ახსოვდათ. გამიმართლა იმაში, რომ დაინახეს, რაც გავაკეთე და დაიმახსოვრეს. მარტომ მივაღწიე ყველაფერს, თუნდაც, იმას, რომ დღევანდელ თაობას მე ვახსოვარ და ჩემი სახელი და გვარი იციან. ეს ცოტა ისე ჟღერს, გული მწყდება, გეგონება მოვკვდი ან ისეთ ადგილას ვარ, რომ არყოფნის ტოლფასია... უი, შენ ჩამოხვედი? დღემდე მეკითხებიან ამას, არადა, მე უკვე ხუთი წელია, აქ ვარ. აქ ვარ, მაგრამ დღეს საშინელებები ხდება ჩვენთან, ძალიან არასწორი ხალხი დგას სათავეში, თუნდაც მედიის, თუნდაც ხელოვნების მიმართულებით. ეს სხვა თემაა, მაგრამ ჩემი წასვლა-ჩამოსვლით, დიდი ნაპრალი გაჩნდა 12 წლის სახით. გამოჩნდნენ ახალი სახეები, კარგებიც და რომ ვერ გაიგებ, რა უნდათ, ისეთებიც, თუმცა, ყველა ქოთანს თავის თავსახური აქვს. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ძირითადად, საშინელებას უსმენენ და საშინელებას უყურებენ. ცოტა გოიმობა, ხარისხი – საშინელება, მთავარია, მასაზე გავარდეს და ამ პროცესებს დაემთხვა ჩემი ჩამოსვლა. აღმოვჩნდი „ქავერების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარეში“. მივხვდი, რომ ვეღარაფერს ვეღარ იზამ, ცნობილი ხარ თუ უცნობი არ აქვს მნიშვნელობა, არაფერი გამოგივა. თუ ქავერი არ ჩაწერე, წასულია შენი საქმე. მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი გზაა. ჩამოვედი და ხუთი წლის განმავლობაში 5-6 ახალი სიმღერა ჩავწერე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არავის სჭირდება. არადა, როდემდე უნდა ვატრიალოთ ერთი და იგივე?!.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მგზავრობის დროს რატომ გვერევა გული?“ - რას პასუხობს ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვების შეკითხვებს
🔵„კვარას თვალებში ცეცხლი ანთია“ - „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი ხვიჩას ფოტოს აქვეყნებს
🎥 უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის უკანასკნელი ვიდეო, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა
წყარო: tbiliselebi.ge