Digest Logo

ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა საკუთარი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო

1774282226
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„ამ დღეებში საზოგადოებაში რაც ვნახეთ, ეს ერთსულოვნება, ძალიან საშურია, რომ იყოს შენარჩუნებული. სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, ამ მოვლენიდან რაიმე პროცესი პოლიტიკურ შეფასებაში გადაიტანოს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, ყველას სთხოვს, თავი შეიკავოს ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით.

„სირცხვილია უბრალოდ ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა, რომ კიდევ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა მხარედ. ამიტომ, სასურველი იქნება, არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. პატრიარქისადმი ჩვენი პატივის მიგება იქნება, რომ ნუ ავყვებით მეორად თემებს, რომლებსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.

„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა საკუთარი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო - გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ - ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია ეს გასაღებიო, აქ არის თუ იქ არისო, მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით შეკითხვაზე ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი სირცხვილია და ხალხს გლოვა უნდა აცადონ.

„ტელევიზიები არ ირჩევენ მომავალ პატრიარქს, სირცხვილია, დააცადეთ ხალხს გლოვა. მოვრჩეთ ამ თემებზე ლაპარაკს. ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობაა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მეუფე შიო: ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს, ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში

⭕„საოცარი გოგო ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ღვინიაშვილი მაროკოდან

⭕ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩემი მშობლები 80 წლისები არიან... მამაჩემი ორჯერ არის ნაინსულტარი...ისე რომ არც ვიცოდით, სახლიდან გავიდნენ, თითქმის 5 საათი ვერ დავუკავშირდით და ამ რიგში ჩამდგარან და უკვე რომ დატოვეს ტაძარი მერე შევძელით დაკავშირება