როგორია ყველასათვის საყვარელი მომღერლის, გია დავითიანის დაბადების დღეები, სად აღნიშნავს ის ამ დღეს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და როგორ ხვდება ასაკის მატებას, ამას „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია დავითიანი: 9 მაისს ვარ დაბადებული. ვგიჟდები გაზაფხულსა და მაისის თვეზე. მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ვარდთან, სუროსთან, მარადმწვანე მცენარეებთან... აზალია, პიონი, ზამბახები, ჟასმინები, ბროწეულებთან და ბროწეულასთან. გაზაფხული ხომ მცენარეების აფეთქების სეზონია და ამას დაუმატეთ, რომ ჩემი დაბადების დღეც მაისშია. მხოლოდ ესეც არ არის მიზეზი, 18 მაისს იყო მამაჩემის დაბადების დღე, მის სულს ვენაცვალე. ძალიან უყვარდა თავის დაბადების დღე. მამა აპრილში გარდაიცვალა. მე და დედაჩემმა მისი პიჯაკის ჯიბეში ფურცელზე ჩამოწერილი სია ვიპოვეთ: ორი დედალი, ერთი გოჭი, თევზეული და ასე შემდეგ... ყოველთვის ასე აკეთებდა. ოცი დღით ადრე ემზადებოდა ხოლმე თავისი დაბადების დღისთვის, მეგობრებსა და ახლობლებს ეძახდა და ძალიან კარგი შეკრებები იმართებოდა.
მამა 2011 წელს გარდაიცვალა. 2010 წელს გადავწყვიტე, 9 მაისს არ გადამეხადა ჩემი დაბადების დღე და 18-ში, მამაჩემის დაბადების დღეზე ერთად გადამეხადა. დიდი პურმარილი გავაკეთე და მამას რომ ვუთხარი, შენი და ჩემი საძმაკაცოა დაპატიჟებული, ერთ დღეს აღვნიშნოთ ჩვენი დაბადების დღეები-მეთქი, ძალიან გაუხარდა. მაშინაც ბროწეულაში გავშალეთ დიდი სუფრა და ფანტასტიკური დრო ვატარეთ. სამწუხაროდ, 2011 წლის დაბადების დღეს ვეღარ მოესწრო. ტრაგიკული ამბავი გამოვიდა, თუ ვინმე ძმაკაცი ჰყავდა დასაპატიჟებელი, ამ წელს უკვე ყველა გარდაცვლილი იყო. მეც წინა წელს თითქოს გულმა მიგრძნო და ძალიან ლამაზი დღე გავატარეთ ორივეს საძმაკაცოსთან ერთად. მადლობა ღმერთს ამისთვის!
ასე, რომ მაისიც მიყვარს, რიცხვი 9 და 18-იც.
ხუმრობით ვკითხე მეგობარს, ამდენი ხანია, გიცნობ, შენს დაბადების დღეზე ერთხელ არ ვარ ნამყოფი, არადა, წესით, უნდა ვიყო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ იხდის დაბადების დღეებს. გადახდაში გრანდიოზული ქეიფი არ მაქვს მხედველობაში, ეს საშუალებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაღაც დოზით აღნიშვნაზეა აქ საუბარი. მითხრა, მე არ მიყვარს ჩემი დაბადების დღეო. გამიკვირდა, შენი დაბადების დღე თუ არ გიყვარს, სხვისას როგორ შეიყვარებ-მეთქი. მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის გადავიხდი, სანამ ცოცხალი ვარ.
– რამდენად უფრთხილდებით თავს?
– მე კი არ ვუფრთხილდები საკუთარ თავს, ჩემი მეგობრები მიფრთხილდებიან. მივედი კვლევაზე, კატე გადავიღე და ატყდა ერთი ამბავი, საოპერაციო ვიყავი. ჩემმა ერთმა მეგობარმა გაიგო ამის შესახებ. ღმერთმა მისცეს საშუალება, სიკეთის მკეთებელი კაცია და იმსახურებს ისე იყოს, როგორც არის. ყოვლისშემძლე ბიჭია. შეიძლება, ტელეფონში ნახოს ინფორმაცია გაჭირვებული ადამიანის შესახებ, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და ყველანაირი ხარჯი თავის თავზე აიღოს, რომ ადამიანი სახლში ჯანმრთელი დააბრუნოს. რამდენი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანისთვის გაუკეთებია ასე, ვინ მოთვლის. ასე ნამდვილი კაცები და დიდი ადამიანები იქცევიან, თორემ საშუალება ძალიან ბევრს აქვს.
ასეთი გვერდში დგომა გაფრთხილებაა, აბა რაა?! მე, სამწუხაროდ, არ მაქვს იმის დრო, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდე. საქმე ძალიან ბევრია – ჩემი საქმიანობა, ჯგუფი „ალილო“, „ქუჩის მუსიკოსები“, ჩემი ბაღი, რომელიც ყოვლდღიურ საქმიანობას მოითხოვს... აქ უამრავი ნარგავი დამიგროვდა, მაგრამ გასაყიდ მცენარეებს რომ ვხედავ, გულგრილად ვერ ჩავუვლი, მიუხედავად იმისა, რომ ეზოში ადგილი აღარ მაქვს. ვგიჟდები ჩემს მცენარეებზე, მათ მოვლას კი დიდი დრო სჭირდება. არ ვტრაბახობ, მაგრამ ულამაზესი ბაღი მაქვს. გავალ ხოლმე ოთახიდან და დავდივარ ეზოში, რადგან ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის, თან ენერგიით მავსებს. რამდენიმე დღე თუ ვერ ჩამოვედი და რომელიმე მცენარეს წყალი სჭირდება, რომ მოვალ და ამას ვატყობ, მაშინვე დავუსხამ და თითქოს, ფოთლები თავს მიხრიან. შეიძლება, მათი სიყვარულით გავგიჟდი უკვე და მეჩვენება, მაგრამ ცოცხალ ორგანიზმს რომ წყალს უსხამ, ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს...
ამგვარად, საკუთარი თავის მოსავლელად დრო აღარ მრჩება. მგონია, რომ ამას ჩემნაირად ვერავინ გააკეთებს. წარმოიდგინეთ, 40 და 30 წელი, რომ უვლი მცენარეებს, მაგრამ რამენაირად ისე უნდა გავაკეთო, რომ ჩემს ჯანმრთელობასაც მოვუფრთხილდე... ახლაც მისასვლელი ვარ, ექიმები მეუბნებიან, რაღაცები უნდა შევამოწმოთო. ზუსტად ამ ბაღის გამო უნდა წავიდე, რომ კარგად ვიყო და ეს ბაღიც დიდხანს იდგეს ასე ლამაზად.

ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge