იური ვაზაგაშვილი იყო ქართველი საზოგადოებრივი აქტივისტი, მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავე პოლიციელების დასჯისთვის. იგი 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დეტალურად მისმა დამ მანანა ვაზაგაშვილმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ ისაუბრა:
„20 იანვარს, სოფელში იყო გასვენება და იური იქ იყო, ძალიან ჩქარობდა, ამბობდა, ხუთის ნახევარზე ტელევიზიაში ჩართვა მაქვსო, უნდა ჩაერთოთ პირდაპირ საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც ცრუ ჩვენება მიაცემინეს, თითქოს ზურიკო საყაჩაღოდ მიდიოდა და უნდა ეღიარებინა, რომ მოიტყუა ეს. არ დასცალდა, ვერაგულად მოკლეს.
ისეთი კმაყოფილი იყო იური, იცოდა, რომ სიმართლეს იტყოდა ეს მოწმე, რომელიც მაშინ უკრაინაში იყო. არც მკვლელების დასჯა დასცალდა, არც სტრასბურგის გამამართლებელი განაჩენი და ბევრი რამე.
2015 წლის 20 იანვარი, კასპის რაიონი, სოფელი ყარაფილა, იური ვაზაგაშვილი ჩადის თანამშრომლის, მელაძის დედის დაკრძალვაზე. გასვენებებზე იურიმ ყოველთვის იცოდა ცოტა ადრე წასვლა გამოსვენებამდე, მივიდოდა საფლავზე, ყვავილებს ჩააწყობდა და ამ დღესაც მარტო წავიდა. 
ცოტა ხანში ატყდა ყვირილი, რომ აფეთქება მოხდა სასაფლაოზე. როგორ ავედი აღარც მახსოვს, მაგრამ ვინ შემიშვა. ამხელა მთასავით კაცი სისხლში ცურავდა. შორიდან ვნახე, გადახტომა მინდოდა და არ შემიშვეს.
იური სასაფლაოზე რომ მიდიოდა, მიჰქონდა ყვავილები და თავად აწყობდა ამ ყვავილებს, არავის ჩააწყობინებდა ხოლმე, თავისებურად, ლამაზად და კოხტად აკეთებდა. როგორც თქვეს, ამას დააკვირდნენ, შეიმუშავეს, ინფორმატორი ჰყავდათ და მოუძებნეს სუსტი ადგილი, საყვავილის ქვეშ დაამონტაჟეს. რომ დაიხარა, ყვავილების გასასწორებლად ამ დროს აფეთქდა.
ვიღაცამ თქვა, მოშორებით წითელი მანქანით ვიღაც იდგა და აკვირდებოდა. როგორც კი აფეთქდა, იმ წუთში გაქცეულა.
შვილის საფლავზე აბურდულ ყვავილებს რომ ასწორებდა, მაგ დროს ააფეთქეს. სასაფლაოს მომვლელი ჰყავდა, იურის სულ დალაგებული ხვდებოდა სასაფლაო. ვფიქრობ, მესაფლავემ რაღაც იცოდა ან ვიღაცამ გააფრთხილა, არ შეხვიდეო და ერთ წელში სასაფლაოს მომვლელი გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა, მოკლეს, მოწამლეს მე ვფიქრობ“, - ამბობს მანანა ვაზაგაშვილი.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„სხვაობა 14 წელი“ - ნინი შერმადინი ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს