
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობასაც მხოლოდ პოზიტივი მოაქვს. მართალია, მისი მკაცრი გარეგნობა არ ემთხვევა მის თბილ და იუმორით სავსე ხასიათს, მაგრამ ამაზე თავად ხუმრობს – ამბობს, რომ ბევრს უთქვამს მისთვის, შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ, ახლოდან რომ გაგიცანი, რადიკალურად სხვა ხარო.
ამჯერად გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახსა და კარიერაზე საუბრობს:
– არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს და პროფესიაშიც წარმატებული ხარ, მაგრამ ცხოვრება ხომ იოლი არ არის, ხშირად ისეთ ტკივილიანი განცდების წინაშე გვაყენებს, რისი გადატანაც რთულია და სიცოცხლის ბოლომდე ტრავმად გაგვყვება. ასეთი რა მომენტი იყო შენთვის?
გოდერძი შარაშია: ასეთი დღეები არაერთი იყო. ბებია მიყვარდა ძალიან, დიდი ვიყავი, როცა ისევ მის ოთახში ვიწექი და სულ მეუბნებოდა: მე რომ მოვკვდები, მინდა, ჩემთან ახლოს იყო, მიხვდე, მე მეტკინება თუ არა გარდაცვალებაო. ეშინოდა სიკვდილის მომენტის დადგომის. სულ ამაზე მეფიქრებოდა, არ მინდოდა, ის მომენტი დამდგარიყო და არ მინდოდა ისე გამეშვა იმქვეყნად, მის გვერდით არ ვყოფილიყავი. სტუდენტი ვიყავი და სამწუხაროდ, ბოლო ამოსუნთქვისას მის გვერდით ვერ ვიყავი. ეს დღემდე ხინჯად მაქვს გულში. მინდოდა, გამეგო, ეტკინა თუ არა, მაგრამ ისე წავიდა იმქვეყნად, ვერ გავიგე. მერე, მამა გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში და ასე მეგონა, ბავშვობაც დასრულდა და გავიზარდე, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ჩემი ბოლო ტკივილი არ იქნებოდა.
მე და ჩემი მეუღლე ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, პირველი შვილი გვყავს დაღუპული. ამ დროს მეგონა, ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. თუმცა, თურმე, წინ კიდევ მელოდა სიხარული – ჩვენი მეორე შვილის, ანდრიას სახით. გულში სულ მახსოვს ჩემი გოგო, მაგრამ არასდროს ვსაუბრობ ამ ტკივილზე. მეგონა, ბებია და მამა რომ გარდაიცვალნენ, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შვილის ტკივილმა ეს განცდა გააასმაგა, ყველაზე დიდი დარტყმა მომაყენა. ვერ ვხვდებოდი, ვცხოვრობდი თუ არა. ზოგადად, დრო არანაირად არ არის მკურნალი, ტკივილი არსად ქრება, მთელი ცხოვრება გულით დამაქვს და სულ მახსოვს. ტკივილი არ ნელდება, გულიდან ვერაფრით ამოშლი, ამ ტკივილის განეიტრალებას იმით ცდილობ, რომ საუბარს არიდებ თავს. ამ პირადი ტკივილის გადალახვაში ის დამეხმარა, რომ გარდაცვლილ შვილზე არ ვსაუბრობდით. სხვათა შორის, იცით, როდის გამიმძაფრდა ტკივილის განცდა? როცა, ჩემმა ანდრიამ გვითხრა: ისეთი განცდა მაქვს, პირველი შვილი არ ვარო. 15 წლის ასაკში ვუთხარით სიმართლე, მანამდე ვუმალავდით, რომ ის ტკივილი, რასაც მე და ცირამ განვიცდიდით, მისთვის აგვერიდებინა.
გვიწევს ადამიანებს რთული მომენტების გადატანა, დრო მიდის, დავიწყება კი შეუძლებელია. ძალიან მინდა ხოლმე, ის ადამიანები დამესიზმრონ, ვინც მიყვარდა და აღარ არიან, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად მესიზმრებიან და ძირითადად, ვერც ვიმახსოვრებ სიზმარს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი ქალი ხარ...“ - შორენა ბეგაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „მთვრალი ვარ...ამიტომ ვმღერი...“ - დედა-შვილების საოცარი შესრულება