Digest Logo

„არ ვიცოდი, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი იყო“- ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი

1758099800
ხატია ვიბლიანი

არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ქართველი მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი აცხადებს, რომ დაზარალებული, რომ არასრულწლოვანი იყო, მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მის მიმართ როგორც ამბობს „ბულინგი წავიდა“.

„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი [რომ არასრულწლოვანი იყო], როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე... მე გიჟი არ ვარ... მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე.

ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები.

ამას [ძალადობას] ვაღიარებ, მაგრამ ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან.

მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე“, - თქვა მედიასთან ვიბლიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. 

პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.