სალომე კბილაშვილი ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაა. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ლევანისადმი ქართველი მსმენელის გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა, ალბათ, ყოველთვის უცვლელი დარჩება.
ამჯერად სალომე ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახის წევრებზე ისაუბრა:
„მე ზუსტად ვიცი, რომ მამაჩემის დაავადება ამ ყველაფრით იყო გამოწვეული. დედა და მამა ლევანის საფლავზე დღეში ორჯერ ადიოდნენ. იმ წელს განსაკუთრებულად მკაცრი ზამთარი იყო, მაგრამ ამას არ გაუჩერებია, ისტერიულად დადიოდნენ. თავიდან გვეგონა, რომ მამა გაცივდა, კარგა ხანს არც ამბობდა საკუთარ მდგომარეობას, ალბათ, ფიქრობდა, ჩემი ამბავი რა მოსატანიაო. მერე გვეგონა, რომ ნერვის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ძალიან რომ გართულდა მდგომარეობა, თქვა. ძალიან ცუდად რომ არ ყოფილიყო, კიდევ არ იტყოდა. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დავიწყეთ. დასტაბილურდა, მაგრამ სულ მკურნალობდა. შარშან გაზაფხულზე დედა დაემატა – დედაც ონკოლოგიური პაციენტია. დედა ძალიან მძიმედ იყო. მაისში დავიწყეთ ქიმიები და ოქტომბრამდე ლოგინიდან ვერ დგებოდა. მანამდე დღეში ორჯერ მიდიოდა ლევანიკოსთან, საფლავზე და თვეების განმავლობაში რომ ვეღარ ავიდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა. ლევანიკოს დაბადების დღეზეც კი ვერ შეძლო წამოსვლა და იმდენად ცუდად იყო, იმ საღამოს სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში გადავიყვანე. მამა რომ დედას მდგომარეობას უყურებდა, უფრო ინერვიულა და ვფიქრობ, რომ ამან დააჩქარა მოვლენები. მდგომარეობა გაურთულდა, დეკემბერში საავადმყოფოში სეფსისი დაემართა. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერ გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან.
მამა ლევანიკოზე არ საუბრობდა, უსიტყვოდ გლოვობდა. სახლში ყველგან მისი სურათები გვაქვს და დღეში სამჯერ, მივიდოდა სურათთან, სანთელს აანთებდა და უსიტყვოდ იჯდა. ამხელა დარდმა უკვალოდ არ ჩაიარა, ძალიან შეიცვალა. მამა სპორტსმენი იყო, ძიუდოისტი, ფიზიკურად იმხელა იყო, შეიძლება, ჩვეულებრივ კარში ვერ შესულიყო, მაგრამ ლევანიკოს ამბის შემდეგ, ნახევარი დარჩა.
დედასთან დეიდაჩემი ცხოვრობს მასთან, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს. ჯერ ლევანიკოს ამბავი როგორი გასაძლებია, მერე მამა იყო ძალიან დიდი დასაყრდენი დედასთვის. კერძო სახლი გვაქვს და სულ ერთად ფუსფუსებდნენ. მეც და ჩემი ძმაც ვმუშაობთ და ყოველწუთიერად მასთან ვერ ვართ. მამა და დედა ერთად აკეთებდნენ ყველაფერს, ერთად დადიოდნენ საფლავზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა მამას გარდაცვალებამ, მაგრამ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, იმიტომ, რომ ჩვენც გვჭირდება დედა და ვახსენებთ ხშირად, რომ გვერდით უნდა გვყავდეს ჯანმრთელი. ზუსტად ვიცი, რომ არ გვაჩვენებს საკუთარ მდგომარეობას. ლევანი ჯერ ჩვენთვის რამხელა ტკივილია და მერე დედისთვის – ხომ წარმოგიდგენიათ!“, - ჰყვება სალომე კბილაშვილი.


⭕ ასევე დაგაინტერესეთ
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში მნიშვნელოვანი სიურპრიზი ელოდება
წყარო: tbiliselebi.ge