24 იანვარი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა და წელს ის მეექვსედ აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მსახიობი, მეტყველების პედაგოგი და პოეტი ელდინო საღარაძე EDU.ARIS.GE-სთან განათლების ფენომენზე საუბრობს. ის ამბობს, რომ დიდი სხვაობაა მცოდნე და განათლებულ ადამიანს შორის და იმასაც განმარტავს, რა განასხვავებს მათ:
„ქართული უნიკალური ენაა, სადაც ბევრი საიდუმლოა გახსნილი. ეს სიტყვაც – განათლება – ნათელთანაა დაკავშირებული, რომლის დახმარებითაც ადამიანი უფალს შეიცნობს. ცოდნა და განათლება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცოდნა ინფორმაციულობაა, იმ დედამიწური მეცნიერებების შესწავლაა, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია… სიბრძნე კი, ღვთაებრივი კანონზომიერების ცოდნაა. თუ ამ ცოდნებით არ გავიაზრებთ ყველა ჩვენს გონებაში შემოსულ ფიქრს და სწორად არ ვიმოქმედებთ, ვერ ვიქნებით განათლებულები. ვიქნებით უბრალოდ კარგი სპეციალისტები, მცოდნეები ამა თუ იმ დარგში“.
პოეტი თვლის, რომ დღეს ადამიანებს დღეობებისა თუ დღესასწაულების აღნიშვნის არსი არ გვესმის, ნებისმიერი დღესასწაულის არსობრივი გააზრება კი ადამიანისთვის უმთავრესია.
„დიახ, ჩვენ აღვნიშნავთ შობას, ფერისცვალებას, თუნდაც ამ დღეს – განათლების საერთაშორისო დღეს, მაგრამ არსი არ ვიცით. ვერ ვიგებთ, რას ვდღესასწაულობთ. ვდღესასწაულობთ შობას, როცა შობის არსი არ გვესმის. ჩვენი გააზრება ისაა, რომ ამ დღეს ბეთლემში დაიბადა მაცხოვარი. ეს კი არის დღესასწაულის გააზრების დასაწყისი და არა დასასრული. დასასრული ისაა, რომ მაცხოვარი თავისი სულიერი ღირებულებებით ჩემში უნდა დაიბადოს, ჩემში უნდა დაიბადოს ყველა მიდგომა, გააზრება იმ დღესასწაულებისა, რომელსაც პატივს ვცემთ. ყველაზე დიდი პატივისცემა კი ის იქნება, როდესაც შენ შინაგან სამყაროში შემოუშვებ მის არსობრივ გააზრებას“, – გვითხრა ელდინო საღარაძემ.
პედაგოგი განათლების სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას არასახარბიელო მდგომარეობას უწოდებს და ამის მიზეზსაც ხსნის:
„ჩვენ გააზრებული არ გვაქვს ღვთაებრივი სიბრძნე, ამ სიბრძნით არ არის განმსჭვალული ჩვენი ქმედებები, რის გამოც სულ უკან და უკან მივდივართ, ვერ ვვითარდებით. სწორედ ამის გამოა განათლება არასახარბიელო სიტუაციაში“.
კითხვაზე – ვის მიულოცავდა განათლების საერთაშორისო დღეს - ელდინო საღარაძემ ასე გვიპასუხა:
„მივულოცავდი მთელ სამყაროს, დედამიწას ამ ფენომენის – განათლების არსებობას და ვისურვებდი, ჭეშმარიტი სიბრძნის, ნათლის – განათლების მიღებას, რაც ადამიანს ყველაზე მეტად აბედნიერებს“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თიკა ფაცაცია ჭაღიდან ჩამოხსნეს“ - სახალისო კადრები
⭕„ბანდა“ - როგორ ისვენებენ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები აბუ-დაბიში
წყარო: edu.aris.ge