
გიორგი ნაზღაიძის ცხოვრების განვლილი ეტაპები ნამდვილად არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მას ადრეული ასაკიდან უწევდა შრომა, რომ ოცნებები აეხდინა, ყოფილიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და წარმატებისთვის თავისი შრომითა და მიზანდასახულობით მიეღწია.
მსახიობი, ტელეწამყვანი 12 წლის შვილისთვის ბრძოლას აგრძელებს, ამის შესახებ მან „თბილისელებს“ განუცხადა:
– აპირებდი ამერიკაში ჩასვლას, „დეენემის“ გაკეთებას და შვილის დაბრუნებას. ახლა რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
– ახლა, ჩემი შვილი 12 წლისაა და მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა არ არის დასრულებული. ამერიკაში ჩემი ბავშვის დედას არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია. ყველაფერს აქვს თავისი დრო და თავისი ადგილი. ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა, თუმცა, კიდევ ვამბობ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადრე თუ ბევრს ვსაუბრობდი, რას და როგორ ვაპირებდი ჩემს შვილთან მიმართებაში, მივხვდი, ხმამაღლა აღარ უნდა ვილაპარაკო, რომ ვიღაცამ ორი ნაბიჯით არ გამასწროს. თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოსაც არ დებენ, არადა სასწაულად მგავს. ასე რომ, ბრძოლას ჩემი 12 წლის ბიჭისთვის ვაგრძელებ.
– სულ მალე დაბადების დღე გაქვს. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხდები?
– არასოდეს ვმალავ ასაკს, ერთ თვეში 40 წლის ვხდები და მგონი, ჩემს ასაკთან შედარებით, საკმაოდ კარგად გამოვიყურები. თან, რომც მოვინდომო, ჩემს ასაკს ვერ დავმალავ და აზრიც არ ექნებოდა, რადგან კისერზე მაქვს ტატუ, სადაც ჩემი დაბადების წელი, თვე და რიცხვი მიწერია. ასე რომ, თუ ადამიანმა ელემენტარული მათემატიკა იცის, გადათვლის ჩემს ტატუზე გამოსახულ რიცხვებს და მარტივად დაადგენს ჩემს ასაკს (იცინის). თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ჩემს ასაკს არ ვმალავ, იმიტომ რომ ჩემი ასაკისთვის, 40 წლისთვის, ძალიან კარგად კი არა, იდეალურად გამოვიყურები. ამაში კი მეხმარება გენეტიკა და ელემენტარული თავის მოვლის რუტინა, რაც ყველა ადამიანისთვის აუცილებელი და საჭიროა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, მწვანილი - 10 საკვები პროდუქტი, რაც მაცივარს არ უნდა გააკაროთ!
წყარო: tbiliselebi.ge